რას ნიშნავს სასკოლო მზაობა?

6 წუთის საკითხავი

წინასასკოლო სამზადისი ხშირად დიდ ორომტრიალს უკავშირდება: როგორი ჩანთა შევარჩიოთ? რომელი დამრიგებელი შეგვხვდება,  ფერადი რვეულები, საკანცელარიოებში ფუსფუსი და ბევრი სხვა.

მაგრამ ახლა ვისაუბროთ იმ მთავარზე, რასაც ფსიქოლოგიური მზაობა ჰქვია.
სკოლის პირველი წელი სავსეა ისეთი სიახლეებით როგორცაა: დღის, კვების რეჟიმის ცვლილება, ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი ინფორმაციის ნაკადი… პირველკლასელი არც ხანგრძლივად ერთ ადგილას ჯდომასაა შეჩვეული და სასკოლო ჩანთის წონაც მკვეთრად განსხვავდება ბაღის კოხტა ჩანთისგან.

როგორ დავეხმაროთ ჩვენს პირველკლასელს, რომ შემზადებული შეხვდეს ყველა ზემოთჩამოთვლილს?

გარემოს გაცნობა და დადებითი განწყობა სკოლის მიმართ: წინასწარ მიიყვანეთ სკოლაში და გააცანით გარემო. გაამახვილეთ ყურადღებას საინტერესო სიახლეებზე, იქნება ეს ახალი თანაკლასელები, სხვადასხვა საგნები, ფერად-ფერადი სასკოლო ნივთები და ა.შ. აქცენტი იმაზე გააკეთეთ, რაც თქვენი შვილისთვის იქნება საინტერესო.

ახალი რუტინის შექმნა: ეცადეთ შეაჩვიოთ სასკოლო რეჟიმს სწავლის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც. დააწვინეთ 10-ზე და გააღვიძეთ 7.30, 8-ზე (6-7 წლის ბავშვს დაახლოებით 9-11 საათი უნდა ეძინოს). დღის მონაკვეთში გამოყავით 1 საათი შემეცნებითი თამაშისთვის, სადაც ჯდომა იქნება საჭირო.

სამუშაო კუთხე: წინასწარ იზრუნეთ მოსწავლის ინდივიდუალურ სამუშაო მაგიდაზე, სადაც მისი პირადი სივრცე იქნება.

სასკოლო ნივთების შერჩევა: ერთად შეარჩიეთ სასკოლო ჩანთა, ფერად-ფერადი რვეულები, ფანქრები და პასტები.

დამოუკიდებლობა: მიეცით საშუალება თავად გაემზადოს სკოლის პირველი დღისთვის. ჩაალაგოს ჩანთა, აარჩიოს შესაფერისი ტანსაცმელი და სხვა.

საუბარი: წაახალისეთ თამამად ისაუბროს სკოლასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და შესაძლო სირთულეებზე.

და გახსოვდეთ, რომ სკოლის პირველ დღეს ტირილი, სრულიად ნორმალურია როგორც გოგოსთვის, ისე - ბიჭისთვის.

რჩევები მშობლებს:

თუმცა, რაც არ უნდა ბედნიერად ჩაიაროს სკოლის პირველმა დღემ, პატარას ჩვენი მხარდაჭერა მთელი წლის მანძილზე შეიძლება დასჭირდეს. სპეციალისტების აზრით, სკოლასთან ადაპტაცია 2 თვიდან 6 თვემდე გრძელდება.  

ჩვენზე, როგორც მშობლებზე, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თუ რამდენად გაუადვილდება ბავშვს სკოლასთან შეჩვევა, რამდენად გაჰყვება სწავლის მოტივაცია, რამდენად სახალისო იქნება სკოლაში სიარული და ა.შ. ცხადია სკოლაზეც არანაკლებია დამოკიდებული, მაგრამ არის რაღაცები, რაც ნამდვილად შეგვიძლია გავაკეთოთ:

  • გამოიჩინეთ სკოლისადმი ინტერესი, ხანდახან უბრალოდ მოსმენაც საკმარისია;
  • შექმენით ისეთი გარემო, რომ ბავშვს ხელი არ შეეშალოს მეცადინეობისას;
  • რაზეც აქცენტს აკეთებს მშობელი, სწორედ იმის მოტივაცია ექმნება ბავშვს. ეს შეიძლება იყოს: პრესტიჟის შენარჩუნება (კიდევ ვინ მიიღო 10-იანი?), ყოფაქცევა (მასწავლებელი ხომ არ გააბრაზე?) ან ცოდნაზე ორიენტირებულობა (დღეს რა ისწავლე ახალი?)
  • დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ნიშანი იმას ზომავს, თუ როგორ გაართვა მან თავი დავალებას და არა იმას თუ როგორი მოსწავლე, როგორი ბიჭი ან გოგოა ის;
  • ხელი შეუწყვეთ გადმოიტანოს ნასწავლი ყოველდღიურობაში – ეს ცოდნის განმტკიცებასა და გააზრებაში დაეხმარება;
  • არ გააკრიტიკოთ – თუნდაც ცუდად წერდეს, ნელა კითხულობდეს, იყოს მოუწესრიგებელი. ნაცვლად საყვედურებისა, აგრძნობინეთ მხარდაჭერა და დადებითი უკუკავშირი: „ეს ასო ძალიან კარგად გამოგივიდა“, „ვხედავ რომ ინდომებ“ და ა.შ. ამით ბავშვს საკუთარი თავის რწმენს გაუძლიერებთ;
  • შეამჩნიეთ და აუცილებლად აღნიშნეთ თუნდაც მცირედი, რაც კარგად გამოსდის – ეს საკუთარი ძალების რწმენაში დაეხმარება;
  • მარტო აკადემიური მიღწევების გამო ნუ შეაქებთ. გაუწიეთ მორალური მხარდაჭერაც;
  • ყურადღება მიაქციეთ ბავშვს ტემპერამენტს, ეს მის პრობლემას სხვა კუთხით დაგანახებთ – აქტიურებს უჭირთ დიდხანს ჯდომა ხოლო პასიურებს, სკოლის რიტმთან შეჩვევა უძნელდებათ. გაესაუბრეთ ამაზე დამრიგებელს და დასახეთ ერთიანი გეგმა;
  • შეადარეთ მხოლოდ თავის თავს. ყურადღება გაამახვილებინეთ საკუთარ მიღწევებზე, იმუშავეთ რომ აჯობოს საკუთარ თავს და ხვალინდელი დავალება იყოს უკეთ შესრულებული, ვიდრე გუშინდელი. სხვასთან შედარება საკუთარ თავზე ზედმეტად მაღალ წარმოდგენას, ან შურსა და თვითშეფასების დაცემას გამოიწვევს.
  • ყოველთვის სერიოზულად მიუდექით ბავშვის პრობლემას, რაც არ უნდა წვრილმანი გეჩვენოთ ის. თანაკლასელებთან, ან მასწავლებლებთან კონფლიქტმა, შეიძლება გაცილებით უფრო სერიოზული კვალი დატოვოს ბავშვზე, ვიდრე თქვენზე ოჯახის წევრებს შორის, ან კოლეგებს შორის კონფლიქტმა შეიძლება იმოქმედოს.
მთავარი პრინციპია - შევუნარჩუნოთ მოტივაცია და სიხარული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა არ იგრძნოს იმედგაცრუება სწავლის დაწყებისთანავე.

ბავშვმა წარმატებით გადალახა სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი თუ ხედავთ რომ მხიარულია, სწრაფად პოულობს მეგობრებს, კარგად იხსენიებს პედაგოგებსა და თანატოლებს, ადეკვატურად რეაგირებს მასწავლებლის შენიშვნებზე, ძალდატანების გარეშე აკეთებს დავალებას, ადვილად იღებს სკოლის წესებს და ეგუება დღის ახალ რეჟიმს (არ ტირის დილით, ადვილად იძინებს საღამოს).

არ მინდა სკოლაში

მაგრამ ზოგჯერ ბავშვები წუწუნებენ სკოლაში წასვლაზე, იმიზეზებენ რა ცუდად ყოფნას, დაღლილობას და ა.შ. ხანდახან იმის უკან რაც მშობლებს სიზარმაცედ გვეჩვენება, სხვა უფრო სერიოზული მიზეზები იმალება ხოლმე.

გადატვირთული დღის რეჟიმი:

ბავშვი ხშირად იღლება, უჭირს საღამოს დაძინება ან დილით გაღვიძება, ვერ ასწრებს მეცადინეობას და აქვს სირთულეები სწავლაში. ზოგჯერ მშობლები მეტად ვურთულებთ ცხოვრებას: შეგვყავს სხვადასხვა წრეებზე და ამ ყველაფრით ისე ვტვირთავთ, რომ ბავშვს ნახევარი საათიც აღარ რჩება თავისუფალი თამაშებისთვის.

რა გავაკეთოთ? დრო მიეცით ახალ რეჟიმთან შესაჩვევად. მხოლოდ ამის შემდეგ და მხოლოდ ბავშვის ინტერესების მიხედვით შეარჩიეთ კლასგარეშე აქტივობა. დაიწყეთ მხოლოდ ერთით, ნახეთ როგორ აეწყობა და ამის მერე გადაწყვიტეთ დამატებით წრეზე შეიყვანთ თუ არა. გაითვალისწინეთ, რომ პირველკლასელ ბავშვს ერთი საათი მაინც უნდა დავუტოვოთ თავისუფალი თამაშებისთვის (აქ არ იგულისხმება ეკრანთან გატარებული დრო).

სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობაში:

შეიძლება ბავშვს არ აქვს კარგად განვითარებული სოციალური უნარები: არ ესმის გარშემომყოფების, არ აქვს ემპათიის, დათმობის, თანამშრომლობისა და ემოციების მართვის უნარები. ამის გამო ვერც თანაკლასელებს უმეგობრდება, აღარც სკოლაში სიარული ეხალისება და აღარც მეცადინეობა.

რა გავაკეთოთ? ეს ის აუციელებელი უნარია, რისი ჩანასახებიც ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ყალიბდება როლური თამაშების დროს, ხოლო საბავშვო ბაღსა და დაწყებით კლასებში – რეალურ სიტუაციებში მტკიცდება. ეცადეთ ბავშვთან ერთად იმუშაოთ ამაზე – შეუქმენით საუბრისას ისეთი სიტუაცია, რომ მან შეძლოს საკუთარი თავის სხვის (თანაკლასელის, მასწავლებლის) ადგილას წარმოდგენა. ჰკითხეთ, რას იგრძნობდა იმ ადამიანის ადგილას. ამით ბავშვს სხვა ადამიანების ქცევის მოტივების გაანალიზებაში დაეხმარებით.
ასწავლეთ უარყოფითი ემოციების მისაღები გზებით გამოხატვის გზები როგორიცაა ღრმა სუნთქვა და ამაზე საუბარი.

არ აქვს სისიტემატიური მეცადინეობის ჩვევა:

როგორ წესი, როცა პირველკლასელი სამეცადინოდ ვერ ჯდება, ამის მიზეზი სიზარმაცეში კი არა, ნებისყოფის არ ქონაშია. არსებობს ხასიათის შტრიხი „გაჭიანურება“ რაც ახასიათებს როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს. უფროსები „ვსქროლავთ“ ფეისბუქს და ვათვალიერებთ უამრავ არასაჭირო საიტს, იქამდე სანამ ჩვენთვის საჭირო მასალაზე მუშაობას დავიწყებთ. ბავშვსაც ასევე უჭირს მაგიდასთან დაჯდომა და კონცენტრაცია. უკვე დამჯდარს კი ყველაფერი ყურადღებას უფანტავს და მეცადინეობაც უსასრულოდ იწელება.

რა გავაკეთოთ?  ნებისყოფაზე მუშაობა სკოლამდელ ასაკშივე უნდა დაიწყოთ: მიაჩვიეთ სახლის მოვალეობების შესრულებას, რეჟიმის დაცვას, სპორტულ აქტივობასა და სხვა ისეთ საქმიანობებს, რაც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ამის მერე მისთვის აღარ იქნება სიახლე სასკოლო დატვირთვა და მოვალეობები.

ბავშვების უმრავლესობას, სწავლის დაწყების საწყის ეტაპზე დახმარება სჭირდება ორგანიზებაში: თავის დროზე რომ დაჯდეს სამეცადინოდ, აიღოს საჭირო წიგნები და ა.შ. ერთად ჩამოაყალიბეთ პროგნოზირებადი დღის რეჟიმი, სადაც ბავშვს წინასწარ ეცოდინება როდის იმეცადინოს, როდის ითამაშოს და ა.შ.

სკოლიდან მოსულ ბავშვს დაგროვილი ემოციებისგან დაცლა სჭირდება. ხშირად სწორედ ეს უშლის ხელს ყურადღების მოკრეფაში. ამაში დაგეხმარებათ ერთობლივი სადილი, რა დროსაც ბავშვი შთაბეჭდილებების გაგიზიარებთ.
სწორად შერჩეული დავალებების შემთხვევაში, პირველკლასელს მეცადინეობისთვის ნახევარი საათზე მეტი არ უნდა დაჭირდეს. თუმცა ბევრი მათგანი გაჭიანურების გამო, გაცილებით მეტ ხანს მეცადინეობს. ასეთ დროს შეგვიძლია გამოვიყენეთ მაღვიძარა, რომელიც ანიშნებს ნახევარი საათის გასვლას. არა ზეწოლისთვის, არამედ როგორც მოტივატორი, ჩაეტიოს ამ ნახევარ საათში და უქმად არ დახარჯოს დრო.

უჭირს სასკოლო მასალის ათვისება:

როცა ბავშვს რაიმე საკითხი გაუგებარი რჩება, მასზე ახალი გაუგებარი საკითხი შენდება. ეს ბავშვს უსუსურობის განცდას უჩენს – სასწავლო მასალა უინტერესო ხდება, დავალებების დამოუკიდებლად შესრულება კი – დაუძლეველი სირთულე.

რა გავაკეთოთ? ასწავლეთ, რომ როცა რამეს ვერ გაიგებს, აუცილებლად ჰკითხოს მასწავლებელს და რომ ამაში მოსარიდებელი არაფერია. მიაჩვიეთ ბავშვი  რომ თქვენი ჩარევის გარეშე, თავად გადალახოს ბარიერი და თამამად იურთიერთოს მასწავლებელთან.
ხანდახან მშობლები უბრალოდ არ ვაძლევთ ბავშვს საშუალებას იგრძნოს რომ: დავალებების გაკეთება თავისი საქმე და პასუხისმგებლობაა. გვინდა რომ დავალებებმა მასწავლებელზე შთაბეჭდილება მოახდინონ, მაგრამ ამას მსხვერპლად ეწირება როგორც ბავშვის დამოუკიდებლობა, ისე ოჯახური ურთიეთობები და სწავლის მოტივაციაც. 

ბავშვს ექმნება განწყობა რომ დავალება მასწავლებლისთვის კეთდება მაშინ, როცა კარგ მასწავლებელს სწორედ დაშვებული შეცდომები აწვდის ინფორმაციას თუ რაზე უნდა იმუშაოს კონკრეტულ ბავშვთან. ხოლო გაუაზრებელი „სწორად“ დაწერილი დავალებებით, მხოლოდ გაუგებარი საკითხების დაგროვებას და მასალის  გაზეპირებას შევუწყობთ ხელს.

ბულინგი:

შეურაცხყოფა და ბულინგი თანაკლასელების მხრიდან, ყველაზე ძლიერი მიზეზია სკოლაში სიარულის სურვილის არ ქონისა.

რა გავაკეთოთ? არსებობს ბულინგის განსხვავებული სტადიები: მსუბუქი აგრესიიდან ძლიერ შეურაცხყოფამდე. მსუბუქი აგრესია ასაკობრივია და ამაში თქვენი ჩართულობით მეტად დაამძიმებთ სიტუაციას, მაგრამ როცა დაინახავთ რომ საქმე არც ისე მარტივადაა, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაერიოთ.

თუ ბავშვთან ნდომაზე დამყარებული ურთიერთობა გაქვთ, აუცილებლად შეამჩნევთ ბულინგის ადრეულ სტადიას. პირველ რიგში ჩართეთ სკოლის ფსიქოლოგი და თავად ბავშვს ასწავლეთ ბულინგთან გამკლავების სხვადასხვა მეთოდები. თუ არაფერმა იმუშავა, შეცვალეთ სკოლა, მაგრამ გააფრთხილეთ იქაური ფსიქოლოგიც, რომ ბავშვმა ქცევის ძველი ნიმუში არ გამოიყენოს და ახალ კოლექტივშიც მსხვერპლის პოზიციაში არ ჩადგეს.