როცა ბავშვი ახალ სკოლაში გადადის

2 წუთის საკითხავი

სკოლის შეცვლა ნებისმიერ ასაკში დიდი გამოწვევაა ბავშვის ცხოვრებაში. განსაკუთრებით კი, გარდატეხის ასაკში მყოფი ან ინტროვერტი (საკუთარ თავში ჩაკეტილი) მოსწავლისათვის. გარდა იმისა, რომ ბავშვი იძულებული ხდება დატოვოს ჩვეული და გადაინაცვლოს მისთვის სრულიად უცნობ გარემოში, წინ ისეთი ახალი გამოწვევები ელოდება როგორიცაა: ახალი მეგობრების გაჩენა, ახალი გარემო, სწავლის მეთოდები და სხვა. კარგი ამბავია ის, რომ მშობლის სწორი მხარდაჭერითა და მოთმინებით, ამ პროცესმა შეიძლება საკმაოდ უმტკივნეულოდ ჩაიაროს. ამისთვის ჩვენ რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, თქვენ კი ამოარჩიეთ ისეთები, რაც თქვენი შვილის ასაკსა და ტემპერამენტს შეესაბამება.

სანამ სკოლას შეიცვლის
  • თუ ბავშვი საკმარისად დიდია, წინასწარ განიხილეთ ეს ნაბიჯი მასთან ერთად;
  • აგრძნობინეთ თქვენი ენთუზიაზმი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ისაუბრეთ იმ დადებითზე, რაც ახალ სკოლაში გადასვლისას ელოდება;
  • კონკრეტულად განიხილეთ ყველაფერი ის, რაც მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით აღელვებს. თუ მისი განცდები ძალიან ბუნდოვანია, აუხსენით რომ მოუსვენრობა და ღელვა სრულიად მოსალოდნელია ამ სიტუაციაში. არავის უყვარს გაურკვევლობა, განსაკუთრებით – ბავშვებს. მაგრამ ხანდახან დროებით უნდა შეეგუოს ამ გაურკვევლობას და არ მისცეს ემოციებს საშუალება ძლიერი გავლენა მოახდინონ მის ქცევაზე;
  • უბიძგეთ კონკრეტულად ისაუბროს იმაზე, თუ რა აშფოთებს ახალ სკოლასთან დაკავშირებით. ამით სიტუაციას მისი თვალით შეხედავთ და დახმარების გზებსაც  უკეთ დაინახავთ;
  • დაგეგმეთ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ახლო მეგობრებთან ერთად. კარგი იქნება, თუ მათთან რაღაც პერიოდი მაინც შეძლებს კონტაქტის შენარჩუნებას. თუნდაც, დისტანციურად;
  • ახალი მოსწავლე ყველას აინტერესებს: მოამზადეთ ბავშვი იმისთვის, რომ კლასელები უამრავ შეკითხვებს დაუსვამენ. ურჩიეთ წინასწარ იფიქროს შეკითხვების ვარიანტებზე, რომ მომზადებული შეხვდეს მათ;
  • ახალ სკოლაში გადასვლამდე მოუწყვეთ გაცნობითი ტური. დაათვალიერეთ ეზო, სკოლის შენობა, საკლასო ოთახი, გააცანით მასწავლებელი და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ რამდენიმე მომავალ თანაკლასელსაც გაიცნობს.
სკოლაში გადასვლის შემდეგ
  • დაეხმარეთ მოწესრიგებაში, მაგრამ მიეცით საშუალება თავად აირჩიოს თუ რას ჩაიცვამს პირველი დღისთვის, როგორ ჩანთას გაიკეთებს და ა.შ. ამით ბავშვი შეძლებს რაღაც მაინც გააკონტროლოს იქ, სადაც არ იცის წინ რა ელოდება;
  • თუ რომელიმე ბავშვს იცნობს ახალი სკოლიდან, კარგი იქნება, რომ პირველ დღეს მათთან ერთად წავიდეს სკოლაში და თან, საჭირო რჩევებიც მოისმინოს;
  • მიიყვანეთ სკოლაში შედარებით ადრე, რომ საკმარისი დრო ჰქონდეს გარემოსთან შესაჩვევად;
  • გაწევრიანდით მშობლების ჯგუფში რომ არ გამოგრჩეთ კლასგარეშე აქტივობები. მათში ჩართულობა ბავშვს ახალი სამეგობრო წრის გაჩენაში მიეხმარება;
  • იმისათვის რომ საქმის კურსში იყოთ, თუ როგორ ეჩვევა თქვენი შვილი ახალ გარემოს, ხშირი კონტაქტი იქონიეთ სკოლის მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში კი, მიიღეთ რჩევები და დაგეგმეთ ერთობლივი სტრატეგიები;
  • სანამ ახალ მეგობრებს გაიჩენს, თავი რომ მარტოსულად არ იგრძნოს, ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მასთან ერთად. ჰკითხეთ მასწავლებლებზე, კლასელებზე… აგრძნობინეთ, რომ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც შეუძლია თავისუფლად ისაუბროს თავის შფოთვებსა და განცდებზე.

ბავშვებსა და მოზარდებს, როგორც წესი, საკმაოდ უადვილდებათ ახალ გარემოსთან შეგუება. მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზურგს უკან გრძნობდეს მშობელს, რომელიც ყოველთვის მზადაა რომ მოუსმინოს, გაუგოს და მხარი დაუჭიროს.