3 წუთის საკითხავი
ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა არის ბავშვის მიმართ ისეთი სიტყვიერი ან ქცევითი მოპყრობა, რომელიც აზიანებს მის თვითშეფასებასა და ემოციურ კეთილდღეობას. ბავშვი იღებს შეტყობინებებს, რომლებიც აგრძნობინებს, რომ ის უსარგებლო, მიუღებელი ან არასასურველია.
ემოციური ძალადობის მაგალითებია: ბავშვის უგულებელყოფა, მასთან ურთიერთობის შეწყვეტა, გარიყვა, გულგრილობა, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის ნაკლებობა, მისი ძირითადი ფიზიკური, ემოციური ან საგანმანათლებლო საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, შეხების შეზღუდვა, ჩხუბი, ყვირილი, დაშინება, დამცირება, უსამართლო მოპყრობა, დასჯა, აკრძალვები, დაცინვა, სარკაზმი, შერცხვენა, სხვებთან შედარება, უარყოფითი იარლიყების მიწებება, ასაკისთვის შეუსაბამო მოთხოვნების წაყენება რაიმეს გაკეთების იძულება და სხვა.
ემოციური ძალადობა ფარულია – ის ფიზიკურ ნიშნებს არ ტოვებს, მაგრამ მისი გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე არანაკლებ მტკივნეულია და ხშირად მძიმე შედეგებს იწვევს.
ხანდახან მშობლებმა შეიძლება დაკარგონ თავშეკავება და ბრაზის ან სტრესის დროს ბავშვს დაუყვირონ ან შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრან. თუმცა, ძალადობად მაშინ ითვლება, როდესაც ასეთი ქცევა სისტემატური ხდება და ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად მეორდება.
ემოციური ძალადობა მძიმე კვალს ტოვებს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე და მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევს. მისი გავლენა სხვადასხვა ფორმით ვლინდება:
- მუდმივი ბრალეულობისა და არასასურველობის განცდა;
- გარიყულობის, უსუსურობისა და მარტოობის განცდა, რაც ართულებს ნდობის ჩამოყალიბებას და მჭიდრო ურთიერთობების შექმნას;
- მომატებული შფოთვა და სხვადასხვა შიშები;
- თვითშეფასების მკვეთრი დაქვეითება;
- დეპრესიისკენ მიდრეკილება;
- ქცევითი და ფსიქოლოგიური დარღვევების გაზრდილი რისკი;
- პოტენციური მოძალადის ჩამოყალიბების საფრთხე;
- მოგვიანებით, მავნე ნივთიერებების ბოროტად გამოყენების რისკის ზრდა.
ბავშვისთვის თითქმის შეუძლებელია ემოციური ძალადობისგან თავდაცვა, რადგან:
- რთულია გააცნობიეროს, რომ თავად არის ძალადობის მსხვერპლი;
- თუნდაც გააცნობიეროს, ხშირად ვერ პოულობს სიტყვებს საკუთარი ტკივილის გამოსახატად;
- ემოციური ძალადობა უხილავია – ის ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, რაც ართულებს მის დამტკიცებას;
- მოძალადის მიმართ ბრალის წაყენება პრაქტიკულად შეუძლებელია მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ამ მიზეზებით, ბავშვები ხშირად რჩებიან დაუცველნი და ემოციური ძალადობა დიდხანს შეუმჩნეველი რჩება.
როდის უნდა გაგვიჩნდეს ეჭვი, რომ ბავშვი ემოციური ძალადობის მსხვერპლია?
- მეტყველების დარღვევები – ენაბორძიკობა, გაუმართავი საუბარი;
- ფსიქოსომატური ჩივილები – ხშირი თავისა და მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, შარდის შეუკავებლობა (ენურეზი), გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ტემპერატურის მომატება;
- დაბალი თვითშეფასება – თვითკრიტიკა („სულელი ვარ, არაფერი გამომდის“), საკუთარი შესაძლებლობების დაუფასებლობა;
- თავდაჯერების ნაკლებობა და იზოლირება – ემოციური გაუწონასწორებლობა, გარიყულობა;
- თვითდაზიანება ან აგრესია – საკუთარი თავის ან სხვების დაზიანებისკენ მიდრეკილება;
- დეპრესიული მდგომარეობა – პასიურობა, ინიციატივის ნაკლებობა, ასაკისთვის შეუფერებელი სევდა;
- მშობლებისა და ზრდასრულების შიში – მათ მიმართ უარყოფითი ფრაზების გამოყენება;
- ასაკისთვის შეუფერებელი ქცევები – მაგალითად, თითის წოვა დაწყებით კლასებში ან უფრო მოგვიანებით;
- გაუცხოება ოჯახის წევრებისგან – ემოციური დისტანცია, კომუნიკაციის არიდება;
- გარეგნულად ჩაკეტილობა და ემოციური იზოლაცია;
- ხშირი ტყუილები და თავის მართლების მოთხოვნილება;
- აკადემიური უნარების გაუარესება – სწავლისადმი ინტერესის დაკარგვა, მოტივაციის ნაკლებობა;
- დამოუკიდებლობის არქონა – ზედმეტი დამოკიდებულება უფროსებზე, გაუბედაობა.
თუ ბავშვს ამ ნიშნებიდან რამდენიმე აღენიშნება, მნიშვნელოვანია, რომ მის გრძნობებს ყურადღებით მოვეკიდოთ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტს მივმართოთ.
უგულებელყოფა – ძალადობის უხილავი ფორმა
უგულებელყოფა ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი ფორმაა. ეს ნიშნავს, როდესაც მშობელი ან მეურვე არ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელ საჭიროებებს
. ეს შესაძლოა ხდებოდეს როგორც უნებლიედ, ობიექტური მიზეზებით (სიღარიბე, ფსიქიკური დაავადებები, გამოუცდელობა), ისე ამ მიზეზთა გარეშე.
როდის მიგვაქვს ეჭვი უგულებელყოფაზე?
- არ იღებს აუცილებელ სამედიცინო დახმარებას;
- არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები – უსუფთაო სახე, თმა და სხეული, ჭუჭყიანი და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი, არ აქვს აუცილებელი ნივთები;
- სახლში უყურადღებოდაა დატოვებული დიდი ხნის განმავლობაში;
- ხშირადაა დაღლილი, ეძინება, უჭირს ყურადღების კონცენტრირება;
- აქვს ემოციური და ქცევითი პრობლემები;
- ხშირადაა მშიერი, სკოლაში არ ატანენ საჭმელს, არც ბუფეტის ფულს აძლევენ;
- მოუვლელია, ან აცვია სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი;
- სკოლაში/ბაღში არარეგულარულად ან სულ არ დადის;
- უარესდება ჯანმრთელობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური კუთხით;
- უარესდება აკადემიური მოსწრება;
- უჩნდება მიდრეკილება მავნე ნივთიერებებისკენ;
- ხშირადაა თავისი ასაკისთვის შეუფერებელ გარემოში ან ისეთ ვითარებაში, სადაც მისი ყოფნა არარის უსაფრთხო.
როდესაც ეს გრძელდება სისტემატურად
, ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას სერიოზული საფრთხე ექმნება
.
უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს
- გონებრივი განვითარების შეფერხება;
- ჯანმრთელობის პრობლემები;
- ანტისოციალური პიროვნული აშლილობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;
- მოგვიანებით – მავნე ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება.