ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა: ის რაც მშობელმა უნდა იცოდეს

6 წუთის საკითხავი

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა, ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სტატიაში მოგაწვდით იმ საჭირო ინფორმაციას, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს იმისთვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ დაცული.

რას მოიცავს სექსუალური ძალადობა?

  • ეროტიკული ალერსი;
  • სექსუალური ხასიათის შეხება ინტიმურ ადგილებში;
  • გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა;
  • სექსუალური გარყვნა;
  • უხამსი ხუმრობები;
  • ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების ან ვიდეოების გადაღება;
  • სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული მასალის დათვალიერების ნებართვა ან ხელშეწყობა;
  • სასქესო ორგანოების დემონსტრირება;
  • სხეულით ვაჭრობის იძულება და სხვა.

ძალადობა ყველაზე ხშირია 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. კონკრეტულ რისკ-ჯგუფებში (შ.შ.მ. ბავშვები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, ალკო/ნარკო დამოკიდებულთა შვილები და ა.შ.), ძალადობა შედარებით ხშირია, მაგრამ არ არსებობს ბავშვის ტემპერამენტის ტიპი ან ხასიათი, რომელიც მისი დაცულობის გარანტიას იძლევა.  

რატომ დუმს ბავშვი?

  • თავიდან მოძალადე ბავშვის ნდობას მოიპოვებს საჩუქრებით, ალერსიანი სიტყვებით და ყურადღებიანი ქცევით. შემდეგ კი ბავშვს არწმუნებს, რომ ძალადობა საიდუმლოდ შეინახოს. ამისთვის იყენებს მუქარას, შანტაჟს, დაშინებას ან ისეთ მაცდუნებელ  ფრაზებს, რაც ბავშვს თავს ზრდასრულად და მნიშვნელოვნად აგრძნობინებს („ჩვენ დიდურად ვთამაშობთ, მაგრამ უფროსებმა რომ გაიგონ, შეიძლება აღარ გვათამაშონ“ და ა.შ.); 
  • ბავშვიც ხშირად დუმს, რადგან:  გრძნობს რომ ეს არასწორია, მაგრამ ეშინია ფაქტის აღიარების. ჰგონია რომ არ დაუჯერებენ  და დაადანაშაულებენ, რადგან ფიქრობს, რომ მომხდარი მისი ბრალიცაა.
  • სექსუალური ძალადობა იშვიათად ხდება ერთჯერადად, როგორც წესი, ის თვეობით და წლობით გრძელდება. ასეთ შემთხვევაში, ბავშვს განსაკუთრებით უჭირს დუმილის დარღვევა. ფიქრობს, რომ ძალადობის გამხელა დაგვიანებულია, რადგან დაადანაშაულებენ და გაკიცხავენ ხანგრძლივი დუმილის გამო.

სექსუალურ ძალადობაში ბავშვი შეიძლება ჩართული იყოს იძულებითაც და ნებითაც. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი სახის სექსუალური მოქმედება, რომელიც ხდება ზრდასრულსა და არასრულწლოვანს შორის არის დანაშაული, რაში დამნაშავეც მხოლოდ ზრდასრულია.

შედეგები: 

სექსუალური ძალადობა ხიჭვივითაა, რომელიც გვაწუხებს იქამდე, სანამ მასზე არ ვისაუბრებთ. ეს არის საიდუმლო, რომლის შენახვაც მტკივნეულია და რამაც შეიძლება ბავშვი მთლიანად მოიცვას და იმოქმედოს იმაზე, თუ როგორ ფერებში დაინახავს სამყაროს: 

  • ბავშვი ვერ, ან არასწორად ხნის მომხდარს, ამიტომ შესაძლოა თან სდევდეს მუდმივი ბრაზის, დანაშაულისა და სირცხვილის განცდა; 
  • აწუხებდეს ღამეული კოშმარები, შიშები, უსიამოვნო მოგონებები, თავს გრძნობდეს გარიყულად და განსხვავებულად. ჰქონდეს განცდა, რომ აღარასოდეს იქნება ბედნიერი, გახდეს აგრესიული და ა.შ;
  • ექცევიან შფოთვითი, დეპრესიული აშლილობებისა და დარღვეული სექსუალური ქცევების რისკ-ჯგუფში;
  • მოგვიანებით, მავნე ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, სირთულეები ოჯახურ ცხოვრებაში და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება. 

როდის მიგვაქვს ეჭვი სექსუალურ ძალადობაზე?

  • ქცევის უეცარი ცვლილება: გახდეს უმიზეზოდ გაღიზიანებული, უმიზეზოდ ატირდეს, გამოავლინოს აგრესიული ქცევა: კბენა, დარტყმა, ცემა;
  • მომატებული შფოთვა: გამოხატავს უჩვეულო შიშებს გარკვეული ადამიანებისა და  ადგილების მიმართ (რაც ადრე არ ჰქონდა);
  • დეპრესიულობის ნიშნები: გაფანტულია, ყველაფრის მიმართ გულგრილი და ინტერეს-დაკარგულია, არ იცავს ჰიგიენას, მკვეთრად უარესდება აკადემიური მიღწევები, უქვეითდება თვითშეფასება, აღინიშნება თვითდამაზიანებელი ქცევები, შესაძლოა დაიწყოს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება;
  • ავლენს უჩვეულო ცოდნას ან ინტერესს სექსუალურ საკითხებში;
  • ხატავს სექსუალური შინაარსის ნახატებს;
  • უადგილო სექსუალური თამაშები ან ქცევა (5 წლიანისთვის, ინტიმური ორგანოებით დაინტერესება და „ექიმობანა“, განვითარების ეტაპია, მაგრამ მოზრდილი ამას აღარ უნდა აკეთებდეს);
  • ოჯახისა და მეგობრების მიმართ გაუცხოვდება;
  • პირადი/სოციალური საზღვრების არაადეკვატური აღქმა;
  • უჩნდება გაურკვეველი წარმოშობის ნივთები (სათამაშოები, ტკბილეული, თუ თინეიჯერია – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ.);
  • ძილის დარღვევა, კოშმარები, სიბნელის შიში, თითის წოვა და სხვა რეგრესიული ქცევები;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • ნაკაწრები, სისხლჩაქცევები, სიწითლე ან დაზიანებები სასქესო ორგანოების ირგვლივ;
  • მტკივნეული შარდვა ან დეფეკაცია;
  • სიარულის ან ჯდომის გაძნელება;
  • ენურეზი (შარდის შეუკავებლობა). განსაკუთრებით, ღამის საათებში;
  • აუხსნელი ჯანმრთელობის პრობლემები. მაგალითად, თავისა და მუცლის ტკივილი.
თუ აღენიშნება მინიმუმ სამი გამოვლინება მაინც, ჩანს რომ რაღაც ვერაა წესრიგში. მაგრამ ნუ მიიტანთ ეჭვს პირდაპირ სექსუალურ ძალადობაზე, ნუ დაიწყებთ გამოძიებას და აიძულებთ ყველაფრის მოყოლას. ასეთ დროს ხშირად მშობლებს თავად სჭირდებათ დახმარება, ამიტომ სჯობს ბავშვს პროფესიონალი გაესაუბროს.

როგორ დავიცვათ ბავშვი სექსუალური ძალადობისგან?

(როგორ ამოიცნოს საფრთხის შემცველი სიტუაციები და შეძლოს თავდაცვა)
  • ყურადღებით მოუსმინეთ თუ ბავშვი თქვენთან საუბარს ეცდება. დაუჯერეთ მის მონაყოლს და არცერთ შემთხვევაში არ დაადანაშაულოთ – ბავშვები იშვიათად ამბობენ ტყუილს მათზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე; 
  • ძნელია ძალადობაზე პირდაპირ საუბარი, ამიტომ თუ ბავშვი მხოლოდ იმას ამბობს რომ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა არ მოსწონს, ასეთ ფრაზებს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება;
  • დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილმა იცის, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში; რომ მუდამ მის გვერდით იქნებით და ყველაფერს გააკეთებთ მის დასაცავად;
  • დარწმუნდით, რომ იცით სად და ვისთან ერთად არის თქვენი შვილი;
  • დარწმუნდით, რომ ბავშვმა იცის თქვენი ტელეფონის ნომერი და სახლის მისამართი;
  • ესაუბრეთ ბავშვს იმ მოზრდილებზე, ვისთან ერთადაც ყოფნა, ან მარტო დარჩენა უწევს ხოლმე. ჰკითხეთ მოსწონთ თუ არა ისინი და რატომ; 
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს, ზრდასრულის როგორი ქცევა არის მისაღები მის მიმართ, და როდის უნდა ჩართოს განგაშის სიგნალი. ამისთვის ბავშვს თავისი პიროვნული თუ სხეულებრივი საზღვრების დაცვა უნდა ვასწავლოთ.
ინტიმური ადგილები

✅ ესაუბრეთ სხეულის ნაწილებზე ადრეული ასაკიდანვე და ასწავლეთ მათი სწორი დასახელება (მათ შორის, ინტიმური ადგილების); 

✅ აუხსენით, რომ სხეულის ის ნაწილები, რომლებსაც ფარავს საცურაო კოსტიუმი, არის პირადი ადგილები. ამიტომ ისინი არ არის ყველასთვის სანახავი (ხანდახან შეიძლება შიშველი დაინახონ: სააბაზანოში, ტანსაცმლის გამოცვლისას, ექიმთან ვიზიტისას და ა.შ. ამიტომ ხაზი გაუსვით, რომ არ უნდა გაიხადოს სხვისი თხოვნის გამო, თუკი ამის აუცილებლობა არ არსებობს). 

სხეულის საზღვრები

✅ თუ ეს არ უნდა, სულაც არ არის აუცილებელი ჩაეხუტოს, აკოცოს ან გაატაროს დრო კონკრეტულ ადამიანთან ერთად; 

✅ აუხსენით, რომ არავინ არ უნდა შეეხოს მისი სხეულის ინტიმურ ადგილებს, გარდა აუცილებელი გამონაკლისისა (ჰიგიენური პროცედურები, ექიმთან ვიზიტი მშობლის თანდასწრებით და ა.შ.); ან მოსთხოვოს, რომ შეეხოს მისი სხეულის ინტიმურ ადგილებს. ბავშვის მოფერებისას, თავადაც შეიკავეთ თავი ინტიმურ ზონებზე შეხებისგან (კოცნა გენიტალიების, დუნდულების მიდამოებსა და ტუჩებში). რათა ბავშვს არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ სხვა ადამიანების მიერ ინტიმურ ზონებზე შეხება ნორმაა;

პიროვნული საზღვრები

✅ ურთიერთობა სწორია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პატივს სცემენ და უტოვებენ არჩევანის საშუალებას. თუ ვინმე ჩაგრავს, ექცევა აგრესიულად, ართმევს არჩევანის საშუალებას, თავს ცუდად აგრძნობინებს და ცდილობს გააკეთებინოს ისეთი რამე, რაც ბავშვს არ უნდა, ე.ი. ეს ადამიანი უხეშად არღვევს ბავშვის პიროვნულ საზღვრებს; 

✅ ყურადღებით მოუსმინოს გრძნობებს. უსიამოვნო გრძნობები ისევე აწვდიან სიგნალს ორგანიზმს, რომ რაღაც ისე ვერაა, როგორც შეგრძნებები (მაგ: ცხელთან მიახლოებისას წვის შეგრძნება);

სხეულთან დაკავშირებული საიდუმლოებები არ არსებობს! 

✅ აუხსენით, რომ საიდუმლო დასაშვებია თუ ხანმოკლეა და მისი შენახვა არავის აზიანებს. ხაზი გაუსვით, რომ სხეულთან დაკავშირებული საიდუმლოებების შენახვა არ შეიძლება. მაგალითად, როცა იცის რომ მის მეგობარზე ძალადობენ, მეგობრის თხოვნის მიუხედავად, ასეთი საიდუმლოს შენახვა არ შეიძლება და მისი გამხელა დაბეზღებად არ ჩაეთვლება.

✅ თუ ოდესმე ასეთი საიდუმლო ექნება, არ შეეშინდეს გამხელის, რადგან ამის გამო არც ერთ შემთხვევაში არ დაისჯება – დამნაშავე ყოველთვის მხოლოდ მოძალადეა. და რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენ ხანს გრძელდება ძალადობა – არასოდეს არის გვიან. დაარწმუნეთ, რომ ლაპარაკი სიტუაციას ყოველთვის უკეთესობისკენ შეცვლის, ხოლო დამალვით, ძალადობა არასოდეს შეწყდება.

ასწავლეთ თავდაცვა (დაიყვირე, გაიქეცი და თქვი)

✅ დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ზრდასრულისთვის “არას” თქმა სათაკილო არაა და ხანდახან აუცილებელიცაა; მაგ: სიტუაციაში, სადაც თავს არ იგრძნობს უსაფრთხოდ (მაგ. ვინმე ეცდება რომ შეეხოს სხეულის ინტიმურ ადგილებზე, ან თავად სთხოვს ასეთ ადგილას შეხებას), ხმამაღლა და გასაგებად უთხრას: „გაჩერდი“, ან „არ შემეხო“, გაიქცეს და უთხრას უფროსს, რომელსაც ენდობა. 

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის!

✅ ხაზი გაუსვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის. საზღვრების დაცვის წესები ეხება მისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ადამიანებსაც (ოჯახის წევრი, ნათესავი, მასწავლებელი). 

შემთხვევათა 90%-ში, მოძალადე არის ადამიანი, რომელსაც ბავშვი კარგად იცნობს, ხშირ კონტაქტშია და ენდობა (ოჯახის წევრი, ნათესავი, ოჯახის მეგობარი, მასწავლებელი). 
ის მოხერხებულად ახერხებს დამალოს დანაშაული, მოქმედებს ფრთხილად და იშვიათად მიდის რისკზე. ამიტომ როგორ წესი, ხალხში მოძალადე ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვისგანაც ძალადობა ვერ წარმოუდგენიათ. 
უცნობებთან ურთიერთობა

აუხსენით ბავშვს, რომ არ უნდა ეშინოდეს უცხო ადამიანების, მაგრამ ყოველთვის ახსოვდეს, რომ უცნობი არის ადამიანი, რომელსაც არ იცნობს. ამიტომ არსებობს  წესები, რომლებიც მათთან ურთიერთობისას უნდა დაიცვას:

✅ არ გაუღოს კარი და არ დარჩეს მარტო უცხოსთან. მაგალითად, არ იმგზავროს ლიფტით უცნობ ადამიანთან ერთად. 

✅ როცა უცნობი ითხოვს დახმარებას ან სთავაზობს საჩუქრებს და ამისთვის სადმე გაყოლას სთხოვს, რაც არ უნდა მეგობრულად გამოიყურებოდეს, მისგან თავი შორს დაიჭიროს.

✅ თუ დახმარება დასჭირდება და ახლოს არავინ იქნება მისი ახლობელი, მივიდეს ხალხმრავალ ადგილას და მიაკითხოს პირს, რომელსაც აცვია უნიფორმა (მაგ: პოლიციელის), ან მშობელს, რომელიც ბავშვთან ერთადაა. 

ასწავლეთ თავის დაცვა ონლაინ

✅ არ გაუზიარონ უცხო ადამიანს პირადი ინფორმაცია – სკოლის ნომერი, სახლის მისამართი, ფოტოები და ა.შ. თუ ვინმე ამ ტიპის ინფორმაციის გაზიარებას მოსთხოვს, დაუყოვნებლივ დაბლოკონ და უთხრან უფროსს.

✅ არ დაიმეგობროს უცხო ადამიანები. ან მოაქციოს ისინი ცალკე სიაში, საიდანაც არ ექნებათ ღია წვდომა მის პროფილზე. ბავშვის პროფილი, მხოლოდ მეგობრებისთვის უნდა იყოს ღია.