რა არის ნარცისიზმი და ნარცისული პიროვნული აშლილობა (NPD)?

5 წუთის საკითხავი

„ნარცისის“ იარლიყს, გავრცელებული სტერეოტიპით, ხშირად მივაკერებთ ეგოცენტრულ, საკუთარ თავზე შეყვარებულ, თვითკმაყოფილ ადამიანს. მაგრამ ფსიქოლოგიურ კონტექსტში ნარცისიზმი სულაც არ ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარულს. ასეთი ადამიანი ქმნის და იყვარებს საკუთარი თავის იდეალიზებულ ხატს იმიტომ, რომ ის საშუალებას აძლევს გაექცეს იმ თავდაჯერების ნაკლებობას, რაც ნარცისიზმისთვისაა დამახასიათებელი. 

ტერმინი „ნარცისი“ ბერძნული მითოლოგიიდან მოდის: ნარცისი უმშვენიერესი ჭაბუკი იყო, მაგრამ არავინ უყვარდა გარდა საკუთარი თავისა. ასეთი მედიდურობისათვის იგი დაწყევლა ერთ–ერთმა ნიმფამ და უსურვა: – დატანჯულიყო იმით, რომ სამაგიერო სიყვარულს ვერ ღირსებოდა. ერთხელ ნარცისმა წყალში საკუთარი ანარეკლი დაინახა. ჭაბუკი იმდენად მოიხიბლა, რომ წყალს ვეღარ მოსცილდა და ამ ტრფიალში გაილია კიდეც, მის ადგილას კი – თეთრი ნარცისი ამოიზარდა.  

ნარცისული პიროვნება გამოირჩევა ეგოცენტრული, ამპარტავნული ქცევით, თანაგრძნობის ნაკლებობით და აღიარების ძლიერი მოთხოვნილებით. მუდამ ცდილობს სხვათა დადანაშაულებას, ვერ ხედავს საკუთარ ბრალს და არც ცდილობს შეიცვალოს. უკიდურესად მგრძნობიარეა, ცუდად რეაგირებს უმცირეს კრიტიკაზეც კი და ნებისმიერ უთანხმოებას პირად თავდასხმად მიიჩნევს.  
გარშემომყოფები ხშირად აღწერენ როგორც მანიპულატორებს, ეგოისტებსა და მომთხოვნებს. დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, მათ ხშირად უწევთ დაემორჩილონ ნარცისის მოთხოვნებს და გვერდზე გაწიონ საკუთარი სურვილები. 

ნარცისიზმის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები

გრანდიოზულობა, საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადება – აყენებს რა თავს სხვებზე მაღლა, ყველა დანარჩენს განიხილავს როგორც მეორეხარისხოვანს. ფიქრობს, რომ პრივილეგირებულია და მოითხოვს მოეპყრონ განსაკუთრებულად, როგორც სხვებისგან გამორჩეულ ადამიანს. მუდმივად საკუთარ თავზე, საკუთარ მიღწევებზე საუბრობს (ხშირად, გაზვიადებულად). თვლის, რომ უნიკალურია და მხოლოდ „განსაკუთრებულებს“ შეუძლიათ მისი გაგება. 

ცხოვრობს ილუზორულ სამყაროში – იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი თავის იდეალიზებული ხატი, ქმნის უსაზღვრო წარმატების, ძალაუფლების, ან იდეალური სიყვარულის ილუზიას. მსგავსი თავის მოტყუებით ცდილობს დამალოს შინაგანი სიცარიელის, ან სირცხვილის განცდა. ამიტომ ყველაფერს, რაც ამ გამოგონილ სამყაროს დამსხვრევით ემუქრება, უკიდურესი ბრაზით, ან თავდაცვითი ქცევით უპირისპირდება. ამის გამო, ხშირად გარშემომყოფებიც „ფეხის წვერებზე“ დადიან და არც ისინი ცდილობენ ამ ილუზორული სამყაროს გამოაშკარავებას. 

მუდმივად ქება და აღიარება სჭირდება – წარმოიდგინეთ ბუშტი, რომელიც თანდათან იფუშება და გაბერილი რომ დარჩეს, მუდმივად მოითხოვს ჰაერის ჩამატებას. სწორედ ასეთი მუდმივი საკვები სჭირდება ნარცისის ეგოს სტაბილურობისთვის, რისთვისაც გარშემო იკრებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის კვებაზე იზრუნებენ. ცხადია ასეთი ურთიერთობები ცალმხრივია და გამცემი სამაგიეროდ ვერაფერს არაფერს იღებს. მეტიც, თუ თაყვანისცემის სიხშირე ან ინტენსივობა მოიკლებს, ნარცისი ამას როგორც ღალატს ისე მიიღებს. 

ემპათიის ნაკლებობა – არ შეუძლია თავის სხვის ადგილას წარმოდგენა, უჭირს თანაგრძნობა. გარშემომყოფებს განიხილავს როგორ სუბიექტებს, რომლებიც სჭირდება საკუთარი საჭიროებებისა და ახირებების დასაკმაყოფილებლად. 

ხშირად ამცირებს, აშინებს ან აბუჩად იგდებს სხვებს – საფრთხეს გრძნობს როცა ხვდება ისეთ ადამიანებს, ვისაც, მისი აზრით აქვს ის, რაც თავად აკლია. ხშირად ესაა თავდაჯერებულობა და პოპულარობა. განსაკუთრებით, თუ ეს ადამიანი ქედს არ იხდის მის წინაშე. თავისი მყიფე ეგოს დასაცავად და უპირატესობის დასამტკიცებლად, ნარცისი ასეთ ადამიანს ზიზღით, დამცირებითა და დაცინვით პასუხობს. 

ნარცისიზმის ტიპები

ნარცისიზმი არის პიროვნული თვისებაა რომელიც უნდა განვიხილოთ სპექტრში. ადამიანები ხანდახან ავლენენ ნარცისულ თვისებებს (ადაპტური ნარცისიზმი) და ეს თვისებები შეიძლება სასარგებლოც კი იყოს, როცა დაბალანსებულია. მაგრამ თუ ნარცისული ქცევები ხდება გადაჭარბებული და გავლენას ახდენს ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე (სამსახური, პირადი თუ სოციალური ურთიერთობები და სხვა), ეს შეიძლება ნარცისულ პიროვნულ აშლილობაზე (NPD) მიუთითებდეს. 

ექსპერტები ნარცისიზმის ხუთ ტიპს გამოყოფენ, რომელთაგან ყველაზე მწვავეა ავთვისებიანი ნარცისიზმი. ფარული და აშკარა ნარცისიზმი ერთი შეხედვით ერთმანეთის საწინააღმდეგოა, თუმცა ორივეს აერთიანებს გადაჭარბებული ეგოცენტრულობა და შექებისა და ყურადღების მოთხოვნილება. კომუნალური და ანტაგონისტური ნარცისიზმი კი, აშკარა ნარცისიზმის სახეებია.

აშკარა (გრანდიოზი) ნარცისიზმი: ნარცისიზმის ეს ტიპი, თავისი გამოხატული ნარცისული თვისებებით, ყველაზე მეტად ჰგავს ნარცისის კლასიკურ გაგებას. 
დამახასიათებელი ნიშნებია: ექსტრავერსია, ყურადღების ცენტრში ყოფნის და შექების მოთხოვნილება, ზედმეტად მაღალი წარმოდგენა თავის ინტელექტუალურ თუ სხვა შესაძლებლობებზე, თანაგრძნობის უნარის არ ქონა, ამპარტავნება და დომინანტობის მოთხოვნილება. 

ფარული (მოწყვლადი) ნარცისიზმი: მისი ნარცისული თვისებები გაცილებით უფრო შეუმჩნეველი და დახვეწილია. ირჩევს მსხვერპლის, ჩაგრულის პოზიციას და ცდილობს ამ გზით მიიღოს კომპლიმენტები და ყურადღება. 
დამახასიათებელი თვისებებია: ინტროვერტია, კრიტიკასდმი მგრძნობელობა, თვითგვემა, დაბალი თვითშეფასება, თავდაჯერების ნაკლებობა, საკუთარ შეცდომებზე სხვათა დადანაშაულება და შერცხვენა. 

კომუნალური ნარცისიზმი: აცხადებს, რომ აქვს მკაცრი მორალური კოდექსი და გამძაფრებული სამართლიანობის განცდა.
დამახასიათებელი ნიშნებია: მაღალი მგრძნობელობა (ემოციური აღშფოთება) უსამართლობის მიმართ; თავს წარმოაჩენს როგორც დიდსულოვანს, კეთილშობილს და ალტრუისტს, მაგრამ მისი ქცევა ამ რწმენებს სულაც არ შეესაბამება. სინამდვილეში, ამ ქცევის შინაგანი მოტივი არაგულწრფელია და მიზნად სოციალური ძალაუფლების მოპოვებას ისახავს. ის შეიძლება აღშფოთდეს სხვის უსამართლო ქცევაზე მაშინ, როცა მსგავს სიტუაციაში, თავადაც იმავეს გაიმეორებდა.

ანტაგონისტი ნარცისიზმი: საპირისპიროდ კომუნალური ნარცისისა, ეს ტიპი საკმაოდ კონკურენტულ მიდგომას ირჩევს სოციალურ ურთიერთობებში.
დამახასიათებელი ნიშნებია: ფოკუსირებულია მეტოქეობაზე, მუდამ კამათისთვისაა მომართული. ფიქრობს, რომ ყველა სიტუაციაში არსებობს წაგებული და მოგებული, რაც ხდის აგრესიულს და გარშემომყოფებისადმი მტრულად განწყობილს. უადვილდება სხვათა დამცირება და უჭირს პატიება. 
ზოგადად, ღიად ნარცისები საკმაოდ სოციალურები არიან და ადვილად ამყარებენ კავშირებს, მაგრამ თავისი თვისებების გამო, ანტაგონისტი ნარცისი ამ მხრივ გამონაკლისია. 

ავთვისებიანი ნარცისი: ეს ნარცისიზმის ყველაზე მძიმე ფორმაა და ნარცისული პიროვნული აშლილობის სიმპტომებით გამოიხატება. 
მსგავსად ნარცისიზმის ჩამოთვლილი ტიპებისა, ავთვისებიან ნარცისსაც მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის და შექების მოთხოვნილება აქვს, მაგრამ მისი ქცევები ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად უკიდურესად დესტრუქციულია. 
დამახასიათებელი ნიშნებია: პარანოია და დაცინვის შიში, ანტისოციალურობა, ფსიქოპათიური გამოვლინებები, მტრული განწყობები, აგრესიული ქცევა, სადისტური მიდრეკილებები და კრიტიკის აუტანლობა. 

რჩევები ნარცისთან ურთიერთობისას

ნარცისული თვისებების მქონე ადამიანთან ურთიერთობა დიდი გამოწვევაა, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ დაიცვათ პიროვნული საზღვრები და შეინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა:

არ გადაეშვათ ფანტაზიებში – შეიძლება ძალიან მოგხიბლოთ ნარცისის გამოხატულმა თავდაჯერებულობამ, მაგრამ ხშირად ამის უკან ეგოისტური მოტივები იმალება. ის ეძებს თაყვანისმცემელს და არა პარტნიორს, რომელსაც ასევე აქვს სურვილები და საჭიროებები. ამიტომ ყოველთვის იფიქრეთ თქვენ თავზე და კონცენტრირდით საკუთარ მიზნებზე. 

დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები – ნარცისები ხშირად აძლევენ თავს უფლებას შემოიჭრან თქვენ საზღვრებში და დაგირღვიონ პიროვნული სივრცე. გაავლეთ წითელი ხაზები, და მკაცრად დაიცავთ თქვენი საზღვარი. აუხსენით ეს მშვიდად თუ არ გსურთ ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ მზად იყავით წინააღმდეგობისა ან შურისძიებისთვის.

არ მიიღოთ საკუთარ თავზე – იმისათვის რომ თავისი ეგო დაიცვას, ნარცისი ხშირად მიაწერს საკუთარ ნაკლს გარშემომყოფებს. ეცადეთ არ გაიშინაგნოთ ეს კრიტიკა და ნურც კამათში ჩაერთვებით. შეინარჩუნეთ ღირსების გრძნობა და ნუ იქნებით დამოკიდებული მის შეფასებაზე. 

იპოვეთ მხარდაჭერა სხვაგან – იმის გამო, რომ ნარცისის შეცვლა არც ისე ადვილია, მოძებნეთ ემოციური მხარდაჭერა და კმაყოფილება ამ ურთიერთობის გარეთ. შექმენით ჯანსაღი კავშირები, დაკავდით საყვარელი საქმიანობით და მოძებნეთ თვითაქტუალიზაციის სფერო, რათა აიმაღლოთ თვითშეფასება. 

სად ვეძებოთ დახმარება?

ნარცისული პიროვნული აშლილობა (NPD) იშვიათია და მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება. აღიარება იმისა, რომ საქმე გვაქვს აშლილობასთან და არა უბრალოდ ხასიათის შტრიხთან, პირველი ნაბიჯია პრობლემასთან გასამკლავებლად. ხშირ შემთხვევაში, ყველაზე რთული ნაბიჯი, ფსიქოლოგთან კონსულტაცია გახლავთ.


ნარცისულ პიროვნულ აშლილობაზე (NPD) ყველაზე ხშირად მუშაობენ ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიით (PDT) ან კოგნიციურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპიით (CBT), რა დროსაც კლიენტი სწავლობს ამოიცნოს თავისი აზროვნების უარყოფითი ნიმუშები და გაიაზროს თუ რა გავლენას ახდენენ ისინი მის ცხოვრებაზე. დაუპირისპირდეს მათ და განავითაროს უფრო ადაპტიური და ჯანსაღი მიდგომები.