პროკრასტინაცია: სიზარმაცე თუ წარუმატებლობის შიში?

5 წუთის საკითხავი

საქმეა გასაკეთებელი, თან ჩემი გასაკეთებელი. მე კი ფეხს ვითრევ, ვაჭიანურებ და სახვალიოდ, ან სულაც ბოლო წუთამდე გადავდებ. ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ცუდ შედეგებამდე მიმიყვანს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.

თუ ეს ვითარება თქვენთვის ნაცნობია, კითხვა განაგრძეთ. ვეცდებით მოგეხმაროთ ამ თვისების, ანუ პროკრასტინაციის, მიზეზების გაცნობიერებასა და მისგან თავის დაღწევაში. 

პროკრასტინაციის ერთ-ერთი ქართული შესატყვისი გაჯანჯლებაა და ის საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. ალბათ რამდენი ახლობელი გაგახსენდათ, ვისაც ამ სტატიას გაუზიარებდით… თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ეს არ გახასიათებთ, წუთით კარგად დაფიქრდით. ალბათ არ გაგიჭირდებათ გაიხსენოთ არაერთი შემთხვევა, როცა ნაცვლად მნიშვნელოვანი საქმისა, საათებს კარგავდით სოც. ქსელების სქროლვაში, სერიალების ყურებასა მსგავს მარტივ საქმიანობებში. 

რაში გვიშლის ხელს პროკრასტინაცია?

გაჭიანურება ბარიერია, რომელიც ხელს გიშლით გაიმართოთ ცხოვრებაში, მიუახლოვნდეთ თქვენს მიზნებს ან სულაც იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. ნაცვლად იმისა, რომ ინვესტიცია ჩადოთ მნიშვნელოვანში, კარგავთ ძვირფას დროს, ვერ იყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს და იმ შანსებს, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.
არახალია და ბოლო კვლევებმაც განამტკიცეს ფაქტი, რომ ადამიანები უფრო ხშირად ნანობენ რაც არ გაუკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეს. ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე განცდილი სინანულისა და დანაშაულის გრძნობაც უფრო დიდ ხანს რჩება ადამიანთან.
ამიტომ, პროკრასტინაციის გადალახვა ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეგიძლიათ ჩათვალოთ.  

რას ვიმიზეზებთ როცა საქმეს ვაჯანჯლებთ?

  • არ ვიცი რა/როგორ უნდა გავაკეთო
  • არაფერი დაშავდება თუ სულ არ გავაკეთებ
  • არ არის საჩქარო
  • არ მაქვს შესაბამისი განწყობა, არ მყოფნის მოტივაცია
  • ბოლო მომენტს ველოდები. ვფიქრობ რომ ამას მერეც მოვასწრებ, უცბად ვიზამ
  • „დედლაინის“ არ ქონა ხელს მიშლის მობილიზაციაში
  • ვიმიზეზებ გულმავიწყობას
  • ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს
  • მეზარება, დაღლილი ვარ
  • შესაფერის მომენტს ველოდები
  • ასე უცბად ვერ დავიწყებ, დრო მჭირდება რომ კარგად დავგეგმო
  • მეორეხარისხოვან საქმეს ვიმიზეზებ: „ჯერ სხვა რამე მაქვს გასაკეთებელი“

რა არის (და არ არის) გაჯანჯლების ნამდვილი მიზეზი?

იმის გაგება, თუ რატომ ვაჭიანურებთ საქმეს, ანუ პრობლემის სწორი სახელდება, პირველი ნაბიჯია ამ თვისებისგან თავის დასაღწევად. 

პროკრასტინაცია არ არის სიზარმაცე: ზარმაცი არაფერს აკეთებს და ეს არ აწუხებს. გაჭიანურებული საქმე კი ადამიანს არ ასვენებს. სულ ფიქრებში უტრიალებს, მაგრამ თავს ვერ აბამს.

პროკრასტინაცია არ არის დასვენება: დასვენება ენერგიებით გავსებთ, გაჯანჯლება კი გფიტავთ. გაჭიანურებით ვერასოდეს მიაღწევთ იმ სიამოვნებას, რასაც საქმის კეთებისგან დაღლილი ადამიანი განიცდის დასვენებისას. 

პროკრასტინაცია არ არის არაორგანიზებულობა: საქმის გაჯანჯლება არის არა დროის მართვის, არამედ – ემოციების მართვის, საკუთარ თავში ვერ გარკვევის სირთულე. 

შინაგანი მოტივაციის არ ქონა: როცა ადამიანი აკეთებს იმას რაც არ სიამოვნებს, დაჯილდოების, დასჯის ან მსგავსი გარეგანი ფაქტორის გამო, ასეთ დროს მთავარი მამოძრავებელია გარეგანი მოტივაცია. 
ან როცა ადამიანი მუშაობს კონკრეტული მოკლევადიანი მიზნისთვის, ამ დროს წამყვანია – მიზანზე ორიენტირებული მოტივაცია. მიზნის მიღწევისას  ერთჯერადად გამოიყოფა დოფამინი (სიამოვნების ჰორმონი), რასაც მოჰყვება ჰედონური ადაპტაცია. ანუ ადამიანი მალევე გამოდის ეიფორიიდან და დადებითი გრძნობები ჰაერში იფანტება. 

ხოლო თუ ადამიანი ხედავს აზრს იმაში რასაც აკეთებს, თანაც, ნამდვილად უნდა ამ საქმის კეთება, იღვიძებს მოტივაციის ყველაზე ძლიერი ფორმა – შინაგანი მოტივაცია. ადამიანი მთლიანად იძირება საქმეში, თითქოს დრო ჩერდება. განსხვავებით ხანმოკლე მიზნებზე გამოკიდებისა, მისი მოქმედება მიმართულია რაღაც უფრო შორეულისკენ. ის პასუხს სცემს ისეთ ეგზისტენციალურ შეკითხვას, თუ როგორ უნდა გაატაროს ცხოვრება.
შინაგანი მოტივაცია არ გამორიცხავს გარეგანი, ან მიზანზე ორიენტირებული მოტივაციის თანაარსებობას და ხანდახან მათ მეტად მოძლიერებასაც კი. მაგრამ ის ყოველთვის რჩება მთავარ მამოძრავებელ ძალად და ხელს უშლის საქმის „სახვალიოდ გადადებას“.

უნებისყოფობა: სუსტი ნებისყოფა ძლიერი დამაბრკოლებელია. განსაკუთრებით, თუ სტრესში ხართ ან წინ რთული დავალება გელოდებათ. 

წარუმატებლობის შიში: ეს შიში ხშირად ირაციონალურია, მაგრამ ფაქტია, ბევრს უშლის ხელს საქმის დაწყებასა და მის ბოლომდე მიყვანაში. 

გადაუწყვეტლობა: დღეს სამყარო უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. თანამედროვე საზოგადოება ეთაყვანება ინდივიდუალურ თავისუფლებას იმ რწმენით, რომ რაც უფრო თავისუფალია ადამიანი, მით მეტად ბედნიერია. მაშ რატომ არ არის თანამედროვე ადამიანი უფრო ბედნიერი, ვიდრე წარსულში? იმიტომ, რომ არჩევანისა და მოქმედების თავისუფლებამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს გავერკვეთ იმაში, თუ რა არის მნიშვნელოვანი, სწორი და არასწორი. ეს დაბნეულობა კი დემოტივაციის მიზეზი გახდეს და დაგვიკარგოს რამის გაკეთების სურვილი. 

დროის არასაკმარისად დაფასება: დრო, რომელსაც ადამიანები დედამიწაზე ვატარებთ, სასრულია. ამიტომ ის არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს. ფულს გამოიმუშავებთ, დაზოგავთ ან ისესხებთ, მაგრამ დროს ვერ. დაკარგული დრო, სამუდამოდ დაკარგულია.
კარგად გააცნობიერეთ ეს და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ დროის მიმართ. დააფასეთ ის და დაფიქრდით იმაზე, რაში გაგყავთ დრო დედამიწაზე. 

როცა პროკრასტინაცია ძალიან მძაფრადაა ადამიანის ცხოვრებაში, მიზეზი ხანდახან ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემებია როგორიცაა დეპრესია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და ოკა (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) ხშირად, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ფსიქოლოგი, ქოუჩი, ან სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პირი ერთვება პროცესში.

როგორ გადავლახოთ პროკრასტინაცია? 

როგორც უკვე ვთქვით, პირველ რიგში უნდა დაადგინოთ მიზეზი. ეს მოგცემთ მიმართულებას რომელი რჩევა იქნება მეტად სასარგებლო პირადად თქვენთვის. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ წიგნს, სტატიას თუ ვიდეოს შეუძლია მოგაწოდოთ მხოლოდ ინსტრუმენტები. მათი ცხოვრებაში გამოყენება კი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. 

  • პიროვნების გაძლიერება: თუ მიზეზი გადაუწყვეტლობაა, ამისთვის ნათლად უნდა გქონდეთ გარკვეული თქვენი ღირებულებები და პიროვნული ხედვები. განარჩიოთ პირადად თქვენი არჩევანი თავს მოხვეული სტერეოტიპებისგან. ეს დაგეხმარებათ დაალაგოთ პრიორიტეტები, ცხადად დაინახოთ რისი გაკეთება გინდათ და რა შესაძლებლობები გაქვთ ამისთვის. არ იგრძნოთ თავი დაკარგულად და არ გალიოთ ცხოვრება საკუთარი თავის ძებნაში.
  • ნაბიჯ-ნაბიჯ: დიდი საქმე დაშალეთ მარტივად შესასრულებელ მცირე ნაბიჯებად. ეს ნაკლებად შემაშინებელი იქნება და მცირე მიღწევებით კმაყოფილებასაც განგაცდევინებთ.
  • შინაგანი მოტივაციის გაძლიერება: ეცადეთ გამოაღვიძოთ შინაგანი მოტივაცია. დაგეგმეთ საქმე იმგვარად, რომ ის თქვენთვის საინტერესო იყოს. რომ სიამოვნება მიიღოთ თავად კეთების პროცესისგან და არ იყოთ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული. ანუ ფოკუსირდით მოგზაურობაზე და არა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე. 
  • ნებისყოფის გაძლიერება: აკონტროლეთ თქვენი ფიქრები და ქცევები. თუ შეამჩნევთ რომ საქმის გაჯანჯლებას იწყებთ, მოიშველიეთ ნებისყოფა, რომ ამას შეეწინააღმდეგოთ. 
  • ეცადეთ ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ: დაფიქრდით, ყველაზე მეტად რა გიშლით ხელს კონცენტრაციაში და ეცადეთ გამორიცხოთ ეს ფაქტორები. მაგ: გამორთეთ ტელევიზორი, დაუწიეთ სატელეფონო შეტყობინებების ხმას და ა.შ.
  • წაახალისეთ საკუთარი თავი: როცა დაგეგმილ ამოცანას თავს დროულად გაართმევთ, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი რაიმე თქვენთვის სასიამოვნოთი. 
  • ნუ მიეცემით თვითგვემას: ნუ დაიძაბებით, პროკრასტინაცია ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ყოველთვის ვერ შევეწინააღმდეგებით. განსაკუთრებით, თუ ძალიან უსიამოვნო ან უინტერესო რამ გვაქვს გასაკეთებელი. ამიტომ, როცა საკუთარ თავს გაჯანჯლებაში წაიჭერთ, გამოიჩინეთ მეტი თანაგრძნობა. თვით დადანაშაულებით ვერაფერს მიაღწევთ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გამოიყენეთ ისინი ყოველთვის, როცა იგრძნობთ, რომ თქვენი დამაბრკოლებელი სწორედ რომ გაჭიანურებაა.