15 რჩევა, რაც ბავშვს ექიმის კაბინეტის შიშის დაძლევაში დაეხმარება

1 წუთის საკითხავი

ექიმთან ვიზიტი, იქნება ეს სრულიად უწყინარი გეგმური ვიზიტი თუ რაიმე სერიოზული პროცედურა, ბავშვისთვის არც ისე სასიხარულო ამბავია. განსაკუთრებით, როცა ეს პირველად ხდება ან გასული ვიზიტიდან ცუდი მოგონებები მოჰყვება. 
ყურადღების გადატანით, დაპირებებითა და მოტყუებით შიშსა და შფოთვას ვერაფერს უშველით. ეშინია იმიტომ, რომ არ იცის რა ელოდება ექიმთან – უფროსები მსგავს თემებზე საუბარს ყოველთვის გავურბივართ, ეს კი ბავშვის ფიქრებში ბევრ ბუნდოვანებას აჩენს. ისღა დარჩენია, თავის შეკითხვებს თავადვე გასცეს პასუხი და შედეგად, არც თუ ისე სასურველი სცენარები წარმოიდგინოს.
უფროსები, პირველ რიგში, ამ ბინდის გაფანტვაში უნდა მივეხმაროთ და კითხვის ნიშნების გასაქრობად, ღიად და თამამად ვესაუბროთ ყველაფერზე:

  • მარტივი სიტყვებით აუხსენით ვიზიტის აუცილებლობა და რა მოხდება ექიმის კაბინეტში;
  • ყოველთვის უთხარით სიმართლე, თუნდაც მოსალოდნელი სისხლის ანალიზის ან სხვა არასასიამოვნო პროცედურების შესახებ;
  • დადებითად მოიხსენიეთ ექიმი – აუხსენით, რომ ის ჩვენი ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნისთვის მუშაობს;
  • ითამაშეთ ექიმობანა რომ უკეთ გაიგოს, რას უნდა ელოდოს ვიზიტის დროს;
  • წაახალისეთ, რომ ღიად ისაუბროს თავის განცდებსა და შიშებზე, გულახდილად უპასუხეთ ნებისმიერ შეკითხვას;
  • თუ შესაძლებელი იქნება, წინასწარ გააცანით ექიმები (ერთი მაინც), ვინც ოპერაციისას მასთან იქნებიან, გაასაუბრეთ მათ და მიეცით კითხვების დასმის საშუალება;
  • თუ ამის საშუალება იქნება, წინასწარ დაათვალიერებინეთ კლინიკა და პალატები;
  • თავი რომ მეტად დაცულად იგრძნოს, შეუძლია თან წაიღოს საყვარელი ნივთი (დინოზავრი, რბილი დათუნია და სხვა);
  • ექიმთან ვიზიტის წინ მიდით კლინიკაში შედარებით ადრე, რათა ბავშვმა გარემოს გაცნობა მოასწროს;
  • თქვენმა ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის გუნება-განწყობაზე. შეეცადეთ იყოთ მშვიდი და თავდაჯერებული;
  • შესთავაზეთ ემოციური მხარდაჭერა ფიზიკური შეხებით, გამამხნევებელი სიტყვებით და ა.შ.
  • საჭიროების შემთხვევაში გადაატანინეთ ყურადღება საყვარელი ნივთის დახმარებით;
  • ზოგადი შეფასებების ნაცვლად („მამაცი“, „ყოჩაღი“) შეაქეთ კონკრეტული ქცევა: „ყოჩაღ! როგორ დიდ პირს უღებ!“
  • ვიზიტის შემდეგ ესაუბრეთ თუ რა მოეწონა, რა არ მოეწონა, რა გამოუვიდა კარგად და სხვა;
  • პროცედურის სირთულის შესაბამისად განიხილეთ ჯილდო (საყვარელი სასუსნავი, ეკრანის დამატებითი დრო, გასეირნება პარკში, ახალი სათამაშო და სხვა).