5 წუთის საკითხავი

ჩვილი ბავშვის განავალი (განსაკუთრებით, პირველ კვირებში) ხშირად ხდება მშობლების შეშფოთების მიზეზი. მისი ფერი, კონსისტენცია თუ სიხშირე – ბევრ კითხვებს გვიჩენს ხოლმე. ექიმებსა და გამოცდილ მშობლებს, განავლით ბევრი რამის გაგება შეუძლიათ. მოდით განვიხილოთ თუ რა არის ნორმალური და როდის უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები. 

პირველი დღეები

ახალშობილის პირველ განავალს მეკონიუმი ეწოდება. პირველი 24-48 საათის მანძილზე, მეკონიუმით გამოიყოფა ყველაფერი, რაც პატარას მუცლადყოფნისას დაუგროვდა. 
ის არის მომწვანო-შავი, სქელი, წებოვანი, კუპრის მსგავსი ნივთიერება, რომლის გაწმენდაც შედარებით ძნელია. იმის გამო რომ ნაწვალში ჯერ არ არის ბაქტერიები (რომლებიც პირველი კვების შემდეგ შესახლდებიან) – მეკონიუმი უსუნოა.
ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმიდან მეკონიუმის გადინებას. ხსენი – ანუ სითხე, რაც პირველად მოდის ძუძუდან – ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა. თუმცა მეკონიუმის გამოტანა არც ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვისთვისაა პრობლემა.
მიაქციეთ ყურადღება, თუკი სიცოცხლის პირველ 24 საათში ახალშობილს არ ექნება ნაწლავთა მოქმედება.

ერთი თვის შემდეგ

მეკონიუმის გამოდინების კვალდაკვალ, განავალი გარდაიქმნება ნაკლებად წებოვან, მოყავისფრო-მომწვანო, მოყვითალო-მომწვანო, შედარებით თხელ მასად. ეს ნიშნავს, რომ პატარამ დაიწყო დედის რძის ან ფორმულის მონელება და მისი ნაწლავები მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა. დაბადებიდან მეექვსე დღეს, მეკონიუმი სრულად გამოიდევნება. 

მყარი კვების დაწყებიდან

4-6 თვიდან, როცა ჩვილი მყარ კვებაზე გადავა, განავლის ფერი, კონსისტენცია და სიხშირე ისევ შეიცვლება. ის უფრო სქელი, მკვრივი და სუნიანი გახდება. ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც პატარა აქამდე მხოლოდ ძუძუთი იკვებებოდა.

განავალი როგორც წესი ყავისფერია, ხანდახან კი – წითელი, სტაფილოსფერი, მწვანე და მუქი ლურჯიც კი. ახლა ფერს დედის რძის პარალელურად, უკვე პატარას მიერ მირთმეული საკვებიც შეცვლის. შესაძლოა მოუნელებელი საკვების ნარჩენებიც შეამჩნიოთ. დაუკავშირდით პედიატრს, თუკი ასეთი ნარჩენები მუდმივად გხვდებათ – შესაძლოა ნაწლავი კარგად ვერ ამუშავებს საკვებს.

როგორი უნდა იყოს კუჭის მოქმედების სიხშირე?

ახალშობილების უმრავლესობას, პირველი თვის მანძილზე ნაწლავთა მოქმედება დღეში ერთხელ ან ორჯერ მაინც აქვთ. სიცოცხლის პირველ კვირებში, ბუნებრივ კვებაზე მყოფისთვის შესაძლოა ყოველი კვების ბოლოსაც მოგიწიოთ საფენის გამოცვლა. ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ მცირე გამონადენი გარკვეული ინტერვალებით. ამიტომ ნუ იჩქარებთ საფენის გამოცვლას იქამდე, სანამ არ დარწმუნებით რომ ბოლომდე დაასრულა.
ჩვილის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი ნაწლავების მოცულობაც და 3-6 კვირიდან გამოყოფის სიხშირეც იკლებს. მაგრამ არ არსებობს ზუსტი ნორმები. დღეში რამდენჯერმე იქნება თუ კვირაში რამდენჯერმე, ყველაფერი ნორმად ითვლება. იმის გამო, რომ დედის რძე ბავშვის მომნელებელ სისტემაში ძალიან ცოტა ნარჩენს ტოვებს, ძუძუს ბავშვისთვის კვირაში ერთი კუჭის მოქმედებაც კი მისაღებია.
ამიტომ ყურადღება მიაქციეთ არა სიხშირეს, არამედ  ტექსტურას და ფერს. სანამ განავალი რბილია და არც ფერი იძლევა განგაშის მიზეზს, სანერვიულოც არაფერია. 

საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ყაბზობა – შეკრულობის მიზეზი ხშირად მყარი კვების დაწყებაა – სანამ ჩვილის მომნელებელი სისტემა მყარი საკვების გადამუშავებას მიეჩვევა. განავალი ხდება მყარი და კენჭისებრი, ნაწლავთა მოქმედება კი მტკივნეულია და დიდ ძალას მოითხოვს. ანალური ხვრელის გაღიზიანების გამო, მის გარშემო შესაძლოა ნახეთქები გაჩნდეს და მცირედი სისხლდენა გამოიწვიოს. ნუ მიიღებთ დამოუკიდებელ ზომებს – იმოქმედეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით;
  • დიარეა – ხშირი წყალწყალა განავალი, ყვითელი, მწვანე ან ყავისფერი ფერისა და უსიამოვნო სუნით. თუკი დიარეა 24 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს. იქამდე კი რაც შეიძლება ხშირად შესთავაზეთ დედის რძე ან ფორმულა, რათა აირიდოთ დეჰიდრატაცია (სითხისგან გამოფიტვა);
  • ინფექცია – ხანდახან განავალში აღმოჩენილი ლორწო ინფექციაზე მიუთითებს. ლორწოს მიზეზი შესაძლოა ბავშვის მოჭარბებული ლორწოვანი ნერწყვი იყოს, რაც კბილების ამოსვლას უკავშირდება. ლორწოს ასევე გამოიმუშავებს ნაწლავები საჭმლის გადაადგილების გასაადვილებლად. მაგრამ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ლორწოს მომწვანო ფერი დაკრავს და თან ახლავს ღებინება, სისუსტე ამ მუცლის ტკივილი;
  • მყარი და მშრალი განავალი: შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ პატარა არ იღებს საკმარის სითხეს, ან კარგავს მას ავადმყოფობისა და ცხელების გამო. მსუბუქი დეჰიდრატაცია გამოსწორებადია სითხეებით დატვირთვით. მაგრამ თუ პატარას აქვს ჩავარდნილი თვალები, ცივი კიდურები, დანაოჭებული კანი, სისუსტე და მხოლოდ 1 ან 2 სველი საფენი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რით განსხვავდება ბუნებრივ და ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის განავალი?

ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვის განავალი ხშირად ოქროსფერი ან მდოგვისფერ-ყვითელია, მაგრამ დედის საკვების მიხედვით მრავალნაირი ფერი შეიძლება მიიღოს. არის მსუბუქი სუნის, მბზინავი და კრემისებრი ფორმის. როგორც წესი არის ხაჭოსებრი მარცვლოვანი სტრუქტურის, მაგრამ ხანდახან შეიძლება მსუბუქ დიარეასაც მიამსგავსოთ.
ხელოვნური კვებაზე მყოფი ბავშვის განავალი არის შედარებით მყარი, მიწისთხილის კარაქის მსგავსი სტრუქტურის და მეტად მძაფრი სუნის. განსხვავებით ძუძუზე მყოფისგან – ყავისფერია და შეიძლება დაკრავდეს მოყვითალო ან მომწვანო ელფერი.
შერეული კვების შემთხვევაში კი, განავალიც კომბინირებული იქნება. 

რა ფერია ჩვილი ბავშვის განავალი და რას ნიშნავს თვითოეული მათგანი?

ჩვილის განავალი საკმაოდ მრავალფეროვანია და მისი ფერი ხანდახან ექიმს ძალიან საყურადღებო ინფორმაციას აწვდის. გავიგოთ რისი მანიშნებელია თითოელი მათგანი და როდის არის საჭირო ყურადღების მიქცევა. 

  • შავი ან მუქი მწვანე: პირველი გამონადენი (მეკონიუმი), რომელიც დაბადებიდან 24-48 საათში გამოიყოფა;
  • მწვანე: მეკონიუმის და დედის რძის, ან ფორმულის ნარევი სიცოცხლის პირველ დღეებში;
  • ყავისფერი მოყვითალო ან მომწვანო ელფერით: ფორმულაზე ან შერეულ კვებაზე მყოფი ბავშვი;
  • ოქროსფერი, სტაფილოსფერი, მდოგვისფერ-ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო: ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვი;
  • მოყვითალო-მოყავისფრო, ან ყავისფერი: მყარი კვების დაწყების შემდეგ. საკვებიდან გამომდინარე, ფერი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი ან ყვითელი.

 მიმართეთ პედიატრს, თუ განავალს აქვს შემდეგი შეფერილობა:

  • მოშავო-მომწვანო: კუპრის მსგავსი შავი მეკონიუმი აღარ ითვლება ნორმად დაბადებიდან პირველი კვირის შემდეგ;
  • შავი: მეკონიუმის გამოყოფის შემდეგ, შავი განავალი შესაძლოა მიუთითებდეს ნაწლავურ სისხლდენაზე. თუ განავალში დაინახავთ შავ, თესლის მსგავს ნაწილაკებს – ეს მონელებული სისხლის ნაწილაკებია. გაითვალისწინეთ, რომ რკინის დანამატებმა განავალი შეიძლება გახადონ მუქი მწვანე, რაც შეძლება ერთი შეხედვით შავი გეჩვენოთ;
  • თეთრი, ნაცრისფერი ან უფერო: ეს ფერი შეიძლება გამოიწვიოს დედის მიერ მიღებულმა მედიკამენტმა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ნაწლავური ინფექცია, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემა;
  • წითელი: საკვების ფერისა გავლენის გარდა, განავალში სისხლის პატარა ლაქები ან ძაფის მსგავსი ხაზები შეიძლება მიუთითებდეს განავალში სისხლზე. ამის შესაძლო მიზეზებია:
  • მშობიარობის დროს გადაყლაპული სისხლი;
  • დახეთქილი ძუძუს დვრილები;
  • ლაქტოზის აუტანლობა ფორმულაში ან დედის რძეში შემავალი ცილების მიმართ;
  • შეკრულობის დროს გაჩენილი ნახეთქები ანალურ ხვრელზე;
  • ხასხასა წითელი ფერი ნაწლავურ ინფექციაზე მიგვანიშნებს. დიარეასთან კომბინაციაში კი, ბაქტერიულ ინფექციაზე.
  • მწვანე: მწვანე ფერის განავალი ნორმალურია სიცოცხლის პირველ დღეებში, ამის შემდეგ კი, გასათვალისწინებელია შემდეგი:
  • ენტერო-ვირუსი ან დიარეა;
  • ლაქტოზის აუტანლობა ფორმულაში ან დედის რძეში შემავალი ცილების მიმართ;
  • ღია მწვანე და ქაფიანი, ჭაობისებრი ტექსტურა გამოწვეულია დედის რძეში არსებული არასაკმარისი ცხიმის გამო. ნუ შესთავაზებთ მეორე ძუძუს იქამდე, სანამ პირველი ბოლომდე არ დაცარიელდება, რადგან უკანა რძეა ყველაზე ცხიმიანი და კალორიული.