როგორ ვესაუბროთ ბავშვს მენსტრუაციაზე?

1 წუთის საკითხავი

ისეთ ინტიმურ თემაზე საუბარი, როგორიც მაგალითად მენსტრუაციაა, შეიძლება უხერხულობას იწვევდეს როგორც მშობლისთვის, ისე – ბავშვისთვის. მაგრამ ბავშვს სჭირდება სანდო ინფორმაცია, რომელიც სჯობს რომ სწორედ თქვენგან, მშობლისგან მოისმინოს. 

როდის?
  • დაიწყეთ ადრე: არ არსებობს რაღაც კონკრეტული ასაკი. ესაუბრეთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მცირე ასაკიდანვე ისე, როგორც საუბრობთ სწორ კვებაზე ან საკმარის ძილზე;
  • გამოიყენეთ შესაძლებლობა: როცა ბავშვი ინტერესს გამოიჩენს, უპასუხეთ მას მარტივად და პირდაპირ. მაგალითად, არ წაუყრუოთ შეკითხვას ჰიგიენური საფენების შესახებ. მაგ: 5 წლის ბავშვს მის ენაზე აუხსენით, რომ ქალებს აქვთ ყოველთვიურად მცირე სისხლდენა საშოდან, რასაც მენსტრუაცია ეწოდება. რომ ამით, ქალის სხეული ბავშვის გასაჩენად ემზადება;
  • განაგრძეთ საუბარი: საჭიროებისამებრ მიუბრუნდით ამ თემას და ზრდასთან ერთად მიაწოდეთ მეტი ინფორმაცია;
  • ასაკი:  გოგონების უმეტესობას მენსტრუალური ციკლი 10-დან 15 წლამდე ეწყება. თუ აქამდე არ გისაუბრიათ, აუცილებლად განიხილეთ ეს საკითხი ამ ასაკის მოახლოებამდე.
    როგორ?
  • საუბრის დაწყებამდე გაარკვიეთ, მას რა ინფორმაცია აქვს;
  • გამოიყენეთ მარტივი ენა და განმარტებები;
  • გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება;
  • განიხილეთ როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური ასპექტები მენსტრუაციის დროს და პრემენსტრუალური სინდრომი (PMS);
  • ესაუბრეთ ჰიგიენის მნიშვნელობაზე, გააცანით სხვადასხვა პროდუქტები (ჰიგიენური საფენი, ტამპონი, ჭიქა) და მათი მოხმარების წესები;
  • წაახალისეთ შეკითხვები და ღია დიალოგი;
  • მენსტრუაცია ღია თემა უნდა იყოს როგორც გოგოებისთვის, ასევე ბიჭებისთვის – მათაც მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია, რომ შეამციროთ სტიგმა და ხელი შეუწყოთ ურთიერთგაგებას.
  • თუ ამ თემაზე საუბარი ძალიან გეუხერხულებათ, დაიხმარეთ საგანმანათლებლო ვიდეოები ან სტატიები. შეგიძლიათ ეს საქმე ოჯახის სხვა წევრს, ან პირად ექიმს მიანდოთ. მხოლოდ დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი აუცილებლად მიიღებს სანდო და საჭირო ინფორმაციას.