4 წუთის საკითხავი
აუტიზმის სპექტრის აშლილობა ნეიროგანვითარების მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს განვითარების სხვადასხვა სფეროზე (ტერმინი “სპექტრი” ასახავს სიმპტომების ფართო სპექტრს და მათ განსხვავებულ სიმძიმეს:
სოციალურ-კომუნიკაციური უნარები:
უჭირს სოციალური ნიშნების გაგება ან რეაგირება; ურთიერთობების ჩამოყალიბება ან შენარჩუნება; ჟესტების, ხმის ტონისა ან მიმიკების ატიპიური გამოყენება.
სენსორული მგრძნობელობა:
მომატებული ან შემცირებული მგრძნობელობა სხვადასხვა სენსორული გამღიზიანებლების მიმართ (ხმა, სინათლე, ტექსტურა, გემო).
ცვლილებებისადმი რეზისტენტობა:
ახალ გარემოსთან ან ცვლილებებთან ადაპტაციის სირთულეები. ხშირად თან ახლავს განმეორებადი მოქმედებები, სიტყვები ან ფრაზები (მაგ., ექოლალია).
გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება:
აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება დასჭირდეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ზოგიერთ სფეროში, ზოგში კი (როგორიცაა მაგ. ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, ფაქტების დამახსოვრების ან მათემატიკური უნარები) პირიქით – განსაკუთრებული უნარები გამოავლინოს.
ინტერესების სფერო ხშირად ვიწროა, მაგრამ მისთვის საინტერესო თემაზე ღრმა ფოკუსირება და ხანგრძლივად კონცენტრირება შეუძლია. სწორედ ამ ძლიერი თვითჩაღრმავების უნარის დახმარებით, აუტიზმის მქონე ადამიანები ხანდახან განსაკუთრებულად გამოირჩევიან კონკრეტულ სფეროებში.
ვნახოთ ვინ არიან ცნობილი პიროვნებები თანამედროვეობიდან თუ ისტორიული წარსულიდან, რომლებიც ოფიციალურად არიან აუტიზმის ამა თუ იმ ფორმით დიაგნოსტირებული, ან ფართოდ გავრცელებული შეხედულებითა და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, ჰქონდათ აუტისტური სპექტრის აშლილობა.
თემპლ გრანდინი
ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი სოფლის მეურნეობის სფეროში. აუტიზმის დიაგნოზი მას 2 წლის ასაკში დაუსვეს, ხოლო ლაპარაკი 4 წლის ასაკში დაიწყო. „აუტისტად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ თანდათან უფრო და უფრო ნაკლებად ხარ აუტისტი. რადგან შენ მუდამ სწავლობ თუ როგორ მოიქცე. ეს ძალიან ჰგავს თამაშს – მე ამ თამაშში ვარ“.
ილონ მასკი
ამერიკელი ბიზნესმენმა, გამომგონებელმა და ინვესტორმა, Saturday Night Live-ზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მას აქვს ასპერგერის სინდრომი (აუტიზმის სპექტრის აშლილობის ფორმა) და აღნიშნა, რომ მისი ტვინი „ცოტა განსხვავებულად“ მუშაობს.
კორტნი ლავი
ალტერნატიული როკის მომღერალი, მუსიკოსი და მსახიობი. კორტნის ბავშვობისას მსუბუქი აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერლის თქმით, სწორედ ამის დამსახურებაა მისი არაორდინალური შემოქმედებითი სტილი.
დენ ექროიდი
კანადელი კომიკოსი, მსახიობი და სცენარისტი, რომელსაც ბავშვობისას დაუსვეს ტურეტისა და ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი. „ერთ-ერთი ჩემი სიმპტომი უკავშირდება აკვიატებულ აზრებს მოჩვენებებსა და სამართალდამცველებზე. სწორედ აქედან დამებადა იდეა ფილმისა „მოჩვენებებზე მონადირენი“.
ენტონი ჰოპკინზი
ლეგენდარულმა მსახიობი, რომელიც დაუვიწყარია „კრავთა დუმილში“ შესრულებული როლით. მან 2017 წელს განაცხადა, რომ უკვე ზრდასრულს, აუტიზმის ერთ-ერთი ფორმა, ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს.
დერილ ჰანა
ამერიკელი მსახიობი, რომელიც ყველაზე ცნობილია ფილმით: „დანის პირზე მორბენალი“. მას დიაგნოზი ბავშვობაში დაუსვეს, რის შესახებაც დღეს ის ღიად საუბრობს: „ვერასდროს ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად ყურადღების ცენტრში ყოფნისას, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო სიარული პრემიერებსა და ოსკარის დაჯილდოებებზე“.
სიუზან ბოილი
შოტლანდიელი თვითნასწავლი მომღერალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ტალანტის შოუში საოცარი შესრულებით გააოცა ჟიურის წევრები და მაყურებლები. ბავშვობაში, თავის ტვინის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს. ის იხსენებს, თუ როგორ დასცინოდნენ ბავშვობაში და ზედსახელს – „მარტივი სიუზი“ (Simple Susie) ეძახდნენ. სიუზანის თქმით, უდიდესი შვება მოჰგვარა 51 წლის ასაკში დასმულმა დიაგნოზმა, რადგან ამით ცხადი გახდა რა ხდებოდა მის თავს.
კლეი მარსო
პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო სერფინგისტი, რომელიც ცნობილი გახდა თავისი ნოვატორული სტილით, ასპერგერის სინდრომითაა დიაგნოსტირებული.
ჯეიმს დურბინი
ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა American Idol-ზე, ღიად აცხადებს, რომ აქვს ასპერგერის სინდრომის და ტურეტის სინდრომის დიაგნოზი (ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით). დურბინის ღიაობამ თავისი გამოცდილების შესახებ ხელი შეუწყო აუტიზმთან და ტურეტის სინდრომთან დაკავშირებული სტიგმის დაშლას.
სატოში ტაჯირი
ვიდეო თამაშების ცნობილ დიზაინერს ასპერგერის სინდრომი აქვს. სატოშიმ, ბავშვობის აკვიატება მსოფლიო მასშტაბის პოკემონის ფენომენად გადააქცია.
კრის პეკჰემი
– ბრიტანელი ნატურალისტი და ტელეწამყვანი, ღიად საუბრობს ასპერგერის სინდრომის დიაგნოზის შესახებ. ის აქტიურად იყენებს თავის პლატფორმას აუტიზმის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
გრეტა თუნბერგი
– გარემოსდაცვითი აქტივისტი ღიად საუბრობს აუტიზმის დიაგნოზზე და აღწერს მას, როგორც მის “სუპერ ძალას”, რომელიც საშუალებას აძლევს მას ღრმად კონცენტრირდეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მისიაზე.
ალბერტ აინშტაინი
ფიზიკოს-თეორეტიკოსი, რომელიც საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა), პატარა აინშტაინი საკმაოდ ძნელად ითვისებდა საგნებს. ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ აინშტაინი ავლენდა აუტიზმის სხვადასხვა ნიშნებს. ამაზე მეტყველებს მაგალითად, თანატოლებთან შედარებით გვიან დაწყებული მეტყველება, ვიწრო ინტერესების სფერო, იზოლაციისკენ მიდრეკილება და სირთულეები სოციალურ ურთიერთობებში რაც, მიუხედავად მისი გონებრივი შესაძლებლობებისა, ხელს უშლიდა სამსახურის პოვნაში.
ისააკ ნიუტონი
ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი. უჭირდა კომუნიკაცია, არ ჰყოლია ცოლი და არ დაუტოვებია შთამომავლობა (თუ არ ჩავთვლით მის უდიდეს დანატოვარს მეცნიერებაში). ისტორიკოსები თვლიან, რომ ნიუტონს შეიძლება ჰქონოდა აუტიზმის სპექტრი მისი სოციალური სირთულეების, ღრმა ფოკუსირების უნარისა და ექსცენტრული ქცევების გამო.
ნიკოლას ტესლა
სერბული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი და გამომგონებელი, ელექტრო და რადიოტექნიკის სფეროში. ტესლა ავლენდა აუტიზმის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა აკვიატებული ჩვევები, ჰიპერმგრძნობელობა და განმეორებითი ქცევები.
ცხადია, წარსულში, აუტიზმის დიაგნოსტირება შეუძლებელი იყო, მაგრამ ვარაუდები შესაძლო დიაგნოზის შესახებ გამოთქმულია კიდევ ბევრი ცნობილი პიროვნების მიმართ. მათ შორის არიან: მაიკლ ჯექსონი, მოცარტი, ბეთჰოვენი, მარკ ტვენი, ემილი დიკენსონი, ჯეინ ოსტინი, თომას ედისონი, ჩარლზ დარვინი, აბრაამ ლინკოლნი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და სხვა.