წლამდე ბავშვის კვება

2 წუთის საკითხავი

ბავშვის კვება არის საკითხი, რომელზეც ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა. ხშირად, ურთიერთგამომრიცხავიც. მშობლისთვის ადვილია როცა ამ თემაზე აქ თავისი მყარი შეხედულება, ან იცის წყარო, რასაც შეუძლია დაეყრდნოს გაურკვევლობის შემთხვევაში.
ვნახოთ რომელი პროდუქტებია საუკეთესო თქვენი პატარისთვის და რას უნდა მოერიდოთ, სანამ თქვენი ის ერთი წლის არ გახდება.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მიესადაგება კვების ტრადიციულ (კოვზით კვების) მეთოდს. რეკომენდაციები იქნება განსხვავებული თუ მყარი კვების დასაწყებად თვითკვების (BLW) მეთოდს მიანიჭებთ უპირატესობას.

რომელი პროდუქტები შევთავაზოთ და რა ფორმით?

პირველ დღეებში შესთავაზეთ მარტივი, ერთ ინგრედიენტიანი საკვები, რომელიც ადვილად ასათვისებელია და არაა ალერგიული. დაიწყეთ რბილი პიურეებით და ნელ-ნელა უხეშ ტექსტურაზე გადადით, რათა კბეჩასა და ღეჭვას მიეჩვიოს – მაგ: ჩანგლით დაჭყლეტილი, ან „თითებით საკვები“ (Finger food). კარგი ვარიანტებია:

  • რკინით გამდიდრებული მარცვლეული: დაიწყეთ ერთმარცვლოვანი ფაფებით. ნუ დაუმატებთ თავიდანვე ბანანს ან ვაშლის პიურეს – სჯობს პატარამ ფაფის გემო დამატკბობლის გარეშე გაიცნოს;
  • ბოსტნეული: ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, ბარდა, გოგრა;
  • ხილი:  ბანანი, ვაშლი, ატამი, მსხალი ან ავოკადო.

მას მერე კი რაც პატარა მყარ საკვებს შეეჩვევა, შესთავაზეთ მეტად მრავალფეროვანი საკვები, სადაც ბალანსირებულად იქნება ყველა საჭირო ნივთიერება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რკინის შემცველ საკვებს (ლობიო, ოსპი, ქათამი და საქონლის ხორცი).
ახალი პროდუქტი შესთავაზეთ მის საყვარელ საკვებთან ერთად, მაგრამ არა მასში შერეული. თუ ბარდას და ხორცს თავიდანვე ერთიან კერძად აქცევთ, პატარას არასოდეს ეცოდინება რა გემოები აქვთ მათ ცალ-ცალე. თუ ჩვილი უარს ამბობს რაიმეს გასინჯვაზე, არ ნიშნავს რომ არ მოსწონს – უბრალოდ დრო სჭირდება მასთან შესაჩვევად. მშვიდად გააგრძელეთ მცდელობები და ერთ დღესაც ბროკოლი, რომელსაც ახლოსაც არ იკარებდა, მისი საყვარელი პროდუქტი შეიძლება აღმოჩნდეს.

მყარ საკვებთან ერთად, უკვე შეგიძლიათ წყალიც შესთავაზოთ. ექსპერტები გვირჩევენ, რომ საწოვარიანი ბოთლი ან ბოთლის მსგავსი ჭიქები მხოლოდ გარეთ ყოფნისას გამოიყენოთ, სახლში კი უბრალო მცირე ზომის ჭიქა შესთავაზეთ. ცხადია ღია ჭიქას თავიდანვე დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენებს, მაგრამ მიეცით საშუალება ითამაშოს. ნელ-ნელა შემოესწავლება და დაღვრის გარეშე შეძლებს ჭიქიდან დალევას.

რას მოვერიდოთ?
  • თაფლი: შეიძლება შეიცავდეს ბოტულიზმის სპორებს, რომელიც უვნებელია ზრდასრულებისთვის, მაგრამ წლამდე ბავშვებში სერიოზული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს;
  • ძროხის რძე: არ ჩაანაცვლოთ დედის რძე ან ფორმულა ძროხის რძით. წლამდე ბავშვს უჭირს ძროხის რძის ცილის მონელება;
  • არაპასტერიზებული ან უმი პროდუქტები: სუში, ნახევრად უმი სტეიკი, თოხლო კვერცხი, სოფლის ყველი და მსგავსი დაუმუშავებელი პროდუქტები შეიძლება ბაქტერიის მატარებელი იყოს, რაც ასევე სარისკოა წლამდე ბავშვისთვის;
  • გადაცდენის საფრთხე: მოერიდეთ საკვების იმ ფორმით შეთავაზებას, რაც გადაცდენის საფრთხეს ქმნის. ეს შეიძლება იყოს თხილეული, თესლები, უმი ბოსტნეული, დიდი ლუკმები, მაგარი, ხრაშუნა ან წებოვანი საკვები;
  • ალერგიული პროდუქტები: ალერგიული რეაქციის უკეთ კონტროლისთვის, არ შესთავაზოთ ორი ალერგიული პროდუქტი ერთდროულად და დააკვირდით 3-5 დღე, სანამ ახალ პროდუქტს გაასინჯებთ.
    ნუ შეიკავებთ თავს ისეთი ალერგიული პროდუქტებისგან როგორიცაა: კვერცხი, რძე, თხილეული, სოია და თევზეული. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ალერგიული პროდუქტების გასინჯვის გადავადება ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს.  მეტიც, ამან შესაძლოა გაზარდოს კიდეც ალერგიის გამოვლენის ალბათობა;
  • შაქარი და მარილი: წლამდე ასაკის ბავშვთა კვებაში მოერიდეთ შაქრისა და მარილის დამატებას. ჩვილის განვითარებად თირკმელებს შეიძლება გაუჭირდეთ მარილიანი საკვების გადამუშავება, შაქარმა კი შეიძლება ხელი შეუწყოს არაჯანსაღი კვების ჩვევებსა და კარიესის ჩამოყალიბებას. პატარას საკმაოდ ეგემრიელება უშაქრო და უმარილო საკვები იქამდე, სანამ მარილიანის ან ტკბილის გემოს გაიგებს. თანაც, არომატული საკვების მოსამზადებლად თამამად შეგიძლიათ სუნელების გამოყენება.