მყარი კვება ჩვილის მენიუში

2 წუთის საკითხავი

მყარი კვების დაწყება ჩვილის სიცოცხლის პირველის წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო (და მოთხუპნული) ეტაპია. თქვენი პატარა არომატების სამყაროში მოგზაურობას იწყებს და წინ უამრავი ახალი აღმოჩენა ელოდება!

როდის დავიწყოთ?

ჩვეულებრივ, ჩვილი მზად არის მყარი კვების დასაწყებად 4-6 თვემდე ასაკში, თუმცა ექსპერტების უმეტესობა (მათ შორის AAP-ი), 6 თვემდე დაცდას გვირჩევს. განსაკუთრებით, ექსკლუზიურად ძუძუთი კვების შემთხვევაში.
ყველა შემთხვევაში, ეს უნდა გადაწყვიტოს პედიატრმა გარკვეული ფაქტორების, და მათ შორის ქვემოთ ჩამოთვლილ მზაობის ნიშნებზე დაყრდნობით: 

  • თავისუფლად იჭერს თავს;
  • შეუძლია ჯდომა დამოუკიდებლად, ან მცირე დახმარებით;
  • გაიორმაგა დაბადების წონა;
  • ინტერესდება უფროსების საკვებით;
  • როცა საკვებს სთავაზობთ, პირს აღებს და წინ იხრება;
  • აღარ აქვს საკვების ენით გადმოგდების რეფლექსი.

ნუ აჩქარდებით თუ ჩვილი  ჯერ კიდევ უარს ამბობს მყარ საკვებზე – მეტი დრო მიეცით და პერიოდულად შესთავაზეთ ხოლმე. გაითვალისწინეთ, რომ სიცოცხლის პირველი წელი, ჩვილის ძირითადი საკვები დედის რძე ან ფორმულაა. ისინი უზრუნველყოფენ ჩვილისთვის საჭირო კალორიებსა და საკვებ ელემენტებს (გამონაკლისია რკინა, რომელსაც დედის რძე ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს). ციცქნა კუჭს ჯერაც უჭირს ერთბაშად დიდი რაოდენობის მყარი საკვების გადამუშავება, ამიტომ მადიანად დასანაყრებლად ადაპტირებული ნარევი ან დედის ტკბილი რძე ურჩევნია.

როგორ შევთავაზოთ?

ზრდასრული ადამიანის კვების ჩვევებს საფუძველი ბავშვობაში ეყრება, ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ არა საკვების რაოდენობაზე, არამედ – ჯანსაღი კვების ჩვევებზე. თუ გვინდა ე.წ. „კარგი მჭამელი“ გავზარდოთ, ამის მაგალითი პირველ რიგში უფროსებმა უნდა მივცეთ. როცა ჩვენი პატარა ხედავს როგორ სიამოვნებით მივირთმევთ ჯანსაღ საკვებს და ამისთვის სულ არ გვჭირდება სმარტფონის თვალიერება, ძალიან კარგ ნიადაგს ვქმნით სწორი კვების ჩვევების დასანერგად.


კიდევ რამდენიმე რჩევა, რაც შეიძლება ძალიან გამოგადგეთ: 

  • კვება სხვა დროისთვის გადადეთ თუ პატარას ეძინება ან უბრალოდ განწყობაზე არაა;
  • ეცადეთ კვების დროს იყოს მშვიდი გარემო რათა პატარას ყურადღება არაფერმა გაუფანტოს. არ ააჩქაროთ – ეს სრულიად ახალი უნარია და ჩვილს დრო სჭირდება მასთან შესაჩვევად;
  • კვებისთვის „იდეალური“ დრო არის ის დრო, რაც თქვენთვისაა მოსახერხებელი. თუ ძუძუთი კვებავთ, მყარი კვება დაგეხმარებათ დღის იმ მონაკვეთში, როცა თქვენი რძის მარაგი შემცირებულია;
  • გამოკვებეთ ყოველთვის თავის საკვებ სკამში, მყარად და გამართულად მჯდომარე, რათა თავიდან აიცილოთ გადაცდენის საშიშროება;
  • ვერცხლის კოვზის ნაცვლად არჩევანი რბილ სილიკონის ან პლასტმასის კოვზზე შეაჩერეთ. მოიმარაგეთ რამდენიმე კოვზი, რომ კვების პროცესში ძირს დაცვენილი კოვზების რეცხვა არ მოგიწიოთ;
  • მყარი კვების დაწყებისთანავე გაუკეთეთ წინსაფარი. სხვა შემთხვევაში, დიდ წინააღმდეგობას წააწყდებით;
  • კვების პროცესი ყოველთვის უფრო სახალისოა ოჯახის წევრებთან ერთად – ეცადეთ დღეში ერთხელ მაინც მოაწყოთ საერთო სუფრა;
  • პირველ ხანებში შეიძლება ყველაფერი დაჭყლიტოს და ძირს გადმოყაროს. მიეცით საშუალება ითამაშოს საკვებით. ეს შეიძლება არც ისე სუფთა იყოს, მაგრამ პატარა ამით სწავლობს. ცოტა მოთმინება და ეს ეტაპი მალე გაივლის;
  • თუ ბავშვი თანაბრად მიყვება თავისი ზრდის ხაზს და ჰემოგლობინიც ნორმაში აქვს, მიეცით საშუალება თავად გადაწყვიტოს რამდენს და რას შეჭამს. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გახადოთ კვების პროცესი სასიამოვნო და არა იმაზე – თუ როგორ დაასრულებინოთ მისი კუთვნილი ულუფა;
  • სანამ კოვზით კვებას შეეჩვევა, შეიძლება საკვები უკან გადმოაგდოს ხოლმე. ამიტომ დაიწყეთ სულ პატარა ულუფებით;
  • გამოყავით კვება-წახემსებისთვის გარკვეული დროები და დაიცავით რეჟიმი. დღის მანძილზე გამუდმებული სუსნაობა აქვეითებს მადას და ხელს უშლის სრულფასოვან კვებას.