2 წუთის საკითხავი
ფიზიკურ ძალადობაა როცა მოძალადე მიზანმიმართულად იყენებს ფიზიკურ ძალას მსხვერპლის მიმართ. აქ შედის: ხელის კვრა, ყურის აწევა, წამორტყმა, ალიყური, ცემა, რაიმე საგნის დარტყმა, მოძრაობის შეზღუდვა, სტრესულ ფიზიკურ მდგომარეობაში ჩაყენება, ხელის მოჭერა, შეჯანჯღარება, თმის მოქაჩვა, ძილის და საკვების აკრძალვა, სამედიცინო ჩარევის აკრძალვა და სხვა.
ძალადობის ამ ფორმის შედეგია როგორ ხილული ნიშნები (ტკივილი, სხვადასხვა სახის სხეულებრივი დაზიანებები ან ტრავმები), ასევე ფსიქოლოგიური გართულებები: ტრამვისშემდგომი სტრესული აშლილობა, გონებრივი ჩამორჩენა და სხვა.
მოძალადე, როგორც წესი, თავს იმით იმართლებს, რომ აიძულეს ასე მოქცეულიყო, იყო ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
რა არის ის მიზეზები, რის გამოც დღემდე არსებობს ფიზიკური ძალადობა?
- არასაკმარისი ცოდნა ბავშვის განვითარებისა და მოვლის შესახებ. სამწუხაროდ, ბევრმა მშობელმა დღემდე არ იცის რა მძიმე შედეგები მოჰყვეს ბავშვზე ძალადობას. ამასთან, არ იციან სხვანაირად როგორ მართონ რთული ქცევა.
- ძალადობრივი ქცევა ოჯახში ნორმაა – თაობიდან თაობას გადაეცემა.
- საზოგადოება ძალადობას ვერ აღიქვამს ისეთ პრობლემად, როგორიც ის სინამდვილეშია.
- ჩვენს კულტურაში გავრცელებულია სხვადასხვა მითები, რაც ბავშვის მიმართ მკაცრ მოპყრობას ქადაგებს („შვილი გაზარდე მტრად, მოყვარედ გამოგადგებაო“, „მტკიცე ხელი“ და ა.შ).
როდის მიგვაქვს ეჭვი ფიზიკურ ძალადობაზე?
- ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები, რომლებიც სხვადასხვა ფერისაა და სხეულის მიუდგომელ ადგილებშია. ანუ მიღებული აქვს სხვადასხვა დროს და არაშემთხვევითია;
- მოტეხილობები;
- ბავშვი ვერ ხსნის ტრავმის წარმომავლობას ან ახსნილი საეჭვოდ უცნაურია და არ შეესაბამება ტრავმის ბუნებას;
- ტრავმა არ არის საკმარისად დამუშავებული, არ აქვს გაწეული შესაბამისი სამედიცინო დახმარება;
- სეზონისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა (ზაფხულში გრძელ ტოტებიანი სამოსი);
- აშინებს კონკრეტული ადამიანის გამოჩენა (თუ პატარაა იწყებს ტირილს);
- აპროტესტებს კონკრეტულად ადგილას წასვლას;
- როდესაც მის მიმართულებით ხელს გავწევთ (მაგალითად მოსაფერებლად), მკვეთრად ტრიალდება და ხელებით სახეს იფარავს, შეხებისას იძაბება და კანკალებს;
- აქვს გადაუდებელ სამედიცინო დაწერებულებაში ხშირი ვიზიტების ისტორია;
- ხშირად უცვლიან ექიმებს, არ ჰყავს ერთი კონკრეტული თერაპევტი.
ის რაც ბავშვს უნდა ვასწავლოთ:
- არავის და არცერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება მოგაყენოს (თუნდაც მსუბუქი) ტკივილი;
- ძალადობა არასოდეს არ არის შენი ბრალი, დამნაშავე ყოველთვის მოძალადეა;
- მიუხედავად მოძალადის მონანიებისა ან თავის მართლებისა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია და არასოდეს აქვს გამართლება;
- თუკი შენზე ძალადობენ, აუცილებლად შეატყობინე იმ ზრდასრულს, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობი.