1 წუთის საკითხავი
„არ მაქვს მოტივაცია“. ფრაზა რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენს ყოველდღიურობაში, ერთი შეხედვით სიზარმაცედ ან მოწყენილობად შეიძლება მოგვეჩვენოს. სინამდვილეში კი მის უკან საკმაოდ ღრმა (ხშირად გაუცნობიერებელი) ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იმალება.
რამდენიმე რამ, რაც შეიძლება იწვევდეს დემოტივაციას:
წარუმატებლობის შიში, თავდაჯერების ნაკლებობა ან პერფექციონიზმი
ფიქრობთ, რომ ან უნდა გააკეთოთ უშეცდომოდ, ან საერთოდ გაჩერდეთ. სიხისტე და რიგიდულობა ხელს გიშლით დაინახოთ ის გზებიც, რაც მეტ მოქნილობას მოითხოვს, შეცდომების დაშვების უფლებას გაძლევთ, გამოცდილებას გმატებთ და საბოლოოდ დასახულ მიზნამდეც მიყავხართ.
სტრესი
მოტივაციისთვის არ ტოვებს ადგილს ბოლო დროს განცდილი სტრესი (ურთიერთობის გაწყვეტა, ავადმყოფობა, ახლობლის გარდაცვალება და სხვა). მიეცით თქვენ თავს გარკვეული დროით უხალისოდ ყოფნის უფლება მძიმე მდგომარეობის გადასახარშად და ძალების აღსადგენად.
უმიზნობა
საქმეს ინერციით აკეთებთ და გულს ვერ უდებთ, რადგან არაა თქვენთვის საინტერესო და ფასეული. შეიძლება ვერ გრძნობთ თავს კოლექტივის ნაწილად ან შიშობთ, რომ არ ხართ მნიშვნელოვანი. ამას ჩიხის განცდა მოჰყვება ხოლმე. ასეთ დროს სპეციალისტი დაგეხმარებათ გააცნობიეროთ თქვენი მდგომარეობა, შრომითი კმაყოფილება თუ სხვა სირთულეები.
ტოქსიკური გარემო
დემოტივატორი და ზოგადად, ჯანმრთელობის დამანგრეველია ქრონიკული სტრესორი, რომლის შეცვლაც არ შეგიძლიათ. ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად კი პირველი ნაბიჯი ამ სტრესორის გაცნობიერებაა.
გადატვირთულობა
ერთბაშად ბევრი საქმე დაგიგროვდათ და არ იცით რით დაიწყოთ. მომატებულმა შფოთვამ შეიძლება აპათიამდეც (სრული გულგრილობა) მიგიყვანოთ. გირჩევთ ჯერ ადვილი და ხანმოკლე შემზადებით დაიწყოთ (მაგ: მასალების მომზადება, ადგილის გათავისუფლება, გეგმის შედგენა, ყველაზე ადვილი ნაწილის დაწყება და ა.შ.) ეს მუშაობის განწყობას შეგიქმნით და მოტივაციაც დაგიბრუნდებათ.
გადაწვა
უწყვეტად მუშაობთ, თანაც სხვებისთვის და დრო აღარ გრჩებათ საკუთარი თავისთვის.
ეცადეთ პერიოდულად თქვენთვისაც მოიცალოთ. დაფიქრდით რა გესიამოვნებათ და ხანდახან მაინც დაკავდეთ ამ საქმიანობით. ეს იმის კეთების ხალისსაც დაგიბრუნებთ, რაც აქამდე ასე დამღლელი გეჩვენებოდათ.
აპათია
მიმართეთ სპეციალისტს თუ აპათია გახდა ქრონიკული ან მძიმე და მოქმედებს თქვენს ყოველდღიურობაზე. რომ გამოირიცხოს ისეთი მდგომარეობები როგორიცაა: დეპრესია, შიზოფრენია, გადატანილი ინსულტი, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადება.