6 წუთის საკითხავი

ძილისწინა რუტინული თანმიმდევრული აქტივობები ჩვილს სწრაფად და მშვიდად ჩაძინებაში ეხმარება.
ყველას გვაქვს საღამოს რუტინა. ეს შეიძლება იყოს კბილების გამოხეხვა, თავის მოწესრიგება, საღამურის ჩაცმა და სხვა… იგივე თანმიმდევრული მოქმედებები სჭირდება ჩვილსაც რათა მიხვდეს, რომ დღის აქტიური პერიოდი სრულდება და მშვიდი ღამის საათების დრო დგება. ეს მოქმედებები ასოციაციურად დაკავშირდება ძილთან და ჩვილს შესაბამის განწყობას შეუქმნის, რაც მომავალში – თვითჩაძინებაშიც დაეხმარება.

სწორი რუტინის დახმარებით, საღამოს ეს მონაკვეთი შეიძლება გახდეს ყველაზე მყუდრო და მშვიდი დრო, რომელსაც შვილთან ურთიერთობაში გაატარებთ. საწინააღმდეგოდ იმისა, რაც ბევრ ოჯახში ბავშვების დაძინების მცდელობას მოჰყვება ხოლმე.
დაგეგმეთ ისეთი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს სიახლოვეს და ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. ეს სასურველია განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა დღის მანძილზე ვერ ახერხებთ თქვენს პატარასთან ხარისხიანად დროის გატარებას.

რას გულისხმობს რუტინა?

რუტინის დადგენა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შესრულება. ამაზე მეტყველებს ის მრავალი წიგნი თუ სტატია, რაც ამ თემაზე დაწერილა და იწერება. ამიტომ, თუ ძილის სირთულეები თქვენთვისაც ახლობელი თემაა – მარტო არ ხართ. თუმცა ბავშვის დაძინების სანდო და გამოცდილი მეთოდები შეიძლება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს ძილის პრობლემის მოსაგვარებლად.
არ არსებობს ზუსტი სქემა ძილისწინა რუტინისა – ყველა ოჯახი თავისი განრიგის მიხედვით არჩევს აქტივობებსა და მათ მიმდევრობას. ექსპერტები გვირჩევენ ჩავრთოთ რუტინაში 4 ძირითადი კომპონენტი: კვება ( ძუძუთი ან ბოთლით), ჰიგიენა (აბაზანა, პირის ღრუს მოვლა, საფენის გამოცვლა), კომუნიკაცია (კითხვა, სიმღერა) და ფიზიკური კონტაქტი (ჩახუტება, კოცნა, დამამშვიდებელი მასაჟი). არაერთი ბავშვის ფსიქოლოგი გვირჩევს შემდგომ აქტივობებს:

ჩვენ რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ – იფიქრეთ რა იმუშავებს ყველაზე კარგად თქვენს პატარასთან:

  • აბაზანა: თბილი აბაზანა ყველას გვამშვიდებს. ამიტომ, ეს ბევრ ოჯახში ძილისწინა რუტინის საყვარელი ნაწილია. მაგრამ თოთო კანი რომ გამოშრობისგან დაიცვათ, ნუ დაბანთ კვირაში სამზე ხშირად. მითუმეტეს, თუ ბანაობა სულაც არაა ჩვილის საყვარელი საქმიანობა. მოზრდილ ასაკში კი შეგიძლიათ მხოლოდ წყლის გადავლებას დასჯერდეთ.
  • ბოლო კვება ჩახუტებით: შესთავაზეთ ძუძუთი ან ბოთლით კვება უშუალოდ დაძინებამდე, რათა შეავსოთ „რეზერვუარი“ და ჩვილმა მეტ ხანს იძინოს. ჭამის შემდეგ პატარას აუცილებლად სჭირდება ღრძილების ან კბილების გაწმენდა (დაიწყეთ პირის ღრუზე ზრუნვა შეძლებისდაგვარად ადრე), ამიტომ თუ პატარას კვების დროს ეძინება, რუტინის ეს ნაწილი აბაზანამდე გადაიტანეთ.
  • თამაში: ჩვილთან ერთად ხანმოკლე და მშვიდი თამაში (მაგ: ჭიტა), კარგი საშუალებაა ძილისწინა ურთიერთობისთვის და თბილი გრძნობების გაზიარებისათვის.
  • საუბარი: ურთიერთობის კიდევ ერთი გზაა საუბარი, რომელიც ისეთი აქტივობების დროს შეგიძლიათ, როგორიცაა მაგ: ბანაობა, ჰიგიენური პროცედურები და სხვა. მოუყევით პატარას ჩავლილ დღეზე – მას ძალიან ამშვიდებს საყვარელი ადამიანის ხმის გაგონება.
  • „ღამე მშვიდობისა დათუნია“: ზოგ ჩვილს ძალიან უყვარს როცა ძილის წინ თავის საყვარელ სათამაშოებთან, ნივთებთან ან ადამიანებთან მიიყვანენ და ყველას სათითაოდ ემშვიდობებიან.
  • ძილისპირული ზღაპარი: ეს ყველა დროის რჩეული ძილისწინა რიტუალია. კვლევები აჩვენებს, რომ გარდა უბრალოდ სიტყვების სწავლისა, ყოველდღიური ძილისპირული ზღაპარი ავითარებს სამეტყველო და სააზროვნო უნარებს. ამასთან, ეს ძალიან კარგი საშუალებაა თქვენს პატარასთან დროის გასატარებლად.
  • იავნანა: იავნანა ყველაზე ძველი და დროში გამოცდილი ძილისპირული რიტუალია. მიუხედავად იმისა შეგიძლიათ თუ არა ეს, ჩვილს ძალიან სიამოვნებს საყვარელი ადამიანის ხმით ნამღერი მშვიდი მელოდიები.
  • თეთრი ხმაური: საშვილოსნო საკმაოდ ხმაურიანი ადგილია, ამიტომ ჩვილისთვის სიჩუმეში ყოფნა სულაც არაა ბუნებრივი მდგომარეობა. ამის გამოა რომ თეთრ ხმაურს (წვიმის, ფენის ხმა) ან მსგავს მონოტონურ ხმებს მისთვის დამამშვიდებელი მოქმედება შეიძლება ჰქონდეს.
  • მუსიკა: ჩაურთეთ კლასიკური მუსიკა, საბავშვო სიმღერები, იავნანა ან სხვა პატარას საყვარელი მშვიდი მელოდიები, სანამ დააძინებთ. მას მერე რაც საწოლში ჩააწვენთ, ხმას ნელ-ნელა დაუწიეთ. ამით ჩვილს სიფხიზლიდან ძილში გადასვლაში დაეხმარებით და ცოტათი გარე ხმაურსაც გადაფარავთ. 
  • მასაჟი: შეხება, ჩვილის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა, რაც მისი ტვინის განვითარებისათვისაც აუცილებელია. მასაჟი აკმაყოფილებს შეხების მოთხოვნილებას და ამასთან, მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავებას უწყობს ხელს. დააწვინეთ პატარა რბილ ზედაპირზე და გამოიყენეთ ბავშვის ზეთი ან ლოსიონი. თუ ოთახში თბილა, გახადეთ ტანსაცმელი და ნაზად წაუსვით ხელები ტანზე. კარგად დააკვირდით ბავშვის რეაქციებს, რომ დროულად შეამჩნიოთ თუ რა სიამოვნებს, ან პირიქით. 

რა გავითვალისწინოთ აქტივობების დაგეგმვისას?

შეიძლება გაიფიქრეთ: „ამას ხომ მეც ვაკეთებ? მაშინ რატომაა მისი დაძინება ასეთი დამღლელი?“  დიახ, ძილისწინა რუტინა სხვა არაფერია, რაც თქვენს ყოველდღიურობაში ისედაც მუდმივად ხდება: აბაზანის მიღება, საფენის გამოცვლა, საღამურის ჩაცმა, ძილის წინ ზღაპრის კითხვა და სხვა.
მაგრამ ჩვენ გვინდა ამ აქტივობების დახმარებით ბავშვს დამოუკიდებლად ჩაძინება და ღამით გაღვიძებისას – ძილის შებრუნება ვასწავლოთ. მაშინ როგორ მივაღწიოთ ამას? რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შესრულებისას?

  • როდის დავიწყოთ: რუტინაზე ზრუნვა 6-8 კვირის ვადიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. უფრო ადვილია ჩვილი თავიდანვე მიაჩვიოთ სწორ ძილს, ვიდრე უკვე არეული რეჟიმი დაალაგებინოთ. მაგრამ, თუ თქვენს 4 წლის პატარას არ აქვს ჩამოყალიბებული ჯანსაღი ძილის ჩვევები, არ იფიქროთ რომ დააგვიანეთ – დაწყებას ყოველთვის აქვს აზრი.  
  • მუდმივობა და თანმიმდევრულობა: ეცადეთ რუტინა დაიწყოთ ერთსა და იმავე დროს, უცვლელი თანმიმდევრულობით. ბავშვი ეჩვევა ძილისწინა აქტივობებს და იცის რის მერე რას ელოდოს. ცხადია ხანდახან ცვლილებებიც მოგიწევთ. დროდადრო შეიძლება გამოტოვოთ რუტინის ნაწილი ან მთლიანი რუტინაც კი. მაგრამ ნუ იდარდებთ ამის გამო – ბავშვი ისწავლის და შეეგუება, რომ ხანდახან ასეც ხდება.
  • აქტივობების შერჩევა: სცადეთ სხვადასხვა აქტივობები, დააკვირდით ბავშვის რეაქციებს, გადახედეთ თქვენს შესაძლებლობებს და მხოლოდ ამის მიხედვით შეიმუშავეთ გეგმა. ეცადეთ შეინახოთ საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ დღის ბოლოს რუტინულად დასრულება შეძლოთ.
  • ხანგრძლივობა: ზედმეტად ნუ გადატვირთავთ – რუტინა უნდა იყოს მარტივი და მოკლე (15-20 წუთი ან ცოტა მეტი, როცა აბაზანაც შედის). მცირე ასაკის ჩვილებთან შეგიძლიათ ხანმოკლე რუტინა. მაგ: საფენის გამოცვლა, კვება, კოცნა და მშვიდი მუსიკის ან თეთრი ხმაურის ჩართვა. ზრდასთან ერთად კი რუტინაც ბავშვის საჭიროებებს მოარგეთ. მაგალითად, აბაზანა შეიძლება სულაც აღარ იყოს მომადუნებელი და პირიქით – ჭყუმპალაობასა და აქტიურობას უკავშირდებოდეს. ასეთ დროს აბაზანის რუტინის დასაწყისში გადატანა აჯობებს. 
  • დააწვინეთ ერთსა და იმავე ადგილას: თუ ჩვილს მანქანის სავარძელში ან საქანელაში ჩაეძინება, ეცადეთ მალე გადააწვინოთ თავის საწოლში. ეს არა მარტო მშვიდი ძილის გარანტიაა, SIDS-ის რისკსაც ამცირებს.
  • შექმენით მშვიდი გარემო: ჩვილმა რომ ერთმანეთისგან გაარჩიოს – დღე უნდა იყოს ნათელი და დატვირთული, ღამე კი – ბნელი და მშვიდი. გამორთეთ ტელევიზორი და ხმაურიანი სათამაშოები, დატოვეთ სუსტი განათება, ჩამოაფარეთ ფარდები თუ ჯერ კიდევ ნათელია. ფარდები დილის ძილსაც მცირედით გაახანგრძლივებს.  
  • დააკვირდით ძილიანობის სიგნალებს: დააწვინეთ საწოლში ძილმორეული, მაგრამ არა მძინარე – მიეცით საშუალება თვითონ დაიძინოს. ცხადია, შეიძლება ხშირად მოგიწიოთ მისი საწოლიდან ამოყვანა და ხელახლა მიძინება, მაგრამ არ დანებდეთ. თუ ჩვილი მკლავებში დაძინებას მიეჩვევა, მომავალში ეს მეტ სირთულეებს შეგიქმნით.  
  • მოემზადეთ ტირილისთვის: ზოგიერთი პატარა რამდენიმე წუთის განმავლობაში ტირის დაძინებისას ან ღამით გაღვიძებისას. ამაში ცუდი არაფერია თუ მალევე წყნარდება და თქვენთვისაც ჩვეული ამბავია. მაგრამ თუ ტირილი გაჭიანურდა, ნუ დატოვებთ პატარას უყურადღებოდ.   
  • დღის ძილის რუტინა: შეკვეცეთ ღამის რუტინა და მოარგეთ ის დღის ძილსაც. ძილთან დაკავშირებული აქტივობები პატარას შესაბამის განწყობას შეუქმნის და ჩაძინებას გაუადვილებს.

რა არის ის, რაც ასე ართულებს ხოლმე პატარას დაძინებას?

  • აქტიური თამაშები ძილის წინ: დაძინებამდე 30-60 წუთით ადრე მოერიდეთ ისეთ მასტიმულირებელ აქტივობებს, როგორიცაა აქტიური თამაშები და განსაკუთრებით, ელექტრონული მოწყობილობები.
  • ფიქრობთ, რომ ძილი თავისით მოწესრიგდება: იშვიათად, რომ ბავშვმა თავისით ჩამოიყალიბოს ჯანსაღი ძილის ჩვევები. სირთულეები შეიძლება სასკოლო ასაკამდეც გაუგრძელდეს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ რუტინაზე და ძილის რეჟიმზე მუშაობას, მით მალე მიიღებთ სასურველ შედეგს.
  • ცუდი ასოციაციები: როცა ბავშვი იძინებს რწევით, ხელში აყვანილი, ხელის დადებით ან დედის მკერდში ხელის ჩაყოფით, ღამე გაღვიძებულიც აუცილებლად დაგიძახებთ, რომ ისევ მიეხმაროთ დაძინებაში.

როგორც უკვე ვთქვით, რუტინის დადგენა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შესრულება. მაგრამ ეს არ ნიშნავს შეუძლებელს. შეიძლება ამ პროცესში ბევრ სირთულეს წააწყდეთ და დაგჭირდეთ დიდი მოთმინება, მაგრამ ყოველთვის იფიქრეთ საბოლოო შედეგზე. ძილის ჩვევების სწავლაზე დახარჯული დრო და ენერგია ძალიან მცირედია იმასთან შედარებით, რაც წლიდან-წლამდე ყოველდღიურად იხარჯება ბავშვის დაძინებაზე.