საბავშვო ბაღთან ადაპტაცია

4 წუთის საკითხავი

საბავშვო ბაღში შესვლა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია როგორც ბავშვის, ისე მშობლის ცხოვრებაში. თქვენ პატარას უამრავი საინტერესო სიახლე ელოდება, მაგრამ ბაღის გარემოსთან შეჩვევა გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული – ის სახლისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდება, რომელთან შეჩვევის პროცესიც ყველა ბავშვთან განსხვავებულად მიდის. ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია მშობლებს იმისთვის, რომ ადაპტაციის პროცესმა შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაიაროს. 

სანამ ბაღი დაიწყება

  • სოციალური უნარები: ატარეთ დაბადების დღეებზე, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებებზე, ეწვიეთ ან თავად დაპატიჟეთ ბავშვიანი ნათესავ-მეგობრები და ხშირად ჩაიყვანეთ ეზოში. ჩართეთ ისეთ ჯგუფურ აქტივობებში, სადაც მოეთხოვება წესების დაცვა, თავისი რიგის დალოდება და გაზიარება.
    გაითვალისწინეთ, რომ 3 წლამდე ბავშვების სოციალური უნარები ჯერ კიდევ სუსტია. ისინი თამაშობენ ერთმანეთის გვერდით და არა – ერთმანეთთან. ამიტომ ხშირად მოგიწევთ ჩარევა დაპირისპირების მოსაგვარებლად;
  • განშორების შფოთვა: თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ, დროა ბავშვი ნელ-ნელა უთქვენოდ ყოფნასაც მიაჩვიოთ. მან უნდა იგრძნოს რომ ბებია-ბაბუასთან, ძიძასთან ან სხვა მზრუნველთანაც ისევე უსაფრთხოდ შეუძლია იყოს, როგორც საკუთარ მშობელთან;
  • მე შემიძლია! გააძლიერეთ იმ უნარების კუთხით როგორიცაა დამოუკიდებლად გახდა-ჩაცმა, ხელ-პირის დაბანა, საპირფარეშოს გამოყენება, კოვზით ჭამა, სათამაშოების დალაგება, შეძლოს მიჰყვეს მარტივ ინსტრუქციებს და ა.შ.
    მართალია ბავშვი ამ ყველაფერს კიდევ მეტად დახვეწს ბაღის გარემოში, თუმცა გარკვეული საფუძველი უფრო თავდაჯერებულს გახდის. 
  • რა მინდა მე? ასწავლეთ როგორ გამოხატოს სიტყვიერად თავისი სურვილები, საჭიროებები, მოწონება/არ მოწონებები და ა.შ.
  • წვრილი მოტორიკა: ბაღის ბავშვები აქტიურად არიან დაკავებული ხატვით, ძერწვით და სხვა ისეთი აქტივობებით, რაც წვრილი მოტორული უნარების გამოყენებას მოითხოვს. თუ თქვენი შვილისთვის უკვე ნაცნობი იქნება ფანქრები, მაკრატელი, წებო და მსგავსი სახელოვნებო ნივთები, ამით თავდაჯერებულობა მოემატება;
  • წაუკითხეთ ყოველდღიურად: გარდა იმისა რომ წიგნების კითხვა მეტყველებას და აზროვნებას ავითარებს, ზღაპრების კითხვას შეჩვეული პატარა მასწავლებლის წაკითხულსაც ინტერესით და სიხარულით მოუსმენს;
  • როლური თამაშები და ვითომობანა: სხვადასხვა პერსონაჟების დახმარებით გაითამაშეთ ბაღის პირველი დღე – როგორ მიჰყავთ მშობლებს ბაჭია ლამაზ და ფერად შენობაში, სადაც მხიარულად ხვდება მასწავლებელი, დედიკო კი – დროებით ემშვიდობება და თავის საქმეზე მიდის. შეგიძლიათ სცენარი მეტად მიუახლოოთ რეალობას და სიუჟეტში მტირალა დათუნაც ჩართოთ, რომელსაც სახლში უნდა (თან აუხსენით, თუ რატომ ტირის დათუნა). ბაჭიამ სხვა ბავშვებთან ერთად ითამაშა, გემრიელად ისადილა, შემდეგ მასწავლებელმა ეზოში სათამაშოდ გაიყვანა, ბოლოს კი მამიკო მოვიდა და სახლში წაიყვანა.
    ჩართეთ ასეთი თამაშები თქვენს რუტინაში, შეცვალეთ როლები და დადგით სხვადასხვა სცენარები. ამით ბავშვს მიეხმარებით გაიგოს, თუ რას უნდა ელოდოს საბავშვო ბაღში;
  • საბავშვო ბაღთან დაკავშირებული ამბები: დადებითად და ესაუბრეთ იმაზე, თუ როგორი იქნება საბავშვო ბაღი, მოისმინეთ ბავშვის მოლოდინებიც და გულწრფელად უპასუხეთ ყველა შეკითხვას. წაუკითხეთ საბავშვო ბაღთან დაკავშირებული ზღაპრები, მოაყოლინეთ უფროს დედმამიშვილს თავის ბაღის წლებთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონებები ან გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება;
  • წინასწარი ვიზიტი ბაღში: ზოგიერთი ბაღი სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე გეგმავს რამდენიმე გაცნობით შეხვედრას, სადაც ბავშვს საშუალება აქვს მშობლებთან ერთად მივიდეს საბავშვო ბაღში: დაათვალიეროს შენობა, ეზო, თავისი ოთახი, ითამაშოს სათამაშოებით, გაიცნოს მომავალი აღმზრდელები და ჯგუფელები. თუ თქვენს მიერ არჩეული ბაღი ამას არ გთავაზობთ, მასწავლებელთან შეთანხმებით თავად დაგეგმეთ მსგავსი გაცნობითი ვიზიტი;
  • ბაღთან დაკავშირებული შფოთვა: ახალ გარემოსთან დაკავშირებული შფოთვა ბუნებრივი განცდაა დიდისთვისაც და პატარისთვისაც. თუ ეტყვით რომ ამაში არაფერია სანერვიულო, ეს ბავშვს არ დაამშვიდებს. მეტიც, შინაგან კონფლიქტს გაუძლიერებს. მიეცით საშუალება გამოხატოს თავისი განცდები, აგრძნობინეთ რომ გესმით მისი, და რომ ასეთი ღელვა სრულიად ნორმალურია, სანამ გარემო მისთვის ახლობელი გახდება. 

პირველი დღეები ბაღში

  • ეტაპობრივი შეჩვევა: არ იჩქაროთ ბავშვის ბაღში დიდი ხნით დატოვება. დაიწყეთ თუნდაც 10-15 წუთიდან და თანდათანობით გაზარდეთ ხანგრძლივობა. 
  • სიმშვიდე და თავდაჯერებულობა: მოსალოდნელია, რომ თქვენი შვილის ღელვამ და ტირილმა თქვენზეც იმოქმედოს. მიუხედავად ამისა, თავი ხელში აიყვანეთ და ეცადეთ იყოთ რაც შეიძლება მშვიდი და თავდაჯერებული. ბავშვი ამჩნევს ყოყმანისა და შფოთვის სულ მცირე ნაპერწკალსაც კი. ეს მეტად დაძაბავს მას და თან იმედს მისცემს, რომ თქვენზე მანიპულაციას შეძლებს.
  • მშობლის ჩართულობა: თუ ბავშვს ძალიან უჭირს ადაპტაცია, მოემზადეთ იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდი თქვენც იქნებით ჯგუფში ბავშვთან ერთად. აქაც მიეცით დრო – თავიდან ბავშვი თქვენზე იქნება მოკედლებული, მაგრამ მას მერე რაც გათამამდება, შეუმჩნევლად დისტანცირდით. ბოლოს კი – ოთახიდანაც გადით;
  • დამშვიდობება: არამც და არამც არ გაიპაროთ. წასვლის წინ ყოველთვის დაემშვიდობეთ, უთხარით როდის დაბრუნდებით და აუცილებლად შეასრულეთ პირობა. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზუალური მიმანიშნებელი, სადაც თანმიმდევრობითაა დახატული დღიური აქტივობები. გაპარვა და ტყუილები (მანქანას დავკეტავ და მოვალ) მუშაობს ერთჯერადად, საბოლოოდ კი ამით ბავშვის ნდობას დაკარგავთ.
    ეცადეთ დამშვიდობება იყოს პოზიტიური და ხანმოკლე. შეგიძლიათ მოიფიქროთ რაიმე გამოსამშვიდობებელი რიტუალი და შეასრულოთ ყოველი დამშვიდობებისას. 
  • საუბარი: დაინტერესდით ბაღში მომხდარი ამბებით. დაუსვით კონკრეტული (და არა ზოგადი) შეკითხვები: რა მოეწონა, რა არ მოეწონა, რომელი ზღაპარი წაუკითხა მასწავლებელმა, რა მიირთვა და ა.შ. უბიძგეთ ღიად გამოხატოს ემოციები და გაუწიეთ შესაბამისი მხარდაჭერა;
  • სად მივდივართ? არის შემთხვევები, როცა ცუდი გამოცდილების გამო ბავშვს აღარ სურს ბაღში წასვლა. მშობლები ასეთ დროსაც სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ ხოლმე (ზოოპარკში მივდივართ, ეზოში ჩავდივართ…). მსგავსად გაპარვისა, ესეც ერთჯერადად იძლევა შედეგს და ბავშვის ნდობასაც გაკარგვინებთ. 
  • კომუნიკაცია ბაღის პერსონალთან: ითანამშრომლეთ ბაღის აღმზრდელებთან და დანარჩენ გუნდთან. დაინტერესდით თქვენი შვილის წარმატებებითა და სირთულეებით. საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედეთ შეთანხმებულად, მოისმინეთ მათი რჩევები და გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება.