სხეულის ენა – რაც სიტყვების უკან იმალება

5 წუთის საკითხავი

ადამიანებს შორის ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციით. დიდი ნაწილი ინფორმაციისა გადადის არავერბალური სიგნალებით, მათ შორის – სხეულის ენით, რომელიც მოიცავს სახის გამომეტყველებას, ჟესტებს, პოზას, დისტანციას და სხვა.
მეცნიერებას, რომელიც ამ ყველაფერს შეისწავლის, კინესიკა ეწოდება. სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ სიგნალებს, რომელთაც ხშირად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში.

არავერბალური ნიშნები გვეხმარება უკეთ გავუგოთ როგორც გარშემომყოფებს, ისე საკუთარ თავს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფორმაციის აღქმასა და ინტერპრეტაციაზე. მაგალითად, როცა მოსაუბრე სიტყვებით ერთს ამბობს, მაგრამ მისი სხეულის ენა სხვაგვარ შეტყობინებას გადმოსცემს, ტვინს აქვს ტენდენცია, უპირატესობა სხეულის ენას მიანიჭოს და მის საფუძველზე შეაფასოს, რამდენად სანდოა მოსაუბრის ნათქვამი.

სხეულის ენა, როგორც წესი, ბუნებრივად თან ახლავს კომუნიკაციის პროცესს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მინიმალურად იყენებენ არავერბალურ სიგნალებს და მათი სახე და სხეული მუდამ უძრავია. ასეთ შემთხვევებში, პიროვნება შეიძლება ცდილობდეს თავისი ჭეშმარიტი შინაგანი მდგომარეობის დამალვას, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

სხეულის ენა მეტწილად უნივერსალურია. განსაკუთრებით, სახის მიმიკები. თუმცა მისი ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის: კულტურული განსხვავებები, ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თავისებურებები და ნეიროგანვითარების მდგომარეობა (როგორიცაა აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი და სხვა).

თვალები

თვალებს ხშირად "სულის ფანჯრებს" უწოდებენ, რადგან მათ ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამხელა შეუძლიათ. არსებობს რამდენიმე სპეციფიკური ნიშანი, რომელთაც ყურადღება შეიძლება მივაქციოთ:

  • თვალით კონტაქტი როდესაც მოსაუბრე თვალით კონტაქტს ამყარებს, ეს ინტერესისა და ყურადღების ნიშანია. თუმცა, ზედმეტად ინტენსიურმა მზერამ შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს. მეორეს მხრივ, ხშირი თვალის არიდება შესაძლოა მიუთითებდეს დაბნეულობაზე, შფოთვაზე ან ნამდვილი განცდების დამალვის მცდელობაზე.
  • ხამხამი – ნორმალურია, მაგრამ როდესაც ადამიანი ზედმეტად ხშირად ახამხამებს თვალებს, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ნერვიულობაზე, შიშზე ან რთული ამოცანის წინაშე დგომაზე. იშვიათი ხამხამი კი შესაძლოა თვალის განზრახ კონტროლის ნიშანი იყოს.
  • გუგის ზომა – მიუხედავად იმისა, რომ გუგის გაფართოებაზე ხშირად გარემო ფაქტორები მოქმედებს (მაგალითად, განათება), დიდ როლს თამაშობს ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. გაფართოებული გუგები ხშირად მიუთითებს დაინტერესებაზე ან სიმპათიაზე, ხოლო დავიწროებული – გულგრილობაზე ან შიშზე.
  • მზერის მიმართულება – მზერა ყოველთვის იქით არის მიმართული, რაც ჩვენთვის საინტერესოა. ამიტომ თუ მაგალითად მოსაუბრეს თვალები ხშირად საჭმლისკენ ან კარისკენ გაურბის, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას საუბარზე მეტად ჭამა ან წასვლა აინტერესებს. რთულ საკითხზე დაფიქრებისას კი ადამიანები ხშირად თვალებს ქვემოთ ან გვერდზე მიმართავენ.
  • თვალების დაფარვა – თუ ადამიანი გაუცნობიერებლად მალავს თვალებს (ხელს იფარებს, ხუჭავს, აელმებს და ა.შ.), ეს შეიძლება იყოს გაღიზიანების, დაძაბულობის ან იძულებითი მოქმედების ნიშანი.

პირი

ღიმილი ყოველთვის დადებით ემოციას გამოხატავს?

გულწრფელი ღიმილი ხასიათდება ტუჩის კუთხეების აწევით, თვალების შევიწროებით და კუთხეებში ნაოჭებით. თუმცა, როცა ღიმილში თვალები არ მონაწილეობს, ეს შესაძლოა არაგულწრფელი ან ფორმალური ღიმილი იყოს.
ცალყბად ჩაღიმება  შეიძლება მიუთითებდეს თვითკმაყოფილებაზე, ირონიაზე, გაურკვევლობასა ან უკმაყოფილებაზე.
ხოლო ღიმილი ხანგრძლივი თვალით კონტაქტით ან თავის ჩახრით, შესაძლოა გამოხატავდეს მიზიდულობასა და ვნებას.

  • მოკუმული ტუჩები – მიუთითებს ზიზღზე, უკმაყოფილებაზე ან უნდობლობაზე.
  • ოდნავ გახსნილი ტუჩები – ახასიათებს მშვიდ და მოსვენებულ მდგომარეობას.
  • ტუჩების კანკალი – სევდის ან შიშის ნიშანია.
  • ტუჩების კვნეტა – შეიძლება გამოხატავდეს შფოთვას, ნერვიულობას ან სტრესს.
  • საუბრისას ტუჩებზე ხელის დაფარება – ხშირად ნიშნავს, რომ ადამიანი ცრუობს, ან ცდილობს ნამდვილი ემოციების დამალვას.

ჟესტები

ჟესტები ხშირად უნივერსალურია და კომუნიკაციის განმტკიცებაში გვეხმარება. თუმცა, მათი ინტერპრეტაცია კულტურების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

შეკრული მუშტი – მიუთითებს შეკავებულ ბრაზზე ან იმედგაცრუებაზე. ზოგჯერ კი, სოლიდარობის სიმბოლოა.

ზევით/ქვევით მიმართული ცერი – გამოხატავს მოწონებას ან არმოწონებას.

OK ჟესტი (ცერა და საჩვენებელი თითით წრის შექმნა, დანარჩენი თითები გაშლილი):

  • უმეტეს კულტურაში – აღნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა (OK).
  • ევროპის ზოგიერთ ნაწილში – ნიშნავს “არარაობას”.
  • სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყნებში – შეიძლება ვულგარულ ჟესტად აღიქმებოდეს.
  • ბოლო წლებში მისი გამოყენება გარკვეულ იდეოლოგიურ კონტექსტში (თეთრი ძალაუფლების ნიშნად) დაიწყეს.

V სიმბოლო (საჩვენებელი და შუა თითი V ფორმაზე):

  • ხელისგული გარეთ მიმართული – აღნიშნავს მშვიდობას ან გამარჯვებას.
  • ხელისგული შიგნით მიმართული – ბრიტანეთსა და ავსტრალიაში შეურაცხმყოფელ ჟესტად ითვლება (მსგავსად შუა თითის ჩვენებისა).

კიდურები

როგორც წესი, ადამიანი ხელებსა და ფეხებს მიზანმიმართული ჟესტებისთვის იყენებს, მაგრამ მათ უნებლიე მოძრაობებშიც ბევრი რამ შეიძლება იკითხებოდეს.

  • გადაჯვარედინებული მკლავები – ხშირად ნიშნავს თავდაცვას, ჩაკეტილობას ან ანტაგონისტურ განწყობას. ხოლო თუ პიროვნება ამ დროს იღიმის და წელგამართულია, ეს შეიძლება თავდაჯერებულობის და კონტროლის ნიშანიც იყოს.
  • დოინჯშემოყრილი დგომა – მიუთითებს მზადყოფნაზე და თავდაჯერებულობაზე. მაგრამ თუ ხელის მტევნები მომუშტულია, ეს შეიძლება აგრესიულ ან ოპოზიციურ განწყობაზე მიანიშნებდეს.
  • ხელების ზურგს უკან შემოწყობა – შეიძლება მიუთითებდეს მოწყენილობაზე, შფოთვაზე ან ბრაზზეც კი.
  • თითების კაკუნი ან მოუსვენარი მოძრაობა – გამოხატავს მოუთმენლობას, მოწყენილობას ან იმედგაცრუებას.
  • გადაჯვარედინებული ფეხები – მიანიშნებს ჩაკეტილ პოზაზე ან განმარტოების სურვილზე.
  • ტერფების ბაკუნი, ფეხების ქნევა ან წონასწორობის ცვლა – მიუთითებს ნერვიულობასა და მოუსვენრობაზე.

პოზა

  • გახსნილი პოზა – როდესაც ადამიანი მხრებში გაშლილი და გამართული ზის ან დგას, ეს მიუთითებს მეგობრულ განწყობაზე, თავდაჯერებულობაზე და კომუნიკაციისთვის მზადყოფნაზე.
  • ჩაკეტილი პოზა – თუ ადამიანი მოხრილია, მკერდს “მალავს”, ან ხშირად აჯვარედინებს ხელებსა და ფეხებს, ეს შეიძლება მიანიშნებდეს შფოთვაზე, არაკომფორტულ მდგომარეობაზე ან თავდაცვით პოზიციაზე.
  • უჩვეულო პოზა – განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მაშინ, როცა ვინმე პოზას იცვლის და მისთვის არაადეკვატურად იქცევა. ეს ხშირად მიანიშნებს შინაგან დაძაბულობას ან ემოციურ ცვლილებას.

პიროვნული ზონები

სხეულის ენა

გახსენდებათ შემთხვევა, როცა მოსაუბრე ძალიან მოგიახლოვდათ და ამის გამო თავი არაკომფორტულად იგრძენით?
დისტანციას, რომელზეც მიმდინარეობს კომუნიკაცია, შეუძლია შეაფერხოს, ან პირიქით – წაახალისოს ეს უკანასკნელი. არსებობს ოთხი სხვადასხვა ზონა, რომელშიც ადამიანები ჩვეულებრივ ურთიერთობენ: ინტიმური, პიროვნული, სოციალური და სახალხო.

  • ინტიმური ზონა (45 სმ ზე ნაკლები): განკუთვნილია მხოლოდ ახლო ადამიანებისთვის (ოჯახი, პარტნიორი, უახლოესი მეგობრები). მისი დარღვევა უცხო ადამიანის მიერ იწვევს უხერხულობას.
  • პიროვნული ზონა (45 სმ-1.2 მ): მეგობრული, არაფორმალური შეხვედრების, ან ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის. როცა ურთიერთობაში ნდობა იზრდება, ეს მანძილი ნელ-ნელა შეიძლება შემცირდეს. ეს პარტნიორის ჩვენდამი დადებით დამოკიდებულებაზე მიგვანიშნებს. თუმცა, ზედმეტად მოახლოებამ შეიძლება უხერხულობა გამოიწვიოს. მოსაუბრისგან დაშორება კი პირიქით, ნეგატიური ემოციების, დაძაბულობისა და შფოთვის მანიშნებელია.
    ამგვარად, მანძილის გამიზნული ცვლილებით, მოსაუბრეს შეგვიძლია ვაგრძნობინოთ ჩვენი დამოკიდებულება და წავახალისოთ მასში გულწრფელობა.

სოციალური ზონა (1.2-3.6 მ): ფორმალური ურთიერთობების, ოფიციალური შეხვედრების, ან ზედაპირული ნაცნობებისთვის.

სახალხო ზონა (3.6 მ-დან): საჯარო გამოსვლების, პრეზენტაციების, მასობრივი კომუნიკაციისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კულტურაში ზონების აღქმა განსხვავდება. მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში შედარებით მცირე დისტანციაზეა საუბარი ნორმალური, მაშინ როცა სკანდინავიურ ქვეყნებში ადამიანები პირადი სივრცის დაცვისკენ არიან მეტად მიდრეკილნი.

სხეულის ენის გაგება შეიძლება მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ ურთიერთობებში, თუმცა მისი პირდაპირი ინტერპრეტაცია ყოველთვის არ არის სწორი. განსაკუთრებით მაშინ, თუ არ განიხილავთ ვერბალურ და სიტუაციურ კონტექსტს. მაგალითად, თუ ადამიანი საუბრის დროს თვალს გარიდებთ, ნუ გამოიტანთ მყისიერ დასკვნას, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. შესაძლოა, ის უბრალოდ გადაფანტულია, რაღაც სხვა საფიქრალი აქვს, ან საქმე გვაქვს კულტურულ განსხვავებასთან.