4 წუთის საკითხავი
რა გავლენა აქვს ადრეული ბავშვობის ემოციურ კავშირებს ჩვენს დღევანდელ ურთიერთობებზე?
რატომ ხდება ისე, რომ ზოგ ადამიანს შეუძლია მჭიდრო და უსაფრთხო კავშირების დამყარება, ზოგი კი პირიქით – უნდობლად ეკიდება და გაურბის ახლო ურთიერთობებს?
ამ კითხვებს პასუხობს მიჯაჭვულობის თეორია, რომელიც XX საუკუნეში ჩამოაყალიბა ინგლისელმა ფსიქოანალიტიკოსმა ჯონ ბოულბიმ. მან მიჯაჭვულობა აღწერა, როგორც ადამიანებს შორის ხანგრძლივი ფსიქოლოგიური კავშირი, რომელიც იწყება ჩვილობის ასაკში და გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე როგორც ბავშვობაში, ისე – ზრდასრულობაში.
თავდაპირველად, მიიჩნეოდა, რომ ჩვილის მშობელთან მიჯაჭვულობა მხოლოდ ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებით ყალიბდებოდა — მაგალითად, კვებით. ბოულბიმ კი აჩვენა, რომ ჩვილს აქვს მზრუნველთან მჭიდრო და სანდო კავშირის თანდაყოლილი მოთხოვნილება, არა იმდენად ფიზიკური გადარჩენისთვის, რამდენადაც – ემოციური უსაფრთხოებისთვის.
ეს კავშირი ქმნის მოდელს, რომლის მიხედვითაც ბავშვი სწავლობს, რას ელოდოს სხვებთან ურთიერთობისას. შაბლონს, რომელსაც თან ვატარებთ ზრდასრულობაშიც.
ჰარლოუს მაიმუნები: სითბოს ძალა
1950-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰარი ჰარლოუმ ექსპერიმენტებით აჩვენა, რომ მიჯაჭვულობა შედეგია არა კვებისა, არამედ – ემოციური სიახლოვისა და სითბოსი. მან ახალშობილი მაიმუნები განათავსა ორ ხელოვნურ „დედასთან“: ერთს რძის ბოთლი ჰქონდა, მაგრამ იყო მავთულისა, მეორე კი – რბილი ქსოვილით იყო დაფარული. მაიმუნები საკვების მისაღებად მიდიოდნენ მავთულის დედასთან, მაგრამ ემოციური კომფორტისთვის რბილ „დედასთან“ რჩებოდნენ — ეხვეოდნენ, ეძებდნენ სიახლოვეს და მასთან გრძნობდნენ უსაფრთხოებას.”
ჰარლოუს ექსპერიმენტს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ეთიკური თვალსაზრისით და მსგავსი ცდები დღეს აკრძალულია. თუმცა, მისი აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანია მიჯაჭვულობის ბუნების შესახებ.
მერი ეინსვორთის „უცხო სიტუაციის” ექსპერიმენტი და მიჯაჭვულობის ტიპები
1970-იან წლებში ფსიქოლოგმა მერი ეინსვორთმა შექმნა ექსპერიმენტი სახელწოდებით „Strange Situation“ (უცხო სიტუაცია), რომელიც დღეს მიჩნეულია მიჯაჭვულობის შესწავლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდად.
მას 9-18 თვის ასაკის ჩვილები დედასთან ერთად შეჰყავდა დაკვირვების ოთახში, შემდეგ კი დედა ოთახს ტოვებდა და ბავშვი დროებით მარტო, ან უცნობთან ერთად რჩებოდა. დედის წასვლისა და დაბრუნების შემდეგ ბავშვების რეაქციების მიხედვით ეინსვორთმა გამოყო მიჯაჭვულობის სამი ძირითადი ტიპი:
1. უსაფრთხო
– მშობელთან ყოფნისას ბავშვი თავს გრძნობს უსაფრთხოდ – ენდობა მას. მშობლის წასვლა შესაძლოა განიცადოს, მაგრამ დაბრუნებისას სწრაფად მშვიდდება. ზრდასრულებში, ასეთ პიროვნებას აქვს უნარი დაამყაროს ახლო და მყარი კავშირები. აქვს მაღალი თვითშეფასება, იცავს როგორ საკუთარ, ისე პარტნიორის პიროვნულ საზღვრებს და ინარჩუნებს ემოციურ სტაბილურობას.
2. ამბივალენტური (ურთიერთსაწინააღმდეგო), მშფოთვარე
– პატარა ძლიერ განიცდის მშობლის წასვლას და ვერც მისი დაბრუნების შემდეგ მშვიდდება – თითქოს არ პატიობს, განაწყენებულია. ასეთი ქცევა შედეგია მომვლელის მიმართ უნდობლობისა, რაც დაახლოებით იმავე ფორმით გამოიხატება ზრდასრულობაშიც. პათოლოგიური უნდობლობის გამო, ასეთი ადამიანი ეჯაჭვება პარტნიორს და მუდამ თან სდევს მიტოვების შიში.
3. განრიდებული -
ბავშვი თითქოს არ რეაგირებს არც წასვლაზე და არც დაბრუნებაზე. ეს ტიპი ხშირად ვითარდება უყურადღებო ან ემოციურად ცივ მზრუნველთან. მომავალში ისინი გაურბიან ახლო ურთიერთობებსა და ემოციურ სიახლოვეს და თვითკმარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
მოგვიანებით, ფსიქოლოგებმა დაამატეს მეოთხე ტიპი:
4. დეზორგანიზებული (არასტაბილური)
– ბავშვი ავლენს წინააღმდეგობრივ ქცევებს. მისთვის მშობელი ერთდროულად არის როგორც უსაფრთხოების, ისე შიშის წყარო. ასეთი მიჯაჭვულობა ხშირად ვითარდება ტრავმულ ან ძალადობრივ გარემოში, ან მზრუნველის არათანმიმდევრული აღზრდის სტილის საპასუხოდ. ზრდასრულობაში შეიძლება გამოიხატოს ქაოსური, არამდგრადი ურთიერთობებითა და საკუთარ ემოციებში ვერ გარკვევით.
როგორ ყალიბდება მიჯაჭვულობა?
ფსიქოლოგებმა რუდოლფ შაფერმა და პეგი ემერსონმა ჩაატარეს გრძელვადიანი კვლევა 60 ჩვილზე და აღწერეს მიჯაჭვულობის ოთხი ეტაპი:
1. მიჯაჭვულობამდელი ეტაპი (0-3 თვე):
ჩვილი ჯერ კიდევ არ არჩევს კონკრეტულ მზრუნველს, თუმცა ტირილით ან ღიმილით აქტიურად იზიდავს ზრდასრულების ყურადღებას და ამგვარად ქმნის საფუძველს ემოციური კავშირისთვის.
2. არაშერჩევითი მიჯაჭვულობა (~6 კვირიდან 7 თვემდე):
ბავშვი იწყებს ნაცნობებისა და უცნობების გარჩევას უპირატესობას ძირითად მზრუნველს ანიჭებს, თუმცა ჯერ კიდევ იღებს ზრუნვას სხვებისგანაც.
3. შერჩევითი მიჯაჭვულობა (~7-11 თვე):
ბავშვი აშკარად ირჩევს მთავარ მიჯაჭვულობის ფიგურას, ავლენს შფოთვას განშორებისას და შიშს უცხოებთან.
4. მრავლობითი მიჯაჭვულობა (~9 თვიდან):
ბავშვს უვითარდება მტკიცე ემოციური კავშირები სხვა ახლობლებთანაც — მამა, ბებია-ბაბუა, და-ძმა და ა.შ.
მიჯაჭვულობის გავლენა ზრდასრულის ცხოვრებაზე
როცა ზრდასრულები სწრაფად და თანმიმდევრულად რეაგირებენ ჩვილის (განსაკუთრებით, ემოციურ) საჭიროებებზე, ბავშვი იძენს სანდო მიჯაჭვულობის ობიექტს/ობიექტებს. ასეთ კავშირებს პატარისთვის აქვს ისეთი საიმედო თავშესაფრის ფუნქცია, რომელიც მუდამ ეგულება, როცა ამის საჭიროება დაუდგება. ეს ყველაფერი ბავშვს დაეხმარება გახდეს თავდაჯერებული და დამოუკიდებელი, არ შეუშინდეს სიახლეებსა და ექსპერიმენტებს, ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება და აკადემიური მოსწრება. უკვე ზრდასრულს კი – კარგი სოციალური უნარები სანდო და მყარი კავშირების დასამყრებლად.
ჩვილები, რომლებიც იზრდებიან უყურადღებოდ — მაგალითად, ბავშვთა სახლებში ან არაპროგნოზირებად გარემოში, არიან ძალადობის მსხვერპლი და ა.შ., ხშირად ვერ პოულობენ სანდო მიჯაჭვულობის ობიექტს და გარემოს მიმართ უნდობლობა უყალიბდებათ. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს მიჯაჭვულობის აშლილობები, რაც სუსტ სოციალურ უნარებში აისახება. მაგალითად: ის ხშირად დისტანცირებულია და გაურბის ახლო კავშირებს ან პირიქით, ზედმეტად ფამილიარულია და არ აქვს პიროვნული საზღვრები.
მიუხედავად იმისა, რომ არასაიმედო მიჯაჭვულობის გამოცდილებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ზრდასრულის ცხოვრებაზე, ადამიანი ყოველთვის შეუძლია განავითაროს ახალი, ჯანსაღი ურთიერთობების უნარი — თვითშეცნობისა და საჭიროების შემთხვევაში, თერაპიის დახმარებით.
დასკვნა
მიჯაჭვულობის თეორიის თანამედროვე გაგებაზე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბოულბის, ეინსვორთის და ჰარლოუს კვლევებმა. ამ ნაშრომებმა, მთელს მსოფლიოში საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა ემოციური განვითარებისა და მშობელ-შვილურ ურთიერთობათა ღრმა კვლევას. მათ უკუაგდეს გავრცელებული აზრი, რომ ალერსი და სითბო ბავშვს „აფუჭებს“ და მშობლებს უბიძგეს მეტი ყურადღება მიექციათ შვილებთან ემოციურ კავშირზე. დღეს მკვლევრები აღიარებენ, რომ ჩვილის ადრეული ურთიერთობები მათ მზრუნველებთან კრიტიკულ როლს თამაშობს ჯანსაღ განვითარებაში. ხოლო ზრდასრულობაში, ასეთ კავშირებს ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს სოციალურ, და განსაკუთრებით, რომანტიკულ ურთიერთობებზე.