6 წუთის საკითხავი
ბულინგი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც უფრო ხშირად, ბავშვებს შორის ხდება. ხშირად მათთვის ბულინგი სოციალური სტატუსის მოპოვების ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ ის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ბულინგის დროს ერთი პიროვნება ან ჯგუფი (მჩაგვრელი), მიზანში ამოიღებს მეორე ადამიანს (ჩაგრულს), მუდმივად და მიზანმიმართულად (ხშირად სახალხოდ) ატერორებს ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად. იმისთვის, რომ დააშინოს ან დაიმორჩილოს.
ბულინგს ვხვდებით სხვადასხვა ფორმებით, ან მათი კომბინაციით:
ფიზიკური
ეს ბულინგის ყველაზე შესამჩნევი და აშკარა ფორმაა. ფიზიკური ბულინგია, როცა ვინმე ავნებს სხვა ადამიანს ხელის კვრით, წამორტყმით, პანჩურის ამორტყმით, ნივთების დაზიანებით, დამალვით, წართმევით და ა.შ.
სოციალური
ბულინგის ამ ფორმის შემჩნევა ყველაზე ძნელია, რადგან მზაკვრულია და მსხვერპლის ზურგს უკან ხდება. უფრო ხშირად ამას მიმართავს გოგონებისგან შემდგარი სამეგობრო ან უფრო გაფართოებული წრე. ისინი ზიანს აყენებენ მსხვერპლის რეპუტაციას, ან გარიყავენ ჯგუფიდან, რომ ამის ხარჯზე აიმაღლონ საკუთარი სოციალური სტატუსი. მეთოდებია: ჭორაობა, ხმების გავრცელება, ცრუ ბრალდებები, ცილისწამება, სახალხოდ შერცხვენა, მსხვერპლისადმი მიმართული უარყოფითი ფიზიკური ჟესტები და მიმიკები, ზიზღიანი მზერა, გაქილიკება, ბინძური და დამამცირებელი ხუმრობები, ბოროტი გამოჯავრება.
ვერბალური
შედარებით ძნელი შესამჩნევია, რადგანაც ბავშვები ამას უფროსებისგან ფარულად მიმართავენ. ვერბალურ ბულინგში შედის: დაცინვა, ზედმეტ სახელების შერქმევა, შეურაცხყოფის მიყენება, დამუქრება, დაშინება, იძულება და ა.შ.
ხშირად სოციალურ და ვერბალურ ბულინგს ერთად ვხვდებით.
კიბერბულინგი
როცა ვინმე განმეორებით და განზრახ აყენებს ზიანს სხვა ადამიანს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ვიდეოს ან ფოტოების განთავსება, ჭორების გავრცელება, სხვისი სახელით ანგარიშის შექმნა, დამცინავი კომენტარები და ა.შ. ან ფარულად: პირადი ინფორმაციის გასაჯაროებით შანტაჟი, ტერორი და მუქარა.
უარესია ვიდრე ტრადიციული ბულინგი, რადგან:
- მოძალადეს შეუძლია იყოს ანონიმური და მსხვერპლს უთხრას ის, რასაც პირისპირ ვერ ეტყოდა;
- მატებს სითამამეს, რომ თქვას ის, რის პირისპირ თქმასაც ვერასოდეს გაბედავდა;
- მსხვერპლს არ შეუძლია თავის არიდება, რადგან ეს შეიძლება მოხდეს ყველგან, ნებისმიერ დროს;
- ნათქვამისგან განსხვავებით, შეტყობინება ან ფოტო ადვილად არ ქრება;
- სწრაფად ვრცელდება უამრავ ადამიანზე;
- განსაკუთრებით რთულია მოზარდებისთვის, რადგან ისინი იყენებენ გაჯეტებს საკუთარი თავის გამოხატვისთვის ამ დროს კი პირიქით ხდება.
რატომ არჩევს მსხვერპლი დუმილს?
ბავშვების 64% ირჩევს ჩუმად ყოფნას:
- საუბარი რცხვენია, რადგან ამ დროს თავს უძლურად და უხერხულად გრძნობს. განსაკუთრებით, თუ მოძალადე ისეთ ადგილს უმიზნებს, რის მიმართ თვითონაც მგრძნობიარეა;
- ხანდახან სჯერა, რომ ჩუმად ყოფნით ბულინგი თავისთავად დასრულდება;
- შიშობს, რომ ხმამაღლა საუბრით „ჩამშვების“ იარლიყი მიეკერება;
- ეშინია მჩაგვრელისკენ თითის გაშვერის, ფიქრობს რომ არავინ დაუჯერებს, ან ეშინია, რომ დასცინებენ;
- შეიძლება ვერც აცნობიერებს, რომ ბულინგის მსხვერპლია, რადგან ფიქრობს, რომ ამას იმსახურებს.
როდის გვიჩნდება ეჭვი ბულინგზე?
- იგონებს სხვადასხვა მიზეზებს, რომ თავი აარიდოს სკოლაში წასვლას;
- სახლში ხშირად ბრუნდება დათრგუნული, გაღიზიანებული და შეიძლება ატირებულიც კი;
- ხშირად ბრუნდება დაზიანებული ნივთებით;
- სხეულზე აქვს აუხსნელი დაზიანებები;
- მკვეთრად უარესდება აკადემიური მოსწრება;
- შფოთავს, უჭირს ძილი;
- გაუჩნდა დეპრესიული მიდრეკილებები და სუიციდური ფიქრები;
- ცდილობს, იყოს შეუმჩნეველი, ნაკლებად პოპულარული, დასვენების დროს კლასში რჩება, გაურბის ბავშვებს, მორცხვი და შეშინებული ჩანს;
- ადვილია მისი წყენინება და ატირება;
- შეიძლება გაუჩნდეს ფიზიკური პრობლემები: მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, უნებლიე შარდვა ღამით და სხვა.
როგორი არის მჩაგვრელი?
- აქვს პოპულარულობის, ყურადღების ცენტრში ყოფნის და ლიდერობის სურვილი;
- აქვს დაბალი თვითშეფასება და ბულინგს იყენებს თავისი სუსტი მხარეების დასამალად;
- ეშინია რომ სუსტი გამოჩნდება, ამიტომ აგრესიული და დაუმორჩილებელი ქცევით ცდილობს ძლიერად გამოიყურებოდეს;
- კონფლიქტების გადაჭრას ძალისმიერად ცდილობს. ჩხუბისთავი და იმპულსურია როგორც თავად, ისე მისი მეგობრები;
- ეგოცენტრულია: ხშირად ამახვილებს ყურადღებას საკუთარ თავზე და არ ფიქრობს იმაზე, თუ რას გრძნობს სხვა.
- თავის პრობლემებში ყოველთვის სხვას ადანაშაულებს;
- ჩვეულებრივ ასე იქცევა იმის გამო, რომ აღზარდეს ძალიან მკაცრად, ან მასზე არასაკმარისად ზრუნავდნენ;
რატომ ირჩევენ ბავშვები მჩაგვრელის მხარეს?
მჩაგვრელის მხარესაა ისიც, ვინც უბრალოდ შორიდან უყურებს და არაფერს აკეთებს ბულინგის შესაჩერებლად.
- ეშინია, რომ თუ ჩაგრულს დაიცავს – თვითონაც დაიჩაგრება;
- მჩაგვრელი ხშირად პოპულარულია, რის გამოც ბავშვები ჰბაძავენ და მასთან დამეგობრებას ცდილობენ;
- ხშირად ბავშვებს უბრალოდ ართობთ ბულინგის ყურება;
- არ ჰგონია რომ ეს სერიოზული რამაა;
- არ სჯერა რომ ჩარევით რამე შეიცვლება;
- ფიქრობს, რომ უფროსს თუ მოუყვება, „ჩამშვებს“ შეარქმევენ.
როგორი არის ჩაგრული?
ჩვეულებრივ, ბულინგის ქვეშ მყოფი ბავშვი შედარებით განსხვავდება თანატოლებისგან:
სახასიათო გარეგნული შტრიხით
: აქვს იარა, უთმოა, ძალიან მაღალია ან პირიქით – დაბალი. მსუქანი, ან ყველაზე გამხდარი და ა.შ.ხასიათით
: მორცხვი, გულჩვილი, ძალიან ჭკვიანი, მგრძნობიარე, ემოციური და სხვა.სტატუსით
: ძალიან ღარიბი ან ძალიან მდიდარი, მასწავლებლის ან დირექტორის შვილი, შშმ/სსსმ პირი, ეთნიკური და მსგავსი უმცირესობების წარმომადგენელი ან სხვა რელიგიის მქონე.
რა თქმა უნდა, პრობლემა ბავშვის განსხვავებულობაში არაა. ბულერი ყოველთვის იპოვის საბაბს. ნუ ეცდებით გამორჩეულობის დამალვას, პირიქით - ასწავლეთ ბავშვს, თუ როგორ აქციოს ის თავის ძლიერ მხარედ.
როცა თქვენი შვილი ჩაგრულია
თუ ეჭვი გაქვთ ბულინგზე, ამაზე პირველ რიგში ბავშვს დაელაპარაკეთ. ბავშვისთვის ძალიან მტკივნეულია ბულინგზე საუბარი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენთან საუბრისას მან თავი დაცულად იგრძნოს.
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუსვით მხოლოდ არაპირდაპირი შეკითხვები: როგორი ურთიერთობა გაქვს შენს კლასელებთან? რომელიმე შენს კლასელს ხომ არ ჩაგრავენ? ესაუბრეთ ბულინგზე – აუხსენით, რომ ის მიუღებელია და არ არის თამაში. და რომ არავის აქვს უფლება დაემუქროს, ატკინოს, დასცინოს, დაჩაგროს და ზოგადად, მისი სურვილის წინააღმდეგ რაიმე გააკეთებინოს;
- თუ ბავშვმა დუმილი არჩია, ეცადეთ ინფორმაცია არაპირდაპირი გზით მიიღოთ (მასწავლებლები, თანატოლები, სკოლის ფსიქოლოგი). მაგრამ აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე და უხეშად არ ჩაერიოთ მის ცხოვრებაში;
- შესთავაზეთ დახმარება, მაგრამ იმოქმედეთ მხოლოდ ბავშვთან შეთანხმებულად. საჭიროების მიხედვით ჩართეთ მასწავლებელი, ადმინისტრაცია, ფსიქოლოგი, მანდატურის სამსახური და ა.შ. შეამოწმეთ, რამდენად ნაყოფიერია ჩარევა და ხომ არ იწვევს უარეს შედეგებს;
- ესაუბრეთ მჩაგვრელის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე და დაარწმუნეთ, რომ პრობლემა არა მასში, არამედ მოძალადეშია. იმუშავეთ თვითშეფასებაზე. მიეხმარეთ, მიიღოს და შეიყვაროს თავისი თავი;
- ბულინგს რომ მეტად შემზადებული შეხვდეს, ურჩიეთ წინასწარ წარმოიდგინოს მოძალადესთან შეხვედრის ყველაზე უარესი სცენარი. ერთად ან ცალკე (სარკის დახმარებით) ივარჯიშეთ, როგორ გაუმკლავდეს სიტუაციას;
ასწავლეთ სხვადასხვა ხერხები:
- გადაიყვანოს დაცინვა ხუმრობაში;
- თავი ხელში აიყვანოს: ეცადოს არ იტიროს, არ მიიტანოს გულთან ახლოს, არ დაანახოს წყენა და სისუსტე;
- ასწავლეთ აზრის თამამად გამოხატვა და თავისი ინტერესების დაცვა. წაახალისეთ უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია.
- თუ რომელიმე სიტუაციაში თავი ცუდად იგრძნო, გამოხატოს ეს სიტყვით: „არ მინდა!“, „შენი აზრი არ მაინტერესებს!“ „შენს თავს ზედმეტის უფლებას აძლევ!“ ან მოქმედებით: განერიდოს სიტუაციას, თუ საჭიროა, გაიქცეს და უფროსს სთხოვოს დახმარება. ხაზი გაუსვით, რომ ამით თავს არ დაიმცირებს;
- ურჩიეთ, თავი აარიდოს ისეთ სიტუაციებს, სადაც უფრო მოსალოდნელია ბულინგი: მოერიდოს მარტო სიარულს სკოლის გზაზე, დერეფნებში და საპირფარეშოში. ეცადოს, რომ გვერდით მუდამ მეგობარი ჰყავდეს ან იყოს დამრიგებლის ან სხვა უფროსის ახლომახლო;
- დაეხმარეთ, იპოვოს ის საქმიანობა, რაც თავისი ძლიერი მხარეებისა მეტად განვითარებაში დაეხმარება. მაგ., შეიყვანეთ ისეთ წრეზე, რაც თავდაჯერებას გაუძლიერებს, ფიზიკურად გაამაგრებს ან სულაც ახალ სამეგობრო წრეს შემატებს;
- თქვენს შვილთან შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა: მოუსმინეთ, აგრძნობინეთ სითბო, მიმღებლობა და მხარდაჭერა და იყავით ყურადღებით, რომ არ გამოგრჩეთ შესაძლო ბულინგის ნიშნები. რაც უფრო გამგები მშობელი იქნებით, ბავშვიც მეტი ალბათობით გაგიზიარებთ გულისნადებს;
- შეუქმენით სოციალური განვითარებისთვის საჭირო პირობები: იურთიერთოს თანატოლებთან სკოლის გარეთაც, დაპატიჟოს სტუმრად, ერთად წავიდნენ კინოში ან სხვა ღონისძიებებზე. ბავშვებს, რომლებსაც სანდო სამეგობრო წრე ჰყავთ, ნაკლებად ემუქრებათ ბულინგი და მასთან გამკლავებაც გაცილებით უადვილდებათ;
- წინასწარ გააფრთხილეთ, რომ კიბერბულინგის შემთხვევაში შეინახოს მიმოწერის ასლები, დაბლოკოს/დაარეპორტოს მჩაგვრელი და დახმარებისთვის უფროსს მიმართოს;
- დაარწმუნეთ, რომ თამამად შეუძლია მიმართოს მისთვის სანდო ადამიანს (მშობელს, მასწავლებელს, მეგობარს, ფსიქოლოგს) დახმარებისთვის. და რომ ეს „ჩაშვება“ არ არის!
- თუ არაფერმა იმუშავა, შეცვალეთ სკოლა, მაგრამ გააფრთხილეთ იქაური ფსიქოლოგიც, რომ ბავშვმა ქცევის ძველი ნიმუში არ გამოიყენოს და ახალ კოლექტივშიც მსხვერპლის პოზიციაში არ ჩადგეს.
ერთად შევაჩეროთ ბულინგი!
ხშირად ბავშვი, იქნება ის ბულერი თუ უბრალოდ ბულინგის მოწმე, ვერ იაზრებს თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბულინგს. სწორედ ამის კარგად გააზრებაში უნდა დავეხმაროთ მშობლები ბავშვებს:
- ჰკითხეთ ბავშვს: მისი აზრით რას განიცდის ის, ვისაც აბულინგებენ;
- ასწავლეთ განსხვავება მეგობრულ ხუმრობასა და ბოროტებას შორის. ხუმრობაა, თუ ყველა იცინის და არავის სწყინს, მაგრამ თუ გადადის დაცინვაში და ხშირ-ხშირად იმეორებენ, ეს უკვე ჩაგვრა და დამცირებაა;
- იფიქროს იმაზე, რომ ეკრანის მეორე მხარეს არის რეალური ადამიანი და რასაც დაწერს ონლაინ, მისთვის შეიძლება მეტად მტკივნეული იყოს, ვიდრე პირადად ნათქვამი. ამიტომ ბევრჯერ დაფიქრდეს სანამ რამე საწყენს დაწერს;
- შემთხვევების თითქმის ნახევარში მოწმის ჩარევა ბულინგს აჩერებს, ამიტომ თუ თქვენი შვილი ბულინგის მოწმეა, თამამად უთხრას მჩაგვრელს რომ გაჩერდეს, ასეთი ქცევა არ არის სწორი, ეს არ არის სასაცილო და სხვა. ბულინგთან შეწინააღმდეგებით ბავშვი თავის თავსაც ეხმარება, რომ ხვალ თავად არ აღმოჩნდეს მსხვერპლი;
- არც კიბერბულინგზე დახუჭოს თვალი. თამამად დაწეროს რამე მსხვერპლის დასაცავად და მომხრეები აუცილებლად გამოუჩნდებიან;
- თუ ფიქრობს რომ საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდება, აუცილებლად უთხრას უფროსს. ეს არ არის „ჩაშვება“!
ბულინგის სიძლიერის გასაღები სიჩუმეშია.