2 წუთის საკითხავი
კოლიკა, სხვა მხრივ ჯანმრთელი ჩვილის ხშირი და გახანგრძლივებული ტირილია.
თითქმის ყოველი მეხუთე ბავშვი ავლენს კოლიკის სიმპტომებს, რაც იწყება 2-3 კვირის ვადაზე, პიკს აღწევს მეექვსე კვირაში, ხოლო 3-4 თვისთვის, მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტირილში არაფერია საგანგაშო, მშობლებისთვის ის შეიძლება ძალიან დამთრგუნველი იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ არ იცით როგორ დაამშვიდოთ თქვენი პატარა.
როგორ ამოვიცნოთ კოლიკას ტირილი?
- რამდენიმე საათიანი გაბმული ძლიერი და უნუგეშო ტირილი;
- ტირილის დროს კრუნჩხავს თითებს, იხრება და იქნევს ფეხებს;
- იწყებს დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში – ჩვეულებრივ, ნაშუადღევს ან საღამოს;
- აქვს მომატებული მადა, ხშირად იკვებება ტირილებს შორის და მცირე ხნით მშვიდდება;
- უჭირს დაძინება.
რა იწევს კოლიკას?
ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, მაგრამ მეცნიერები რამდენიმე ვარაუდს გვთავაზობენ:
მგრძნობელობა
: როცა ჩვილი მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ (აღარ უნდა არაფრის მოსმენა, დანახვა თუ შეგრძნება), ამ გზით ცდილობს ზედმეტი სტიმულაციის არიდებას;კუჭ-ნაწლავის პრობლემები
: გაზები, არასაკმარისი ან გადაჭარბებული კვება, მოუმწიფებელი საჭმლის მომნელებელი სისტემა და სხვა;მგრძნობელობა დედის საკვებზე
: ძუძუთი კვების დროს დედის დიეტაში რძის პროდუქტების, ხორბლის, კოფეინის, ხახვისა და ნივრის შემცირებამ შესაძლოა კოლიკა შეამსუბუქოს;ოჯახური სტრესი
: მშობლების სტრესი შეიძლება ჩვილზე აისახოს და კოლიკაში გამოვლინდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, გაესაუბრეთ პედიატრს, რათა გამოირიცხოს სამედიცინო მიზეზი.
როგორ დავამშვიდოთ კოლიკიანი ბავშვი?
თეთრი ხმაური
: ჩვილებს ამშვიდებთ ისეთი ხმები, რაც საშვილოსნოს აგონებთ. სცადეთ ფენის, მტვერსასრუტის, ან წვიმისა თუ სხვა ფონური ხმაურის ჩანაწერები;პოზა
: დაიჭირეთ სხვადასხვანაირად და დააკვირდით რომელი მოეწონება ყველაზე მეტად – თქვენ მკლავებში ყოფნა თუ მუცლით მუხლებზე ან ხელისგულზე გადაწვენა;ნაზი მოძრაობა
: სცადეთ ქანაობა, რხევა, ოთახში ტარება, მიიხუტეთ მკერდზე და გააკეთეთ ბუქნები – პატარებს ამშვიდებთ სხეულით კონტაქტი და რიტმული მოძრაობები;სიჩუმე
: ზოგს მოძრაობა ან ხმაური ამშვიდებს, ზოგს კი ნაკლები სტიმულაცია სჭირდება და მეტად სიჩუმესა და სიბნელეზე მშვიდდება;გასეირნება
: დაატარეთ სუფთა ჰაერზე, ან გაასეირნეთ მანქანით;გაკოჭვა (Swaddle)
: საშვილოსნოს სივიწროვესა და სიმყუდროვეს ახსენებს და ამშვიდებს მჭიდროდ გაკოჭვაც. მხოლოდ გაკოჭვა აღარ არის უსაფრთხო მას მერე, რაც პატარა მუცელზე გადაბრუნებას ისწავლის;გაზების პრევენცია
: კვების დროს დაიჭირეთ შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად, შეარჩიეთ სპეციალური ბოთლი რომ ბევრი ჰაერი არ ჩაყლაპოს და ხშირ-ხშირად ამოაბოყინებინეთ;ნაზი მასაჟი
: დააწვინეთ მუცელზე და მსუბუქად დაუმასაჟეთ ზურგი, ან ზურგზე დაწოლილს ფეხებით ნაზად გააკეთებინეთ ველოსიპედის მსგავსი მოძრაობები. ეს გაზებისგან გათავისუფლებაშიც მიეხმარება;სითბო
: სცადეთ თბილი აბაზანა, ან მუცელზე სათბურას დადება;წოვა
: შესთავაზეთ საწოვარა ან წაახალისეთ თითის წოვა.
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე?
კოლიკის ტირილი ნამდვილი გამოწვევაა მშობლებისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია და არაა კავშირში თქვენს აღზრდის მეთოდებთან.
ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე – გაუზიარეთ დატვირთვა პარტნიორს, ან სთხოვეთ დახმარება ახლობელს. თქვენ კი განტვირთვა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა სცადეთ. საკუთარ თავზე ზრუნვა – ბავშვზე ზრუნვაა. საკმარისი დასვენება, კარგი კვება და ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ კოლიკიანი ბავშვის მოვლის გამოწვევებს.
როცა ამჩნევთ რომ ბავშვის ტირილი თქვენზე უკვე ძალიან მოქმედებს, მაგრამ გვერდზე არავინ გყავდთ ვინც მას გადაიბარებს, დააწვინეთ უსაფრთხო ადგილას და წუთით განმარტოვდით – მიეცით თქვენს თავს ამოსუნთქვის საშუალება. არასოდეს შეანჯღრიოთ პატარა, ეს ძალიან საშიშია მისი ტვინისთვის.
შეიძლება ვერ ახერხებთ ატირებული ბავშვის დამშვიდებას, მაგრამ იქნებ სწორედ ტირილია რაც ასეთ დროს თქვენ პატარას სჭირდება? ამიტომ ყველაზე მეტად იმით დაეხმარებით, როცა მიიღებთ ამ ტირილს მოცემულობად – აიყვანთ ხელში, დაარწევთ, მიეფერებით, მისცემთ ტირილის საშუალებას და ამასთან, თქვენს მხარდაჭერასა და სიყვარულს აგრძნობინებთ.