ფსიქოთერაპიული მიდგომები

5 წუთის საკითხავი
ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია (PDT)

ყურადღებას ამახვილებს იმ მოთხოვნილებათა, კონფლიქტების და მოტივაციების (მათ შორის არაცნობიერი) გაგებაზე, რომლებიც ამოძრავებენ შეხედულებებს, განცდებსა და ქცევებს. ეს მოთხოვნილებები და კონფლიქტები შეიძლება მომდინარეობდეს ადრეული ბავშვობის გამოცდილებიდან და კვლავაც მოქმედებდეს ზრდასრულის ცხოვრებაზე.
თერაპევტთან დიალოგის მეშვეობით კლიენტი იძენს დაუკმაყოფილებელ თუ დაკმაყოფილებულ მოთხოვნილებათა გამოვლენის, არაცნობიერი პროცესებისა და შინაგანი კონფლიქტების გაცნობიერების და ჯანსაღი გზებით მოგვარების უნარს.
ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია მკურნალობის ხანგრძლივი, მაგრამ ეფექტური მეთოდია. კვლევები გვიჩვენებს, რომ ბევრი ადამიანის მდგომარეობა აგრძელებს გაუმჯობესებას თერაპიის დასრულების შემდეგაც.

შედეგიანია: დეპრესიის, შფოთვის, კვებითი დარღვევების, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების შემდგომი დარღვევებისა და სომატური აშლილობების დროს.

კოგნიციურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპია (CBT)

ყურადღებას ამახვილებს აზრების, ემოციების და ქცევების ურთიერთკავშირზე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის რწმენები და აზრები დიდ გავლენას ახდენს მის ქცევებსა და განწყობებზე. სესიების, სტრუქტურირებული სავარჯიშოებისა და საშინაო დავალებების საშუალებით, კლიენტი სწავლობს ამოიცნოს თავისი აზროვნების უარყოფითი ნიმუშები და გაიაზროს თუ რა გავლენას ახდენენ ისინი მის ცხოვრებაზე. დაუპირისპირდეს მათ და განავითაროს უფრო ადაპტიური და ჯანსაღი მიდგომები.
როგორც წესი, CBT მოკლევადიანია. ყურადღებას ამახვილებს აწმყო დროზე და ორიენტირებულია კონკრეტულ მიზანზე.

შედეგიანია: დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობის, შფოთვის, ფობიების, კვებითი დარღვევების, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების შემდგომი დარღვევების, OCD-ის, უძილობის, შიზოფრენიის ზოგიერთი სიმპტომის და ზოგ შემთხვევაში, მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად.

გეშტალტთერაპია

სთავაზობს კლიენტს კონცენტრირდეს „აქ და ამჟამად“ აწმყოში არსებულ აზრებზე, გრძნობებსა და ქმედებებზე, და არა წარსულსა ან მომავალზე. ხაზს უსვამს ადამიანის დაპირისპირებული მხარეების გამთლიანებას – საკუთარი თავის ყველა ნაწილის აღიარებასა და მიღებას. იყენებს ტექნიკებს როგორიცაა: როლური თამაში, ცარიელი სკამის მეთოდი, საკუთარ შეგრძნებებზე ფოკუსირება, ცხადგრძნობა და სხვა. ამით კლიენტს ეხმარება დამკვირვებლის თვალით შეხედოს სიტუაციას, გააცნობიეროს და აღიაროს თავისი ფიქრების, გრძნობების და ქცევის მიზეზები.
გეშტალტთერაპიის საბოლოო მიზანია გააძლიეროს კლიენტი იმისთვის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ აზრებზე, გრძნობებსა და ქცევებზე. ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, თვითშემეცნებას და საკუთარი თავის მიმღებლობას.

შედეგიანია: თვითშეფასების პრობლემების, ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული სირთულეების, ტრავმული გამოცდილების, დეპრესიის, ურთიერთობათა პრობლემების, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების შემდგომი დარღვევების და ისეთი ეგზისტენციალური კრიზისების დროს, როგორიცაა – ჩიხის, სიცარიელის, უმიზნობის, დემოტივაციის და დეზორიენტაციის განცდა.

არტთერაპია

ხელოვნების და ფსიქოლოგიის ნაზავია, სადაც შემოქმედებით თვითგამოხატვა გამოიყენება, როგორც თერაპიის მეთოდი. ექსპრესიული თერაპიის ეს ფორმა ეხმარება ადამიანს სტრესის დაძლევის ჯანსაღი გზების მოძებნაში, საკუთარი თავის მიმღებლობასა და თვითშეფასების გაუმჯობესებაში. მხატვრული მასალებისა და ტექნიკების საშუალებით, პაციენტს გარეთ გამოაქვს თავისი განცდები. ეს შეიძლება იყოს ისეთი მძიმე ან ტრავმული ემოციები, რაზე საუბარიც უჭირს და რომლებიც მუდმივად ამძიმებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. არტთერაპევტი ხელმძღვანელობს თერაპიულ პროცესს და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს სთავაზობს მხარდაჭერას და ინტერპრეტაციას.
არტთერაპიის პროცესში ჩართულობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და შესაძლებლობების (მათ შორის შ.შ.მ.) ადამიანს და არ მოითხოვს შემოქმედებითობის უნარებს.

შედეგიანია: დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, ტრავმისშემდგომი აშლილობის (PTSD), თვითგამორკვევის და პიროვნული ზრდის, სტრესის მართვის, ურთიერთობების სირთულეების, მწუხარების და დანაკარგის დროს.

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია

ასევე ცნობილია როგორც სომატური ფსიქოთერაპია. თეორია საუბრობს გონებისა და სხეულის ღრმა კავშირზე – რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ხშირად ვლინდება ფიზიკურ სიმპტომებში და პირიქით. ფსიქოთერაპევტი სხეულს და გონს ჰოლისტურად (მთლიანობაში) განიხილავს და ფსიქოლოგიურ სირთულეებზე მუშაობს სხეულებრივი შეგრძნებებისა და მოძრაობების
საშუალებით. ითვლება, რომ სხეულზე ფოკუსირებით კლიენტი იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას სხეულებრივი შეგრძნებების საფუძველში მყოფ ემოციებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით ეფექტურია ტრავმისშემდგომი აშლილობებისას (PTSD). ითვლება, რომ ვერ გადახარშული ტრავმა ხშირად სხეულში იბუდებს და შემდგომ სხვადასხვა სომატურ (სხეულებრივ) დაავადებებში იჩენს თავს.

შედეგიანია: ტრავმისშემდგომი აშლილობის (PTSD), სტრესთან დაკავშირებული აშლილობების, სომატური აშლილობების, კვებითი დარღვევების, ქრონიკული ტკივილის და ავადმყოფობის, შფოთვითი აშლილობების, დეპრესიის და არაჯანსაღი მიჯაჭვულობების დროს.

ჰიპნოთერაპია

იყენებს მართვად რელაქსაციას, ძლიერ კონცენტრაციას და ფოკუსირებულ ყურადღებას და კლიენტი გადაჰყავს ცნობიერების შეცვლილ (ტრანსისმაგვარ) მდგომარეობაში, რათა მოწყდეს რეალურ ვითარებას და კონცენტრირდეს კონკრეტულ საკითხზე.
ფილმებში ნანახისგან განსხვავებით, კლიენტი არ კარგავს კონტროლს ქცევაზე და ახსოვს სესიის დროს მომხდარი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უფრო ღიაა ქცევის ცვლილებებისა და სხვადასხვა შეგონებების მიმართ. ჰიპნოზი ადამიანს ეხმარება მოიპოვოს კონტროლი იმ ქცევებზე, რომელთა შეცვლაც სურს.
დროთა განმავლობაში, კლიენტი თვითჰიპნოზის საშუალებით დამოუკიდებლად შეძლებს რელაქსაციისა და სიმშვიდის მოპოვებას, რაც წინასაოპერაციოდ ან სხვა სამედიცინო პროცედურების დროს შეიძლება გამოადგეს.

შედეგიანია: ტკივილთან და სტრესთან გამკლავებისას, სიმსივნის მკურნალობის გვერდითი ეფექტების, ძილის პრობლემების დროს, წონის დაკლების ან მოწევის შეწყვეტის კომპლექსური მკურნალობისას (როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი), ფობიისა და შიშებით გამოწვეული შფოთვის დროს.

ქოუჩინგი

თანამშრომლობითი და მიზანზე ორიენტირებული პროცესია, რომელიც ფოკუსირებულია აწმყოზე და მომავალზე.
მიზნების დასახვით, აქტიური მოსმენით, ჩაღრმავებული კითხვებით, უკუკავშირითა და რეფლექსიით, მოტივაციის წახალისებითა და სხვა ტექნიკებით, ქოუჩი ეხმარება კლიენტს პიროვნული ან პროფესიული მიზნების მიღწევაში, შრომისუნარიანობის გაზრდაში, დაბრკოლებების აღმოჩენაში, პოტენციალის რეალიზებაში, სტრატეგიის შემუშავებაში და წარმატებისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში.
ქოუჩინგი არის არადირექტიული და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები, გადალახოს გამოწვევები და შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისაკენ.

შედეგიანია მათთვის, ვისაც სურს: დაისახოს პირადი ან პროფესიული მიზნები, გაზარდოს შრომისნაყოფიერება კონკრეტულ სფეროებში, მართოს ცხოვრებისეული გამოწვევები და გაუმკლავდეს ცვლილებებს, გააუმჯობესოს კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები, გაზარდოს საკუთარი თავის მიმღებლობა და თავდაჯერებულობა.

ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპია (NLPt)

აერთიანებს ფსიქოთერაპიის პრინციპებს ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (NLP) ტექნიკასთან. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მეტყველებისა და კომუნიკაციის სტილი ადამიანის აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევაზე.
NLP ტექნიკა ასწავლის კლიენტს თუ როგორ „გადააპროგრამოს“ გონება მეტყველების დახმარებით, შეცვალოს არასასურველი ქცევები და შემაფერხებელი სტერეოტიპები, გააუმჯობესოს ურთიერთობები და მიაღწიოს სასურველ მიზნებს. NLP-ს ერთ-ერთი ძირითადი რწმენაა, რომ ყველა ადამიანს აქვს ფარული, გამოუყენებელი ფსიქიკური რესურსები, რომელთაც სჭირდება გაღვივება. მიმდევრები თვლიან, რომ წარმატებულობის მთავარი გასაღებია – თუ როგორ იყენებს ადამიანი მეტყველებას საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად. თეორია ასევე ემყარება რწმენას, რომ სხვა ადამიანების ქცევის მოდელირებით შესაძლებელია მათი წარმატების საკუთარ ცხოვრებაში გამეორება.
გარდა ფსიქოთერაპიისა, NLP გამოიყენება ისეთ სფეროებში როგორიცაა: ქოუჩინგი, განათლება, სამართალი, მედიცინა, ბიზნესი და სხვა.

შედეგიანია მათთვის ვისაც სურს: გაიუმჯობესოს კომუნიკაციის უნარები, გადალახოს შემაფერხებელი რწმენები და შიშები, გაზარდოს შრომისნაყოფიერება პირადი ან პროფესიული კუთხით, მართოს სტრესი, შფოთვა ან ფობიები, გახდეს მეტად თავდაჯერებული, უკეთესობისკენ შეცვალოს ქცევა ან აზროვნება, განავითაროს ლიდერობის ან ქოუჩინგის უნარები, გააუმჯობესოს ურთიერთობები და გაიზარდოს პიროვნულად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *