შენიშვნა: იან კერნერი ქორწინებისა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, მწერალი და CNN-ის ავტორია ურთიერთობების თემაზე. მისი უახლესი წიგნი „So Tell Me About the Last Time You Had Sex,“ წყვილებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს.
ოდესმე შეგიმჩნევია, რომ მუდამ გაღიზიანებული ხარ შენი პარტნიორის გამო? სახლში დაბრუნება ისეთივე, ან უფრო მეტად, აუტანელია როგორც სამსახურში წასვლა? პარტნიორთან დეითზე წასვლისა და შემდეგ სექსისთვის ენერგია და სურვილი არ გაქვს? როცა მომავალზე ფიქრობ, ყველაფერი ერთფეროვნად და მოსაწყენად წარმოგიდგენია?
ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა ურთიერთობაში ემოციურ გადაღლაზე მიანიშნებდეს და თუ რამდენიმე მათგანი ამოიცანი, დიდი შანსია, რომ სწორედ ეს პრობლემა გაწუხებდეს.
ფსიქოთერაპევტების უმეტესობას უწევს ისეთ პაციენტებთან მუშაობა, რომლებიც ემოციური გადაწვის (ე.წ. burnout) სინდრომს უჩივიან ან ამ მდგომარეობას უახლოვდებიან – გრძნობენ გამოფიტულობას, სტრესს, ცინიკურ და გულგრილ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ. როგორც წყვილების ფსიქოთერაპევტი, სულ უფრო ხშირად ვხვდები კლიენტებს, რომლებსაც ურთიერთობაში ემოციური გადაწვის სინდრომი აწუხებთ.
ასეთი წყვილები, ჩვეულებრივ, დაძაბულები და გამოფიტულები არიან ყოველდღიური ოჯახური ვალდებულებებით, მაგრამ ამასთან ერთად, პარტნიორის მიმართ აგრესიისა და უკმაყოფილების გრძნობები უჩნდებათ. ხვდებიან, რომ ერთმანეთს ვეღარ ეწყობიან და ხედავენ ისეთ მომავალს, სადაც არაფერი იცვლება ან საერთოდაც, აღარ სჯერათ ამ ურთიერთობის მომავლის.
ხშირად პაციენტებს არც კი ესმის, რომ ურთიერთობაში იგივენაირად შეიძლება ემოციურად გადაიწვა როგორც, სიტყვაზე, სამსახურში. თუმცა, ამ გადაღლის გამოსწორება შესაძლებელია, ისევე როგორც შესაძლებელია სამუშაო გადაღლის შემსუბუქება, მაგალითად, იმ სიტუაციისგან თავის დაღწევით, რომელიც შენთვის აღარ არის ჯანსაღი გარემო და მოცემულობა.
გიზიარებთ რამდენიმე წყვილის თერაპევტის ხედვას იმაზე, თუ რა იწვევს ურთიერთობაში ემოციურ გადაწვას და როგორ შეიძლება წყვილები ამ პრობლემას ეფექტურად გაუმკლავდნენ.
რას ნიშნავს ემოციური გადაწვა ურთიერთობაში?
ინტიმურ ურთიერთობებს, ისევე როგორც მეგობრობას, სჭირდება აქტიური ზრუნვა და ყურადღება.
„ურთიერთობაში გადაწვა ემოციური გამოფიტვის მდგომარეობაა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ურთიერთობის შენარჩუნების ზეწოლა და მოთხოვნები აჭარბებს იმ რესურსებსა და მხარდაჭერას, რაც მის გასაზრდელად და გასაძლიერებლად არის საჭირო,“ – აღნიშნა რეიჩელ ნიდლმა,
ლიცენზირებულმა ფსიქოლოგმა და თანამედროვე სექსის თერაპიის ინსტიტუტების (Modern Sex Therapy Institutes) ერთ-ერთმა დირექტორმა.
გადაწვა მხოლოდ ემოციურად არ მოქმედებს წყვილებზე. მას შეუძლია სერიოზულად იმოქმედოს სექსუალურ ურთიერთობებსა და ინტიმურ კავშირზეც – ამბობს ნიუ-იორკში მოღვაწე ფსიქოთერაპევტი ევა დილონი: „როდესაც ერთი ან ორივე პარტნიორი განიცდის ემოციურ ან მენტალურ
გამოფიტვას, ეს ხშირად ემოციურ დისტანცირებას, სექსუალური სურვილების შემცირებას და საბოლოოდ, ინტიმურობისა და სექსუალური აქტივობის ნაკლებობას იწვევს.“
ურთიერთობაში ემოციურ გადაწვას რამდენიმე ფაქტორი შეიძლება უწყობდეს ხელს – დაწყებული საშინაო საქმეების არათანაბარი განაწილებით (როცა ერთ პარტნიორს მეტი პასუხისმგებლობა აწევს), სამუშაო და პირად ცხოვრებას შორის დისბალანსით (როცა ერთი ან ორივე პარტნიორი სამსახურში ზედმეტად იღლება), ოჯახური სტრესებით (კონფლიქტები მშობლებთან ან პარტნიორის მშობლებთან), განვითარების ნაკლებობით (როცა ურთიერთობა ერთფეროვან რუტინად იქცევა) და დამთავრებული ერთფეროვნებით – იქნება ეს სექსუალური თუ ემოციური ერთფეროვნება.
„ეს მდგომარეობა, როგორც წესი, ერთი კონკრეტული დაძაბული შემთხვევით ან მწვავე კრიზისით არ იწყება,“ – ამბობს ნიდლი, რომელიც ამჟამად
ფლორიდას შტატის ქალაქ უესტ პალმ ბიჩში მუშაობს. „ეს არის დაუკმაყოფილებელი საჭიროებების, გადაუჭრელი კონფლიქტების,
ქრონიკული სტრესისა და თანდათანობით ერთმანეთისგან დაშორების შედეგი და ამ ყველაფრის გამო უერთიერთობის გაუფასურება.“
ამ საკითხთან დაკავშირებით ნიდლი, დილონი და სხვა სპეციალისტები კონკრეტულ რჩევებსაც გვიზიარებენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ წყვილები გადაღლას და როგორ შეიძლება ურთიერთობაში ენერგიის აღდგენა.
აღიარეთ პრობლემა
სექსოლოგის და სექსუალური განათლების სპეციალისტის, ივონ კრისტინ ფულბრაიტის თქმით, პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ ურთიერთობა ემოციური გადაწვის ფაზაშია – და მთავარი ისაა, რომ ეს აღიარება წყვილმა ერთმანეთის დადანაშაულების ან გაკრიტიკების გარეშე გააკეთოს.
„თქვენი დაკვირვებები თქვენი პერსპექტივიდან გაუზიარეთ პარტნიორს, გამოიყენეთ ისეთი ფორმულირებები, როგორიცაა ‘შევამჩნიე, რომ…’ ან ‘ვგრძნობ, რომ…’, და შემდეგ ჰკითხეთ პარტნიორს, თვითონ როგორ გრძნობს თავს,“ – ამბობს ფულბრაიტი, რომელიც ამჟამად ისლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. „გულწრფელად ისაუბრეთ სტრესსა და იმედგაცრუებაზე ისე, რომ პარტნიორს ჰქონდეს იმის სურვილი და საშუალება, რომ თვითონაც თავისუფლად გამოთქვას აზრი.“
აიღეთ პასუხისმგებლობა
ურთიერთობაში ემოციური გადაწვის ერთ-ერთი ფაქტორი ერთმანეთის დადანაშაულება და საკუთარი წილის მიუღებლობაა იმ მდგომარეობაში, რომელიც რეალურად ორივე პარტნიორისგანაა გამოწვეული.
„როდესაც საქმე გვაქვს ურთიერთობაში ემოციურ გადაწვასთან, პარტნიორები ხშირად ფიქრობენ, რომ გამოსავალი იმაშია, რომ მეორე პარტნიორი შეიცვალოს,“ – ამბობს ნიუ-იორკში მოღვაწე ქორწინებისა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი ერიკ როზენბლუმი. „თუმცა ყველაზე ეფექტური გზა ამ დიმანიკაში საკუთარი როლის გააზრება და იმის გააანალიზებაა, თუ როგორ შეგიძლია შენ თვითონ შეიცვალო, რათა ურთიერთობას განვითარებაში შეუწყო ხელი.“
ნიუ-იორკში მოღვაწე სექსთერაპევტი რებეკა სოკოლიც აღნიშნავს, რომ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება დამოუკიდებლად, პარტნიორის ჩართვის გარეშეც გააკეთო.
„სცადე ჩაიწერო მომენტები, როცა შენი ნეგატიური გრძნობები ან აზრები პარტნიორისკენ გადაგაქვს“ – აღნიშნავს სოკოლი. „შემდეგ კი სცადე ყურადღება მეორე მხარეს გადაიტანო, ანუ იმაზე თუ როგორ მონაწილეობ ამ პრობლემის შექმნაში თვითონ შენ. ამის ჩაწერაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. არ არის საჭირო, ეს დაკვირვებები ვინმეს გაუზიარო, უბრალოდ ყურადღებით დააკვირდი, როგორი შეგრძნებაა, როცა ამ ყველაფერს წერ.“
შეინარჩუნეთ კომუნიკაცია
ემოციური გადაწვა ხშირად უფრო მძაფრდება იმ მიზეზით, რომ წყვილები პრობლემებს აიგნორებენ სანამ ყველაფერი აუტანლად დამთრგუნველი არ ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველ კვირას გამოყო დრო, რათა გულწრფელად ესაუბრო პარტნიორს.
„გქონდეთ ორმხრივი საუბარი ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილზე, სადაც ორივე მხარეს ექნება აზრი გამოთქმის საშუალება.“ – გვირჩევს სოკოლი. „მოუსმინეთ ერთმანეთის საჭიროებებს და ეცადეთ იპოვოთ მცირე, რეალური ცვლილებები, რომლებზეც ორივე შეთანხმდებით. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი საუბარი, ეს უნდა გახდეს ურთიერთობაში კომუნიკაციის მუდმივი პროცესი.“
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ საკითხებზე საუბარი შეიძლება სტრესულად ჟღერდეს, კომუნიკაცია, პირიქით, ამშვიდებს პარტნიორებს – ამბობს ევა დილონი.
„როცა პარტნიორს უზიარებ, რომ რაღაც გაწუხებს, ეს ეხმარება ნერვულ სისტემას დამშვიდებაში და ქმნის კავშირის სივრცეს,“ – აღნიშნავს ის. „ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ჩართოთ პატარა, მაგრამ ეფექტური აქტივობები, რომლებიც კიდევ უფრო დაამშვიდებს ნერვულ სისტემას. მაგალითად, ექვსწამიანი კოცნა, ხანგრძლივი ჩახუტება, გარეთ სეირნობა, ჩახუტებული ჯდომა, ხმამაღლა კითხვა ან სექსუალური სიახლოვე.“
სცადეთ რაიმე ახალი – ერთად
ერთობლივი დროის პრიორიტეტად ქცევა ემოციური გადაწვის თავიდან ასარიდებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დრო ისე დაიცავით, როგორც მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრას იცავთ, აღნიშნეთ კალენდარში და არ გადაადოთ.
ნიდლი გვირჩევს ყურადღება გავამახვილოთ ახალ, განსხვავებულ გამოცდილებებზე. მაგალითად, ერთად დაიწყეთ ახალი კურსი, წადით ლაშქრობაზე ან უბრალოდ მოამზადეთ ახალი კერძი. ასეთი სიახლეები აღძრავს სიახლოვისა და აღფრთოვანების გრძნობას ურთიერთობაში. სოკოლის თქმით, სიახლისა და თამაშის ელემენტები ასევე გეხმარებათ, დაუბრუნდეთ ურთიერთობის იმ ასპექტს, რომელიც ვალდებულებას ან სამუშაოს არ ჰგავს.
„ტელეფონები სხვა ოთახში დატოვეთ, ზარს ხმა გამოურთეთ და ერთად ითამაშეთ ან რაიმე სხვა, მხიარული აქტივობით დაკავდით,“ – ამბობს სოკოლი. „და აი, ბონუსიც: მხიარული ‘მე’, როგორც წესი, სექსუალურ ‘მე’-სთან არის დაკავშირებული, ამიტომ ასეთი მომენტები ემოციურად გადამწვარ წყვილებს სექსუალური სიახლოვის აღდგენაში ეხმარება.“
საკუთარ თავზეც იმუშავეთ
როცა ცხოვრებას პარტნიორთან იზიარებ – ფინანსურად, მშობლის როლში, ან უბრალოდ როგორც თანამოსახლე – ხშირია საკუთარი თავისთვის ინდივიდუალური დროის არქონა და პირად გამოცდილებაზე ფიქრის ნაკლებობა, როცა სწორედ ეს ორი რამ – პირადი სივრცე და თვითშეფასება – არის საჭირო, რათა ემოციურ გადაწვას თავი აარიდო.
„საბოლოოდ, იმისათვის რომ ურთიერთობაში გადაღლას შეეჭიდო, ჯერ შენი პირადი გადაღლა უნდა მართო,“ – ამბობს ფულბრაიტი. იფიქრეთ იმ გზებზე, თუ როგორ შეგიძლიათ დამოუკიდებლად აღიდგინოთ ენერგია, მაგალითად, რეგულარული ვარჯიში, ძილი, იოგა, მედიტაცია ან ჰობი. მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს საკუთარ თავზე ზრუნვის ყველა მცდელობაში. „როცა შენს თავს აცოცხლებ, სწორედ იმ ენერგიას იღდგენ, რომელიც ურთიერთობის გაჯანსაღებას სჭირდება.“
ნახეთ სპეციალისტი
როცა საქმე ურთიერთობაში პრობლემას ეხება, მასთან მარტო დარჩენა აუცილებელი არაა. შესაბამისი პროფესიონალი – ქორწინების ან სექსის ფსიქოთერაპევტი – დაგეხმარებათ ისეთი სტრატეგიების მოძებნაში, რომლებიც ამცირებს გადაღლას და აღადგენს ემოციურ და სექსუალურ კავშირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძნობ, რომ საჭიროა ნეიტრალური პირი ან შუამავალი, რომელიც პროცესის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.
მთავარია, არ გადადო: „თუ ფსიქოთერაპევტთან მუშაობას მაშინვე დაიწყებთ როცა ემოციური გადაწვის პირველი ნიშნები ჩნდება, შეიძლება ეს დინამიკა იქამდე გამოასწოროთ, სანამ უფრო სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა,“ – ამბობს ნიდლი. ემოციური გადაღლილობის მართვა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი და დამაკმაყოფილებელი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. წყვილების ქცევები და ჩვევები ორიენტირებული უნდა იყოს სიახლოვის შენარჩუნებისა და სიახლოვის თავიდან აღდგენის ჩვევებზე.
როცა აღიარებთ სიმპტომებს და წინსვლისკენ მიზანმიმართულ ნაბიჯებს გადადგამთ, შეძლებთ აღიდგინოთ ის სიახლოვე და კავშირი, რომელიც თქვენს ურთიერთობას სიცოცხლეს დაუბრუნებს.

