2 წუთის საკითხავი
„მუცლის დრო“ არის ჩვილის ფიზიკური აქტივობა, რომელიც აძლიერებს კუნთებს და ხელს უწყობს მოტორულ განვითარებას.
ვარჯიშის დაწყება შეგიძლიათ სამშობიაროდან სახლში მოყვანისთანავე – რაც ადრე, მით უკეთესი. პროცედურა მარტივია და არ საჭიროებს სპეციალურ აღჭურვილობას. როცა თქვენი შვილი იღვიძებს და მეთვალყურეობის ქვეშაა, მოათავსეთ რაიმე მყარ, ბრტყელ ზედაპირზე – მუცლით ქვემოთ. ამისთვის ხშირად იატაკზე დაგებულ პლედს ან ნოხს იყენებენ ხოლმე.
მუცელზე მწოლიარე პატარა თავის მაღლა აწევას ცდილობს, ამ დროს კი:
- იჭიმება და ვარჯიშდება კისრისა და მხრების კუნთები, რაც უხეში მოტორული უნარების (გადაბრუნება, ხოხვა, ოთხზე აწევა, დგომა, სიარული) განვითარებაში დაეხმარება;
- ცდილობს მისწვდეს ახლოს მყოფ სათამაშოებს, რა დროსაც უმჯობესდება თვალისა და ხელის კოორდინაცია;
- გარდა ვარჯიშისა, მუცელზე წოლა ბრტყელი თავის სინდრომის (პლაგიოცეფალიის) პრევენციის საშუალებაცაა.
ვარჯიში დაიწყეთ მოკლე დროით (3-5 წუთით, 2-3 ჯერ დღეში) და თანდათან გაზარდეთ. ჩვილმა ამ პოზაში ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარი საათი უნდა გაატაროს. სიხშირე და ხანგრძლივობა კი, თქვენი და თქვენი შვილის დღის რუტინას მოარგეთ.
რას ვაკეთებთ, თუ ახალშობილი მუცელზე ვერ წვება?
შეიძლება ახალშობილს სულაც არ მოსწონს მუცელზე წოლა. ეს მოსალოდნელიცაა მანამ, სანამ პოზა მისთვის ჩვეული არ გახდება. ნუ მიიღებთ პატარას ჭირვეულობას აქტივობის შეწყვეტის ნიშნად. პროცედურის გასამარტივებლად შეგიძლიათ მკერდის ქვეშ დახვეული პირსახოცი ან პლედი შეუდოთ – ეს აზიდვის დაწყებაში მიეხმარება. დაიხმარეთ სხვადასხვა სათამაშოები, სარკე, ჩართეთ პროცესში სენსორული აქტივობები ტექსტურიანი ქსოვილებით. გამოიყენეთ „მუცლის დრო“ თქვენს შვილთან ურთიერთობისთვის – მიუტანეთ სახე ახლოს და წაახალისეთ, რომ თავი ასწიოს და შემოგხედოთ, დაიწვინეთ მკერდზე და ეთამაშეთ მიმიკებით. ასე პროცესი ორივესთვის სახალისო გახდება.
თუმცა ხანდახან არაფერი არ მუშაობს, განსაკუთრებით – ახალშობილობის პერიოდში. გულს ნუ გაიტეხთ. არსებობს ალტერნატივები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იქამდე, სანამ თქვენი პატარა მუცელზე წოლას შეძლებს:
გადმოაბრუნეთ აყვანამდე
სანამ მწოლიარე ჩვილს აიყვანთ, ნაცვლად იმისა რომ თავქვეშ ხელი შეუყუდოთ, გადმოაბრუნეთ გვერდზე და ისე ასწიეთ. ეცადეთ, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა გვერდზე გადააბრუნოთ. გადმობრუნებისას ჩვილი რეფლექსურად დაჭიმავს კისრის კუნთებს იმისთვის, რომ თავი სხეულთან შესაბამისობაში იყოს. ამიტომ თავის დასაჭერად დამატებითი დახმარება აღარ დასჭირდება.
წაახალისეთ ჩვილი ითამაშოს გვერდზე მწოლიარემ
ზურგზე მწოლიარე ბავშვი, ფეხის დახმარებით გადააბრუნეთ გვერდზე და წინ სათამაშო დაუდეთ. ეცადეთ, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა მხარეს გადააბრუნოთ. ჩვილის მუცლის კუნთები გააქტიურდება რათა დაიქნიოს ფეხები და მისწვდეს სათამაშოს. დამატებითი მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ ზურგს უკან თქვენი ფეხი, ან გრძლად დახვეული პირსახოცი შეუყუდოთ.
ზურგზე წოლისას წაახალისეთ თვალი გააყოლოს მოძრავ სათამაშოს
მიუტანეთ სათამაშო თვალებთან ახლოს და ნელა ამოძრავეთ ერთი გვერდიდან-მეორისკენ. ჩვილი სათამაშოს ჯერ თვალებით, შემდეგ კი თავით გაჰყვება, რითაც კისრის კუნთებს გაავარჯიშებს.
დაიჭირეთ ისე, რომ თავის აწევა ან მიტრიალება დასჭირდეს
აიყვანეთ ახალშობილი ისეთ პოზიციაში, რომ თავი მხოლოდ მსუბუქად, ან საერთოდ არ დაუჭიროთ. მაგ: გადაიწვინეთ მკლავზე მუცლით ქვემოთ – ჩვილი თავს წამოწევს რომ დაათვალიეროს რა ხდება გარშემო.
მიეხმარეთ მუცელზე გადაბრუნებაში
როცა ჩვილი ცოტა მოძლიერდება, შეგიძლიათ კიდევ სცადოთ მუცელზე დაწვენა. დააწვინეთ ჯერ ზურგზე. შემდეგ კი, ცალი ფეხის დახმარებით გადააბრუნეთ მუცელზე. როგორც გვერდზე გადაბრუნებისას, თავი სხეულთან შესაბამისობაში რომ იყოს, ახალშობილი ამ დროსაც უნებურად დაჭიმავს კისრის კუნთებს. გაუსწორეთ ხელები მუცელზე გადმობრუნებისას რათა დარწმუნდეთ, რომ ტანით არ აწვება მათ.
წამოაჯინეთ მწოლიარე ახალშობილი
ჩასჭიდეთ ხელები და ფრთხილად წამოაჯინეთ ზურგზე მწოლიარე პატარა. ეს აქტივობა ძალიან კარგია კისრის კუნთების გასაძლიერებლად და თავის კონტროლისთვის. თუმცა არაა რეკომენდებული მანამ, სანამ ჩვილი 4 თვის არ გახდება.