5 წუთის საკითხავი
ზოგი ჩვილი, მშობლის მცირედი ხელშეწყობით, მალევე სწავლობს დამოუკიდებლად დაძინებას. ზოგს მშობელი აძინებს მაგრამ პროცესი იმდენად ხანმოკლე და უმტკივნეულოა, რომ არავისთვისაა დამღლელი და შემაწუხებელი. თუმცა ხდება ისეც, რომ ბავშვის დაძინების პროცესი ენერგიებს აცლის და განწყობას უფუჭებს დიდსაც და პატარასაც. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, იქნებ დროა პატარას დამოუკიდებლად დაძინება და ღამით გაღვიძებულზე ძილის შებრუნება ასწავლოთ?
თვითჩაძინების სწავლა არასოდეს არაა გვიან, მაგრამ ყველაზე ოპტიმალურ დროდ, 4-6 თვემდე ასაკი ითვლება. 4 თვის ჩვილს ადვილად შეუძლია ისწავლოს დამოუკიდებლად დაძინება, რადგან ის ჯერ კიდევ არ არის შეჩვეული რწევით, ან ქანაობით დაძინებას. 6 თვისას კი უყალიბდება ძილ-ღვიძილის რეგულარული ციკლი, შეუძლია ღამით დიდხანს იძინოს და მთელი ღამე კვების გარეშე გაატაროს. მაგრამ იმისთვის, რომ პატარას თვითჩაძინების ჩვევა ჩამოუყალიბოთ, ნუ დაელოდებით იმ დროს, როცა ღამით ძუძუს არ მოითხოვს – ეს სულაც არ გულისხმობს ღამის კვებაზე უარის თქმას.პირველი, რითაც უნდა დაიწყოთ არის
:
ყოველდღიური ძილისწინა რუტინა
: თანმიმდევრული ძილისწინა აქტივობები, რაც ჩვილს სწრაფად და მშვიდად ჩაძინებაში ეხმარება;ეცადეთ დღე იყოს პროგნოზირებადი
: შეძლებისდაგვარად უცვლელი გაღვიძების, კვების, დღის ძილის, სეირნობისა და ა.შ. დრო და თანმიმდევრობა;ყურადღება მიაქციეთ დაღლილობისა და ზედმეტი სტიმულაციის ნიშნებს
: თავის ქნევა, ქანაობა, თმების ქაჩვა, კბილების კრაჭუნი, თვალების სრესა, ყურის წვალება, მოუსვენრობა, მთქნარება და ა.შ;სანამ დააწვენთ, დარწმუნდით რომ არაფერი აწუხებს
: კარგად დანაყრებულია, არ აწუხებს დასვრილი საფენი, არ არის ავად ან არ აქვს რაიმე სხვა დისკომფორტი;ხელი შეუწყვეთ, რომ ისწავლოს თვითდამშვიდება
: იმისთვის რომ შეძლოს თვითდამშვიდება რწევა-ქანაობის გარეშე, ჩააწვინეთ საწოლში ძილმორეული, მაგრამ არა მძინარე;ყურადღება მიაქციეთ ძილის უსაფრთხოებას
: დააწვინეთ ზურგზე, თავის საწოლში, მყარ მატრასზე, გამოსაკრავებისა და სათამაშოების გარეშე.
ამერიკაში პოპულარულია ე.წ. „ძილის ტრენინგები“. მშობლები ამას მიმართავენ როცა უნდათ რომ ბავშვს მოკლე დროში, ეფექტურად ასწავლონ თვითჩაძინება.
უმრავლესობა მათგანი ცრემლებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს გავლენას იქონიებს ბავშვის ფსიქიკაზე, ან მშობელ-შვილურ მიჯაჭვულობაზე. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ძილისწინა ტირილი არ იწვევს ქცევის ან ემოციურ სირთულეებს, თუ პატარა საკმარის ყურადღებასა და სიყვარულს იღებს დღის მანძილზე. გარდა ამისა, როცა ყველაფერი სცადეთ და არაფერმა იმუშავა, ძილისწინა საღამოები სავსეა ცრემლებით, ხანდახან საათობითაც კი იწელება და თქვენც და ბავშვიც მუდმივად გამოუძინებელი ხართ, „ძილის ტრენინგები“ უკეთესი გამოსავალი შეიძლება აღმოჩნდეს.
მეთოდების ჩამოთვლას ვიწყებთ ყველაზე მკაცრით (და შესაბამისად, ყველაზე სწრაფით) და ვასრულებთ შედარებით დროში გაწელილი, მაგრამ უმტკივნეულო მეთოდით.
შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია თქვენი მონდომება და პრინციპულობა და არა ის, თუ კონკრეტულად რომელ მეთოდს აირჩევთ, ზუსტად გადმოიტანთ რომელიმე მეთოდს, შეცვლით მას თქვენი ინტერპრეტაციით თუ რამდენიმეს კომბინაციას გამოიყენებთ.
მთავარია იყოთ:
მომთმენი
– თვითჩაძინების ჩვევის განმტკიცებას მინიმუმ ერთი კვირა სჭირდება. თანმიმდევრული – არ დანებდეთ, ბოლომდე მიჰყევით არჩეულ სტრატეგიას.მაგრამ მოქნილი
– დააკვირდით თქვენი პატარას რეაქციებს. თუ ბავშვი ძალიან გეწინააღმდეგებათ, ან ამჩნევთ მისი ქცევისა თუ გუნება-განწყობის გაუარესებას, თქვენი მცდელობა ერთი კვირით გადადეთ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩამოთვლილი სტრატეგიები არ იმუშავებს და მეტიც, ისინი სტრესული შეიძლება იყოს თქვენი პატარისთვის თუ დღის წესრიგში არ გექნებათ ძილისწინა რუტინა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობები.
გამოტირების მეთოდი (Cry it out)
მეთოდი გულისხმობს რომ თუ საწოლში დაწვენილი ჩვილი ატირდება, არ შეხვიდეთ ოთახში მის დასამშვიდებლად და აცადოთ დამოუკიდებლად დაძინება.
შეიძლება მეთოდი ძალიან სასტიკი ჩანდეს, მაგრამ ის უფრო ძნელი შესასრულებელია მშობლისთვის, ვიდრე პატარისთვის. თუ თანმიმდევრული იქნებით, შედეგი რამდენიმე ღამეში შეიძლება დადგეს, მაგრამ თუ ვერ გაუძლებთ და დასაწყნარებლად შეხვალთ, ან სულაც ხელში აიყვანთ, ქვეცა განუმტკიცდება და შედეგ ჯერზე უფრო ძლიერად იტირებს სასურველის მისაღებად.
ფერბერის მეთოდი
თუ გიჭირთ უსმინოთ ბავშვის ტირილს ისე, რომ არაფრით ანუგეშოთ, მაშინ ფერბერის მეთოდი სცადეთ.
ამ შემთხვევაში მშობელი რეაგირებს ბავშვის ტირილზე, მაგრამ არა დაუყოვნებლივ. მაგ: პირველ წამოტირებაზე შედიხართ 2 წუთში, მომდევნოზე 5 წუთში და ა.შ. მწოლიარესავე ეფერებით, მიუალერსებთ, მაგრამ არ გაჩერდებით მასთან წუთზე მეტ ხანს. ინტერვალები ასევე იზრდება ყოველ მომდევნო ღამეს იქამდე, სანამ პატარა თვითდამშვიდებას არ ისწავლის და თქვენი დახმარების გარეშე არ დაიძინებს.
თანმიმდევრულობა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სკამის მეთოდი
ეს მეთოდი ძილის წინ მშობლის როლის თანდათანობით შემცირებას გულისხმობს. სტრატეგია მეტად ეფექტურია 9 თვის ზევით ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ განშორების შფოთვა, როცა მშობელი ოთახში მარტოს ტოვებს.
ამ შემთხვევაში არ გადიხართ ბავშვის ოთახიდან სანამ ის არ დაიძინებს. ჯდებით საწოლთან ახლოს და თუ ატირდება, ანუგეშებთ ზურგზე ხელის მოთათუნებით და თბილი სიტყვებით, მაგრამ არ აგყავთ ხელში. ყოველ მომდევნო საღამოს, სკამს დგამთ შედარებით მოშორებით იქამდე, სანამ კარს არ მიუახლოვდებით. საბოლოოდ კი – გადიხართ ოთახიდან.
ეს მეთოდი შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ზოგმა პატარამ შეიძლება უფრო ძლიერად იტიროს როცა მშობელი მასთან ეგულება. ხოლო ოთახში მშობლის ყოფნას მიჩვეული ბავშვისთვის, ერთ დღეს მშობლის გაუჩინარება შეიძლება გახდეს ცრემლების ახალი საბაბი.
გაქრობის მეთოდი
ეს უფრო რეჟიმში ჩასმაა ვიდრე წვრთნა. მშობელი ცდილობს ბავშვი მიაჩვიოს ისეთ დროს დაძინებას, რაც ეწყობა ოჯახის რეჟიმს. თავიდან მშობელი ეძებს იმ დროს, რა დროსაც ბავშვს ყველაზე ადვილად დაეძინება. თუ მაგალითაც ბავშვი ტირის როცა საწოლში აწვენენ საღამოს 8-ზე, მშობელი დააწვენს 8.30-ზე. მას მერე, რაც მშობელი იპოვის ბავშვისთვის ყველაზე კომფორტულ დროს, ყოველ მომდევნო ან მეორე საღამოს, ამ დროს გადმოწევს 15 წუთით ადრე (ან გვიან) იქამდე, სანამ სასურველ დროს არ მიუახლოვდება. რეჟიმის დასარეგულირებლად, ასევე შეგიძლიათ გააღვიძოთ დილით და გამოატოვებინოთ დაუგეგმავი დღის ძილი.
მეთოდი ხშირად გამოიყენება თვითჩაძინების სხვა სტრატეგიებთან ერთად, რაც პატარებს ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში ეხმარება.
უცრემლო მეთოდი
უცრემლო მეთოდი შედარებით რბილია და მას ხშირად იყენებენ თანამედროვეობაში. ის გულისხმობს რომ გქონდეთ რეაქცია მაშინვე, როგორც კი თქვენი პატარა ატირდება. აიყვანოთ, დაამშვიდოთ, მაგრამ დააწვინოთ მაშინვე, როგორც კი დაწყნარდება. შემდეგ კი გახვიდეთ ოთახიდან.
ეცადეთ არ უპასუხებთ ნებისმიერ ხმაურს რასაც ჩვილი გამოსცემს. ზოგ პატარას უბრალოდ ხმაურიანად სძინავს – აცადეთ თავად დაწყნარდეს. ასევე, განასხვავეთ ნამდვილი ტირილი მსუბუქი წამოტირებისგან და მხოლოდ ამის მერე შედით ოთახში.
როცა ბავშვის დასაწყნარებლად მიხვალთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. აანთეთ სუსტი შუქი და წყნარად ესაუბრეთ. აგრძნობინეთ, რომ ღამე თამაშის დრო არ არის. ნურც საფენის გამოცვლით გამოაფხიზლებთ, თუ ძალიან არ უსველდება ღამის მანძილზე.
ამ მეთოდს სჭირდება გაცილებით მეტი დრო და გამძლეობა, მაგრამ თუ თქვენ საერთოდ ვერ უძლებთ ჩვილის ტირილს, ეს მეთოდი სწორედ თქვენთვისაა. განსაკუთრებით, თუ ბავშვი იმ ასაკისაა, რომ უჭირს გაიგოს რატომ არ პასუხობენ დაუყოვნებლივ მის ტირილსა და მოთხოვნებს. 3-4 წლის ბავშვი უკვე იგებს, როცა მშობელი აუხსნის თუ რატომ არ აჰყავს ხელში, რატომ ზის სკამზე, ან რატომ გადის ოთახიდან.
გირჩევთ თავიდან უცრემლო მეთოდით სცადოთ დაწყება. მაგრამ არის შემთხვევები, რომ მიუხედავად ბავშვის ასაკისა, თუნდაც გამოტირების მეთოდის გამოყენება შეიძლება სჯობდეს იმას, რაც ყოველ საღამოს ბავშვის დაძინებას მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ისევ და ისევ – გადაწყვეტილება თქვენზეა.
მას მერე რაც შედეგზე გახვალთ, ნუ იფიქრებთ რომ ამის მერე პატარას ყოველ ღამე მშვიდად ეძინება. მეტიც – 3 წლამდე ასაკში ხშირია ძილის რეგრესიაც, რაც ხდება მაგ. ავადობის, ან სხვასთან დატოვების მერე. ასეთ დროს შეიძლება ყველაფრის გავლა თავიდან მოგიწიოთ.
მაგრამ, თუ თქვენს პატარას ახალშობილობიდანვე შეუწყობთ ხელს ზემოთ ჩამოთვლილი ჯანსაღი ძილის ჩვევების ჩამოყალიბებაში (ძილისწინა რუტინა, უსაფრთხო ძილი, თვითდამშვიდება და ა.შ), იქნებ თქვენი განსაკუთრებული ჩარევის გარეშეც ისწავლოს თვითჩაძინება.